არც ბედნიერებას და არც მწუხარებას საზღვარი არ აქვს...
1979 წლის დეკემბერია. სტუმრად მოსულმა ეთერი დეიდამ, რომელიც ჩემს მშობლებთან მეგობრობდა და საპატრიარქოში დეკორატორად მუშაობდა, დედას უთხრა, ჩვენთან რუსულენოვანი მბეჭდავი-მემანქანე სჭირდებათო. უკვე ვუთხარი ბელაზე, რომ რუსულის მცოდნე მეზობელი გოგონა მყავს, რომელიც კარგად ბეჭდავს-მეთქი და რას იტყვითო. შევთანხმდით და მეორე დილით ერთად წავედით საპატრიარქოში, სიონის ქუჩაზე რომ მდებარეობდა.
საპატრიარქოს კანცელარიაში, რომელსაც მხოლოდ ერთი ოთახში ეკავა, დამხვდნენ გრიგოლ მშვიდობაძე, ასაკოვანი, წარმოსადეგი მამაკაცი, პატრიარქის მდივანი (რომელსაც ყველა გრიგოლ ივანიჩს ეძახდა) და ორი თამარა დეიდა _ ბუღალტერი და მოლარე.
გრიგოლ ივანიჩმა მოკლე გასაუბრების შემდეგ მითხრა, რომ ჩემ მიღებაზე გადაწყვეტილებას ის ვერ მიიღებდა. ცოტა ხნის შემდეგ მანიშნა, გამომყევიო, ოთახიდან გავიდა და შენობის უკანა შესასვლელისკენ გამიძღვა. დავინახე შავი სამოსელით შემოსილი მამაკაცი, რომელიც კიბეზე ადიოდა. გრიგოლ ივანიჩმა მიმართა, უწმიდესო, ამ გოგონას ჩვენთან უნდა მუშაობის დაწყება რუსულენოვან მბეჭდავადო. მამაკაცი კიბეზე ჩამოვიდა, მომიახლოვდა, თავზე ხელი დამადო და სახელი მკითხა. მერე გრიგოლ ივანიჩს მიუბრუნდა:
_ იმ ქალბატონს, მოსული რომ იყო, უარი უთხარით, ბოდიში მოუხადეთ და ეს ნაწნავიანი გოგონა მივიღოთ.
მე უხერხულობისგან არ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი, მიმიხვდა, კიდევ ერთხელ გადამისვა თავზე ხელი და კიბეს აუყვა. ასე გავიცანი ჩვენი პატრიარქი.
უწმიდესის ადამიანთმოყვარეობაზე და მის აუწონავ ღვაწლზე არაფერს ვიტყვი, ეს ხომ საყოველთაოდ ცნობილია. მე მხოლოდ იმაზე გიამბობთ, როგორ პატივს სცემდა ადამიანებს, მათ საქმიანობას, შრომას, რაც უნდა ეკეთებინათ. ჩემთან გადასაბეჭდად მოტანილი მისი ტექსტები ისე იყო დაწერილი, ერთ გადასწორებულ ასოს ვერ იპოვიდით. წერდა შავმელნიანი კალმისტრით, ხოლო, თუ რაიმე შეეშლებოდა, ქაღალდზე იმ ადგილს მაკრატლით აკურატულად მოაჭრიდა, სხვა ფურცელს მიაწებებდა და ისე დაკეცავდა, რომ ყველა ფურცელი თანაბარი სიგრძის ყოფილიყო. თუ პირადად გადმოცემდა თავის ნაწერს, დააყოლებდა ხოლმე: “ბელა, თუ რამე ისე არ იყოს, როგორც საჭიროა, გაასწორე”. მე რა უნდა გამესწორებინა ადამიანისთვის, რომელმაც რუსული ენა უზადოდ იცოდა, მაგრამ ამ ნათქვამით მე თავდაჯერებულობას მმატებდა.
უწმიდესის კაბინეტშიც ვმჯდარვარ და მისი კალმისტრითაც მიწერია. მიწევდა ქართული ტექსტების ბეჭდვაც. სულ უკვირდა, ორივე ენაზე ბეჭდვას როგორ ახერხებო.
