არასამთავრობოების კიდევ ერთი შავი დღე, ანუ „სამი გოჭის“ ხუხულა

არასამთავრობოების კიდევ ერთი შავი დღე, ანუ „სამი გოჭის“ ხუხულა

28 იანვარს კიდევ ერთი შავი დღე გათენდა უსამშობლო „ენჯეოშნიკებისთვის“, საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ საკანონმდებლო ცვლილებები წარმოგვიდგინა. მისი თქმით, გასული 5 წლის განმავლობაში, ჩვენს ქვეყანაში განხორციელდა ხელისუფლების დამხობის რამდენიმე მცდელობა. რევოლუციურ პროცესებში აქტიურად იყვნენ ჩართული როგორც ადგილობრივი რადიკალური ოპოზიცია, ისე უცხოეთიდან დაფინანსებული ე. წ. ენჯეოები. საბედნიეროდ, სახელმწიფომ რევოლუციის ყველა მცდელობა წარმატებით აღკვეთა, რაშიც უმნიშვნელოვანესი წვლილი საკანონმდებლო ცვლილებებმა, მათ შორის, გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობამ შეიტანა.
დიახ, რა თქმა უნდა, ვეთანხმები ირაკლი კირცხალიას, რომ არა გამჭვირვალობის კანონი, აქ დიდი ფული ჩაიდებოდა და რევოლუცია თუ ვერა, რაღაც ისეთი მოხდებოდა, რაც ძალიან მძიმე შედეგებით დასრულდებოდა. გამჭვირვალობის კანონი ჩვენმა დაუძინებელმა მეგობრებმა დაგვიწუნეს, არაერთი სულელური რეზოლუცია მიიღეს, არაერთხელ გაგვკიცხეს, დაგვამუნათეს, გამოგვლანძღეს კიდევაც, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ უკან არაფერი წაიღო და კარგადაც მოიქცა. თუმცა, მაინც ჩანდა და ამას მმართველ გუნდშიც მიხვდნენ, რომ ეს საკმარისი არ იყო, კიდევ რაღაც ცვლილებები უნდა შეეტანათ შესაბამის კანონმდებლობაში, რომ გაქსუებული „ენჯეოშნიკები“ საბოლოოდ ალაგმულიყვნენ. ჰოდა, ეს დღეც დადგა, ხელისუფლებამ კიდევ რამდენიმე შავი ხვრელი ამოქოლა. მოდით, ვნახოთ, რას ამბობს ირაკლი კირცხალია კონკრეტულად ამის თაობაზე:  
ალბათ, გახსოვთ, რა დღეში იყვნენ „ენჯეოშნიკები“ და მათი მიმდევრები, გრანტებზე ჩამოკიდებული ე. წ. ჯენზები. ისე, ამდენი მოსყიდული თუ ჰყავდათ უცხოეთის სპეცსამსახურებს, არც კი გვეგონა. აბა, როდისმე წარმოიდგენდით რომ, მაგალითად, თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი ტაივანიდან დაფინანსდებოდა და საქართველოში ანტიჩინურ კამპანიას გააჩაღებდა? ეს ქალი თავდაცვის მინისტრი რანაირად გახდა, ეს კიდევ ცალკე კვლევის საგანია, მაგრამ ტაივანის აგენტი, კაცო? ისე, ვინ ვისი აგენტი და ხელის ბიჭია, ამის თაობაზე, ალბათ, ხელისუფლებაში უკეთესად იციან და ამიტომაც იღებენ შესაბამის კანონებს, მაგრამ, ვინაიდან საქართველო პატარა ქვეყანაა, მოსახლეობაც ხვდება რაღაც-რაღაცებს. გასაგებია, მავანთა კარნახით შეცდომები დავუშვით, ალბათ, სხვანაირად არ გამოვიდოდა, ახლა კი ეს შეცდომები სწორდება. რას გვთავაზობს ამჯერად მმართველი გუნდი? როგორ აპირებს „ენჯეოშნიკთა“ მარწუხებისგან საქართველოს გამოხსნას საბოლოოდ? საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის თანახმად, ცვლილება შედის „გრანტების შესახებ“ კანონში, კერძოდ:
