გაბრაზებული ლუკაშენკო და ზელენსკის ცინიკური წერილი

გაბრაზებული ლუკაშენკო და ზელენსკის ცინიკური წერილი

მას შემდეგ, რაც უკრაინის ვადაგასულმა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოზე გულის „მობრუნება“ გადაწყვიტა, ახლა ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ამოიჩემა. თან ისე კი არ ამოიჩემა, მასხრად რომ იგდებენ ხოლმე, არა, ქვეყნის დაბომბვით ემუქრება - უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო საავიაციო სისტემების ძალების მეთაური, რობერტ (მადიარ) ბროვდი გამოიყვანა და გამოაცხადებინა, უკრაინელმა სამხედროებმა ბელარუსის ტერიტორიაზე უკვე 500 სამიზნე განსაზღვრესო. თან არ დაგავიწყდეთ, ბროვდიმ ლუკაშენკოს მოუწოდა, თვალებში ნუ გვეჩხირებიო. ბელარუსის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 18 მაისს ქვეყანაში დაიწყო ბირთვული იარაღის საბრძოლო გამოყენების ქვედანაყოფების წვრთნები. წვრთნა რუს სამხედროებთან კოორდინაციით ტარდება. აი, ამან გადარია ზელენსკი, ეგრევე გადავიდა მუქარაზე, ამას უპრეცედენტო გამოწვევა უწოდა და საერთაშორისო პარტნიორებს მკაცრი პასუხისკენ მოუწოდა. თავის მხრივ ლუკაშენკო გადაირია, ჯერ ზელენსკი აიგდო მასხრად, მერე კი ასეთი განცხადება გააკეთა:
„მათ შესაძლოა, 500 სამიზნის იდენტიფიცირება შეძლეს – მადლობა ჩვენ, რომ მათთვის 500 სამიზნე გვაქვს, მაგრამ ჩვენ ერთი ძალიან სერიოზული სამიზნე გვაქვს, კონკრეტული კოორდინატებით და ბელარუსთან ძალიან ახლოს, ეს მათაც ესმით. ის 500 სამიზნეს ხედავს - ალბათ, თუ ბრმა არ არის, მეტსაც დაინახავს – მაგრამ მას უნდა ესმოდეს, რომ ჩვენც ვხედავთ, მეორე მხარეს, საზღვართან, ვინ დგას. ეს არის ხალხი, რომელიც ქუჩიდან აიყვანეს, ფაქტობრივად დაატყვევეს, საწყალი უკრაინელები, და ე. წ. ტერიტორიული თავდაცვის სამხედროები, რომლებიც გუშინ მუშები, მანქანების ოპერატორები და კოლექტივის ფერმერები იყვნენ. ესენი რანაირი მებრძოლები არიან? ისინი არიან საზარბაზნე ხორცი“.
თუ ვინმეს აწყობს, დავხუჭოთ თვალები, მაგრამ სად არის სიმართლე? ჩვენ ყოველდღე ვუყურებთ ვიდეოებს, სადაც ასახულია თუ როგორ იჭერენ ახალგაზრდებს ქუჩებში, ტენიან მანქანებში და მიჰყავთ საომრად. რამდენიმე დღის წინ ვნახე ერთი ვიდეო, შეაგდეს ერთი ბიჭი მანქანაში, მიჰყვა მას უკან დედა, კომბლით მისმა ნათესავმა ჩალეწა შუშები, გამოათრიეს და გააქციეს. ასეთმა „ჯარისკაცმა“ სად უნდა იომოს და რატომ უნდა იომოს? ტყუის ახლა ლუკაშენკო? ნამდვილად არ ტყუის. ბელარუსის პრეზიდენტი ამტკიცებს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების უდიდესი ნაწილი რუსეთთან ომში თითქმის სრულად არის ფიზიკურად განადგურებული. ლუკაშენკომ ყბედი უწოდა ზელენსკის და გააფრთხილა, თავი დაანებოს პროვოკაციებს, უკრაინას კიდევ ერთი ფრონტი არ სჭირდებაო.
როგორ ფიქრობთ, „ერთ ძალიან სერიოზულ სამიზნეში“ ლუკაშენკო რას გულისხმობს? რა თქმა უნდა, კიევს და სამთავრობო რეზიდენციას. 