უწმიდესის ლოცვა-კურთხევით, როცა საქართველოს ეკლესიია ავტოკეფალიის აღდგენისთვის საჭირო დოკუმენტების მომზადება დაიწყო, ტექსტების ის ნაწილი, რომელიც ქალბატონმა ბაბილინა ლომინაძემ მოამზადა, რუსულ ენაზე მე ვთარგმნე. ძალიან ბედნიერი ვიყავი, პატრიარქი რომ მენდო და ასეთი საპასუხისმგებლო საქმე მომანდო.
არასდროს ავიწყდებოდა მადლობის თქმა და შექება შესრულებული სამუშაოს გამო.
80-იანი წლების დასაწყისში საქართველოს საპატრიარქოს აქტიური ურთიერთობა ჰქონდა სოციალისტური ბანაკის ქვეყნების საპატრიარქოებთან, რომლებთანაც მიმოწერა რუსულ ენაზე ხორციელდებოდა. რუსეთისა და საზღვარგარეთის რუსულენოვან პერიოდულ გამოცემებში პატრიარქის პუბლიკაციები იბეჭდებოდა და თუ დასვენების დღეებში დავჭირდებოდი, თავის მანქანას მიგზავნიდა ხოლმე...
იყო ძალიან გულისხმიერი და ყურადღებიანი. ყოველთვის პოულობდა დროს თანამშრომლებთან გასაუბრებისთვის, აინტერესებდა ყველას ამბავი, ვის რა უჭირდა, რა ახარებდა...
ერთხანს საპატრიარქოს ფინანსური პრობლემები ჰქონდა. უწმიდესმა ხელფასზე უარი თქვა, თანამშრომლებს კი ხელფასებიც შეგვინარჩუნა და პრემიებიც, რომლებსაც წელიწადში ორჯერ _ საშობაოდ და სააღდგომოდ ვიღებდით.
უწმიდესის მზრუნველობის კიდევ ერთი მაგალითი. მე და ჩემმა მეგობარმა, რომელიც საპატრიარქოში ჩემთან ერთად მუშაობდა, ზამთარში ფასანაურში დასვენება გადავწყვიტეთ. გასამგზავრებლად ლოცვა-კურთხევა უწმიდესისგან ავიღეთ და ადგილზე რომ ჩავედით, ისე მიგვიღეს და ისე გვპატრონობდნენ, როგორც ოჯახის წევრებს. აღმოჩნდა, რომ ჩვენს ჩასვლამდე უწმიდესს ჩვენს უსაფრთხოებაზე ეზრუნა.
და კიდევ. რაიმე საეკლესიო ან საერო მნიშვნელოვან თარიღებთან ან საპატრიარქოში მაღალი რანგის სტუმრების ჩამოსვლასთან დაკავშირებით, რესტორან “არაგვში” იმართებოდა ბანკეტები, რომელსაც ქართველი ინტელიგენციის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. უწმიდესის ლოცვა-კურთხევით, საპატრიარქოს თანამშრომლებს, როგორც სტუმრებს, მოსაწვევებით გვიწვევდნენ საზეიმო ვახშამზე.
ძალიან დახვეწილი “გაბრაზება” იცოდა, ისეთი, რომ ვერ მიხვდებოდი, უბრალოდ, საყვედური გითხრა, თუ სერიოზულად “გეჩხუბა”.
1982 წელს საქართველოს პატრიარქი, როგორც მსოფლიო ეკლესიათა საბჭოს პრეზიდენტი, დელეგაციასთან ერთად მიწვეული იყო ჟენევაში, სადაც მათ მასპინძლობას უწევდა მსოფლიო პატრიარქის წარმომადგენელი შვეიცარიაში, ტრანუპოლისის მიტროპოლიტი დამასკინოსი.