ცოტა რთული გასაგება იურიდიული ტერმინებით გადატვირთული წინადადებები, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია, ორიოდ სიტყვით განვმარტოთ: ამიერიდან გრანტად მიიჩნევა თანხა, რომელიც ერთი პირისგან გადაეცემა მეორე პირს და იგი ამ თანხას იყენებს ხელისუფლების წინააღმდეგ, ანუ მავნებლობს. ამავე დროს, განისაზღვრება, რომ ამგვარმა იურიდიულმა პირმა გრანტი მხოლოდ საქართველოს მთავრობის წინასწარი თანხმობის შემდეგ შეიძლება მიიღოს. მაგალითად, საზღვარგარეთ რეგისტრირებულ ორგანიზაციას, რომელიც საქმიანობას არსებითად საქართველოში ახორციელებს, მოუწევს დაფინანსების მისაღებად მიმართოს საქართველოს მთავრობას. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას სისხლის სამართლის წესით დაეკისრება პასუხისმგებლობა. მაგალითად, თუ უცხოური ძალა ფულის სანაცვლოდ საქართველოში ექსპერტებს დაიქირავებს, ეს ფული გრანტად ჩაითვლება და ამ გრანტის გაცემას საქართველოს მთავრობის წინასწარი თანხმობა დასჭირდება.
ამავე დროს, ცვლილებები შედის სისხლის სამართლის კოდექსში: კანონით დაგდენილი წესების დარღვევა გამოიწვევს ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას 300-დან 500 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას 6 წლამდე. სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლს ემატება დამამძიმებელი გარემოება, კერძოდ, ფულის გათეთრება პოლიტიკური აქტივობებით - ეს ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე. 
როგორც მოსალოდნელი იყო, ე. წ. ოპოზიციონრებმა და და მათთან გათანაბრებულმა „ენჯეოშნიკებმა“ ეგრევე დაიწყეს მოსახლეობის ინფორმირება თავიანთებურად. მაგალითად, სტაჟიანმა გიორგი მშვენიერაძემ საკანონმდებლო ცვლილებები ასე ახსნა (სტილი დაცულია):
„ვთქვათ, თქვენმა ოჯახის წევრმა, რომელიც საზღვარგარეთ ცხოვრობს (და ასეთი ყოველი მეოთხე ქართველია), გამოგიგზავნათ 100 დოლარი. ვინაიდან ეს თანხა შესაძლოა თქვენ მიერ იქნეს გამოყენებული (ანუ არა ის, რომ უკვე მოხმარდა, არამედ ის, რომ შეიძლება მოხმარდეს) ევროპის დროშის შეძენასა და საკუთარი ფანჯრიდან გადმოფენას, როგორც სახელმწიფოთა გაერთიანების სიმბოლოსი - სადაც ხედავთ საკუთარი ხალხის მომავალს – შესაძლოა, ამის გამო 6 წლამდე პატიმრობა დაგემუქროთ.
უფრო მეტიც, თუ თქვენ პროგრამისტი ხართ და ხელფასს რომელიმე საერთაშორისო კორპორაცია გიხდით (მაგალითად, Gოოგლე), ხოლო პარალელურად იბრძვით საქართველოში მიუსაფარი ცხოველების მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის შესაცვლელად, შეიძლება დამნაშავედ გამოგაცხადონ და კვლავ 6 წლამდე პატიმრობა დაგემუქროთ.
თუ თქვენ სწავლისთვის გრანტს მოიპოვებთ რომელიმე დასავლურ უნივერსიტეტში (სწავლის ან კვლევის თანადაფინანსებას) და ამავდროულად Fაცებოოკ-ზე საქართველოს ხელისუფლების კრიტიკას გააგრძელებთ – სწორად გამოიცანით – თქვენც 6 წლამდე პატიმრობა გელით.