ამ საქმეში კარგად ჩახედული ადამიანები პირდაპირ მიანიშნებენ, რომ ზელენსკი იწვევს ბელარუსში დისლოცირებულ მძლავრ რუსულ დაჯგუფებას, რომელიც მზად არის უკრაინაში შესაჭრელად, იგი საბაბს ეძებს კიევზე, ჟიტომირზე, ჩერნიგოვზე, ვოლინზე, როვნოზე და ლვოვზე ჩრდილოეთიდან შეტევისთვის. ლუკაშენკო ის კაცი არ არის, მასხარა ზელენსკიმ შეაშინოს და თავის მართლება დააწყებინოს.
ქართველი აკაცუკები კვლავაც „ფორმაში“ არიან, ისინი უკანასკნელი სიტყვებით წყევლიან ლუკაშენკოს და უწინასწარმეტყველებენ, რომ პუტინივით მასაც ბუნკერში ამოხდება სული. ეგ იქნება მაშინ, როცა უკრაინული ჯარები შევლენ მინსკში. გაფარჩაკებული „ტვ მთავარი“, რომლისგანაც მხოლოდ ქარდების მკეთებელი საიტიღა დარჩა, ყოველდღე ავრცელებს ინფორმაციას, რომ უკრაინელი სამხედროები ყოველდღე კლავენ 1500-1700 რუს ჯარისკაცს. ეს გრძელდება უკვე თვეების განმავლობაში და წესით, რუსებს თითებზე ჩამოსათვლელი ჯარისკაცებიღა უნდა ჰყავდეთ დარჩენილი. ჯარისკაცებს თავი დავანებოთ, როგორც დავით აქუბარდიას პირადი ანალიტიკოსი, პოლკოვნიკი აკია ბარბაქაძე ამტკიცებს, რუსებს სულ 1200 ტანკი ჰქონდათ და 1500 უკვე უკრაინელებმა გაუნადგურეს. 
გასულ კვირას დიდი ამბები ატყდა საყველიეში კი არა, უკრაინაში - ზელენსკიმ, რომელიც ლუკაშენკოს ემუქრებოდა, ვლადიმირ პუტინს მიმართა, ომი დავამთავროთ, უკვე დროაო. აეგრე, რაააა, დაიწყეს, ორი მილიონი ადამიანი გაწყვიტეს, 45-მილიონიანი ქვეყანა 15 მილიონამდე დაიყვანეს, მილიონზე მეტი დაასახიჩრეს და ახლა იძახის, დავამთავროთო. კი, მაგრამ პასუხს ვინ აგებს? რა მიიღეს ამ ომით უკრაინელებმა, გარდა ვაებისა და უბედურებისა? ვისთვის და რისთვის გაწირეს თავი? 
წერილს ვერ შემოგთავაზებთ, ძალიან ვრცელია. ექსპერტებმა ზელენსკის „ნამუშევარი“ ერთი მხრივ მუქარად შეაფასეს, მეორე მხრივ - ცინიზმად. ერთიც დასაშვებია და მეორეც - ეს არის მუქარაც და ცინიზმიც. როგორც ზემოთ გითხარით, ვადაგასულ მასხარას სურს, ომი დაასრულოს, უფრო სწორად, პუტინმა დაასრულოს და უკრაინაზე ხელებიც დაიბანოს. იცის ზელენსკიმ, რომ პუტინი არც ხელებს დაიბანს და არც ოკუპირებულ ტერიტორიებს დათმობს. ეგებ ეს უნდა ვადაგასულ ზელენსკისაც? თუ ომი დასრულდება, უკრაინაში არჩევნები უნდა ჩატარდეს. მერე? რას იზამს ეს ავანტიურისტი? ხელახლა მოჯდება პრეზიდენტად? არა, მას 1%-იანი შანსიც არ აქვს, მოვა სხვა ხელისუფლება და მას აუცილებლად გაასამართლებს. თუ პუტინი ომს განაგრძობს, მისი საპრეზიდენტო ვადაც გაგრძელდება და შემდეგ კი ან ვირი, ან ვირის პატრონი. 
სხვათა შორის, 4 ივნისს პუტინი კრემლში უცხოელ ჟურნალისტებს შეხვდა და მან ისეთი სურათი დახატა, ზელენსკის ნამდვილად არ უნდა ჰქონდეს ოდნავი წარმატების იმედიც კი, მით უფრო, არ უნდა იყოს ცინიკოსობის ხასიათზე. ვნახოთ, რით უპასუხებს პუტინი - ბომბით თუ წერილით? - ალბათ, ბომბით.

გელა ზედელაშვილი