საზღვარგარეთიდან დაბრუნების შემდეგ რამდენიმე დღე გავიდა. უწმიდესი შეხვედრაზე იწვევს იმ ადამიანს (გვარს არ დავასახელებ), რომელიც უცხოეთთან ურთიერთობაზე აგებდა პასუხს და ეკითხება, მადლობის წერილი თუ გაგზავნეთო.
_ ვაიმე, უწმიდესო, დამავიწყდა! _ პასუხობს დაბნეული თანამშრომელი და უხერხულად იშმუშნება.
_ ჩაის თუ სვამთ? _ ეკითხება პატრიარქი.
_ დიახ, _ არის პასუხი.
_ შაქარს რამდენ კოვზს იყრით ხოლმე? _ კითხულობს უწმიდესი.
_ ერთ კოვზს.
_ ამის შემდეგ სამი კოვზი ჩაიყარეთ და აღარაფერი დაგავიწყდებათ, _ დაარიგა პატრიარქმა.
ეს იყო უწმიდესის “მკაცრი გაფრთხილება პირად საქმეში შეტანით”.
პატრიარქს მოჭარბებულად ჰქონდა იუმორის გრძნობა.
80-იანების დასაწყისში საპატრიარქოში რამდენიმე განყოფილება იყო. საგამომცემლო განყოფილების სხდომა მიმდინარეობს. მეუფეები რაღაც მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ, განყოფილების ხელმძღვანელს კი სავარძელში სძინავს. უწმიდესი ოთახში შედის, ყველა წამოიშალა, “უფროსი” როდის-როდის გამოფხიზლდა და ისიც შეეგება პატრიარქს. უწმიდესი იღიმება და მეუფეს ეუბნება:
_ კი, მაგრამ მეუფეო, ასეთ საინტერესოზე რაზე საუბრობდნენ, ასე ტკბილად რომ ჩაგეძინათ?
უწმიდესი ძალიან დაკვირვებული იყო, ყველაფერს ამჩნევდა. ერთხელ საპატრიარქოს ბაღში გამოსული კანცელარიის ოთახშიც შემოვიდა. მაშინ მოდაში იყო დაღესტნური ვერცხლის სამკაულები. მე ყვავილის ფორმის სერდოლიკიანი დიდი საყურეები მიკეთია.
_ ბელა, ეგ საყურეები მძიმე არ არის, ყურებს არ გტკენს? _ მეკითხება უწმიდესი.
_ არა, უწმიდესო, არ მტკენს... _ ვპასუხობ.
_ თუ ყურებს არ გტკენს, ატარე, ძალიან გიხდება, _ მითხრა, მომეფერა და ოთახიდან გავიდა...
1982 წლის 2 აგვისტოა. ილიაობა. უწმიდესის ანგელოზის დღე. დილით ადრე მცხეთაში, სვეტიცხოველში წირვა უნდა ჩაატაროს. ძალიან უყვარს ვარდები. მე დილაუთენია გავრბივარ ბაზარში და ულამაზესი ვარდისფერი ვარდების თაიგულს ვყიდულობ. მონაზვნები უფლებას მაძლევენ, მეორე სართულზე ავიდე, სადაც უწმიდესის აპარტამენტებია.
უწმიდესი აბაზანიდან გამოდის, თეთრი ატლასის კაბა აცვია, მხარზე თეთრი პირსახოცი აქვს გადაკიდებული, ჭაღარაშერეულ წვერში წყლის წვეთები მარგალიტებივით უბრწყინავს, ფანჯრიდან მზის სხივები ისე ეცემა მას, გეგონება, შენ წინაშე ადამიანი კი არა, ღმერთი დგას. მე მუხლებზე ვეცემი, ყვავილებს ვუწვდი და ლოცვა-კურთხევას ვთხოვ. უწმიდესი თავისი საოცარი ღიმილით მიღიმის. მაკურთხებს. მე კი ბედნიერებით ვარ აღსავსე...
მადლობა, ღმერთო, ამ ბედნიერებისთვის!
...ახლა კი, ახლა კი... მწუხარებით ვარ აღსავსე...
ბედნიერებას, მწუხარებას და ტკივილს საზღვარი არ აქვს...
ბელა გველესიანი