თუ თქვენ ფეხბურთელი ხართ და ხელფასს რომელიმე ევროპული საფეხბურთო კლუბი გიხდით, მაგრამ Iნსტაგრამ-ზე გააზიარებთ სტორის, სადაც ნაცემ ათასობით აქტივისტს სოლიდარობას გამოუცხადებთ, აქაც იგივე შედეგია შესაძლებელი – 6 წლამდე პატიმრობა.
თუ თქვენ ექიმი ხართ და „წითელ ჯვარში“ მუშაობთ ან წარსულში გიმუშავიათ, შესაძლოა 8 წლის ვადით პოლიტიკური პარტიის წევრობა აგეკრძალოთ“.
როგორც ხედავთ, ეს იმ „პლასტინკიდანაა“, ამერიკული კანონი რუსული რომ იყო და ემიგრანტებს „შთააგონებდნენ“, ამიერიდან საკუთარ ოჯახებს ფულს თუ გამოუგზავნით, დეკლარაციების შევსება მოგიწევთ და თანაც დაჯარიმდებითო. მერე რა, რომ ემიგრანტებს სისულელეებს „შთააგონებდნენ“? ბევრმა დაიჯერა, ბევრმა ლანძღა და თათხა ეს ხელისუფლება. ნახეთ, რას ქადაგებს მშვენიერაძე, თუ გამოგზავნილი ფულით ევროკავშირის დროშას დროშას იყიდით და ფანჯარაში გადმოფენთ, ან დაგაჯარიმებენ, ან დაგიჭერენო. პროვოკატორია ეს წარმონაქმნი. ყველა ე. წ. მუხლი, რაც მან ჩამოთვალა, არის პროვოკაცია და დიდი სისულელე. თუ ფეხბურთელი ხარ და უცხოურ გუნდში თამაშობ, ხელფასი გრანტში გეთვლებაო, რამე ისეთს თუ დაწერ, 6 წლამდე ციხე გემუქრებაო. მშვენიერაძე მარტო არ არის, ამ თემაზეც ბევრმა წამოყო თავი და დაიწყო უაზრო ლაქლაქი. 
ასევე, დასჯადი ხდება გარე ლობიზმი. თუ პირს, რომელიც შრომითი ხელშეკრულებით არის დასაქმებული ორგანიზაციაში, რომლის შემოსავლის 20%-ზე მეტი მიღებულია უცხოური ძალისგან, ეკრძალება პოლიტიკური პარტიის წევრობა 8 წლის განმავლობაში. პოლიტიკური პარტიის წევრის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგს განახორციელებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური. უცხოური დაფინანსების მიღების შემთხვევაში, განისაზღვრება პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელი პირისა და პოლიტიკური მიზნის მქონე სუბიექტის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა.
ცვლილება შედის ასევე იმ მეწარმეებთან დაკავშირებით, რომლებსაც პოლიტიკური მიზნები აქვთ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დგინდება ახალი სამართალდარღვევა მეწარმე სუბიექტის მიერ ისეთი საჯარო პოლიტიკური აქტივობის განხორციელებისთვის, რომელიც არ არის დაკავშირებული მის ძირითად სამეწარმეო საქმიანობასთან. 
ამ სამართალდარღვევის შემთხვევაში სახელმწიფო აუდიტის სამსახური მეწარმე სუბიექტს დააჯარიმებს 20 ათასი ლარით, ხოლო განმეორებით შემთხვევაში - 40 ათასი ლარით.
რამე არის გაუგებარი? არ შეიძლება, შენ თან პოლიტიკაში შენს მიზნებს ახორციელებდე, თან უცხოეთიდან დაფინანსებასაც იღებდე და თან სამეწარმეო საქმიანობასაც ეწეოდე. უცხოეთიდან ისე არავინ არაფერს მოგცემს, თუ ვინმეს ინტერესი არ გაატარე, ეს არის ორჯერ ორი ოთხი. ჩვენი დაუძინებელი „მეგობრები“ რომ აქ ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ ფულს ხარჯავენ, ეგ არაკი უკვე წარსულს ჩაბარდა, მაგათი მოსატყუებელი კბილები საბოლოოდ 2012-ში მოვიცვალეთ. 
საქართველოში არის ერთი ქალი, რომელსაც არც ადრე ჰქონდა საქმე, მაგრამ ახლა მთლად უსაქმოდ არის დარჩენილი და მომენტს არ უშვებს, თავისი ჩიქორთული აზრი არ გამოთქვას. ალბათ, მიხვდით, ეს გახლავთ სალომე ზურაბიშვილი _ ხელისუფლება ცდილობს, საქართველო რუსულ მოდელისკენ მიათრიოსო. ამისთვის საქართველო ის ჩვარია, რომელსაც ხან რუსულ მოდელისკენ მიათრევენ, ხან ჩინურისკენ, ხან კიდევ ირანულისკენ. თქვენი არ ვიცი და... მე სულ მიკვირს, ეს ქალი რანაირად იყო დიპლომატიურ სამსახურში? ამ ქალს საერთოდ უმაღლესი განათლება აქვს? თუ აქვს, რანაირად დაამთავრა? სხვათა შორის, როცა მიშა სააკაშვილმა ჩამოიყვანა და საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნა, ამან ისეთები ჩაიდინა, ეგრევე მიხვდა, რომ მიჰქარა და გამოაბუნძულა. ასეთი აზროვნების ადამიანი რომ პირველ დიპლომატად გეყოლება, აბა რას იზამ?!
ე. წ. ადგილობრივ ოპოზიციონრებზე აღარ შევჩერდები, ყველა აყეფდა, რომ ეს არის რუსული, ეს არის მორიგი რეპრესიები, ბიძინა ივანიშვილის სადამსჯელო ოპერაცია და ასე შემდეგ. ბოლოს იმაზე მოგახსენებთ, როგორ აღშფოთდა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი კაია კალასი. ის ამბობს, საქართველოს ხელისუფლებამ რა კანონიც უნდა მიიღოს, ჩვენ მაინც განვაგრძობთ სამოქალაქო სექტორის დაფინანსებას სხვადასხვა ხერხებითო. აბა, რაააა, რამე უნდა მოიფიქრონ, ფაქტობრივად, „ატკატების“ გარეშე რჩებიან ჩვენი მხრიდან. ამას როდისმე წარმოიდგენდით, რომ ევროკავშირი წინ ასე ტოტალურად აღუდგებოდა გამჭვირვალობას და პატიოსნებას? როგორც ჩანს, ესენი ადრეც ასეთები იყვნენ, თორემ დავიჯერო, მხოლოდ ამ საუკუნეში გაფუჭდნენ? არა მგონია. 
სტატიის დასრულებას ვაპირებდი, როცა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სკანდალური დოკუმენტები გამოიტანა ტელევიზია „იმედის“ ეთერში. ეს გახლავთ ფაქტები იმაზე, თუ რა მოიმოქმედეს ფულიანმა ენჯეოებმა, ანუ გიგაურებმა, ლომჯარიებმა და სხვებმა გამჭვირვალობის კანონის მიღების შემდეგ _ მათი ევროპიელი „მეგობრების“ რეკომენდაციით, წავიდნენ და ესტონეთში, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში, ერთ დანჯღრეულ შენობაში გაურკვეველ მისამართზე დარეგისტრირდნენ. 
შალვა პაპუაშვილმა იმ „შენობას“, სადაც ჩვენი „ენჯეოშნიკები“ დარეგისტრირდნენ, „სამი გოჭის“ ხუხულა უწოდა. ხედავთ, რამხელა ავანტიურაზე მიდიან უცხოეთიდან მართული და იმავე უცხოეთიდან წაქეზებული შარლატანები? ამოეკვეთათ რა საქართველოში მავნებლური საქმიანობისთვის ფეხი, ეგრევე გაცვივდნენ ე. წ. ევროპიულ ქვეყანაში და იქ დარეგისტრირდნენ. ახლა ხომ ხვდებით, რატომ არის ზემოთ ხსენებული საკანონმდებლო ცვლილებები სასწრაფო წესით მისაღები და დასამტკიცებელი. 

გელა ზედელაშვილი