ქართულ მიწას გადამთიელებზე ნუ გაყიდით!

ქართულ მიწას გადამთიელებზე ნუ გაყიდით!

ქართული მიწა გაპოხილია მის დასაცავად თავგანწირული ქართველების სისხლით...

მშობლიურო ჩემო მიწავ,
შენს საყვარელ სახელს ვფიცავ 
გიცავდი და გიცავ მარად, 
გიცავდი და კვლავ დაგიცავ!

მას შემდეგ, რაც ევროპისკენ გადავაწყვეთ მზერა, მახსოვს, თავდაპირველად ე. წ. თურქ-მესხების საქართველოში ჩამოსახლებაზე დაიწყო საუბარი, შემდეგ – ბურებზე, მაგრამ უცბად ჩინელები მომრავლდნენ. გამოხდა მცირე ხანი და ფერადკანიანების მცირე გუნდი გამოჩნდა, დღეს რომ უკვე მშვენივრად მეტყველებენ, მღერიან და ცეკვავენ ჩვენებურად და შერეული ოჯახებიც გაჩნდა. ნელ-ნელა სახედაბურული ქალებიც შემოგვეჩვივნენ და თვალშისაცემად მოყაყანე უცხოტომელი ახალგაზრდებიც. ბოლოს კი ისე იმატა სტუმრიანობამ, რომ ლამის უკვე სახლიკაცებად შეგვეყარონ.
ძალიან მინდა დავიჯერო, რომ სიცრუეა ქართლში არაბული, კახეთში კი ინდური სოფლები; რომ ავღანელებს არ აქვთ უძრავი ქონება ბათუმისა და თბილისის ცალკეული უბნები „ოკუპირებული“ არ აქვთ მეტ-ნაკლებად თავგასულ უცხოტომელებს, მაგრამ, როცა დამტკიცებული ფაქტები სახელდება და საკუთარი თვალითაც ვხედავ, როგორ არ დავიჯერო?
ამასთანავე, ამ ფონზე ძალზე დიდ კითხვის ნიშანს ბადებს იმ ფერეიდნელი ქართველებისთვის საქართველოში შემოსასვლელი კარის ჩარაზვა, რომლებიც ცისარტყელის ქვეშ გაძვრომას ლამობენ, რომ 400 წლის ნატვრა აუსრულდეთ და სამშობლოში დაბრუნდნენ. იმ ფერეიდნელებისთვის, 400 წლის განმავლობაში რომ ქართველს ქართველი არ მოუკლავს და დღემდე ისე წმინდად შეინახეს ქართული ენა, რომ ჩვენ აღარ ვმეტყვლებთ ისე ძირქართულად...
კადრები ვრცელდება, სადაც სხვა რელიგიის წარმომადგენლები ჯგუფურად ლოცულობენ საქართველოში ქუჩებსა და პატარა სტადიონებზე. ილოცონ, კი ბატონო, მაგრამ ამისთვის მრავლად არის მათი სალოცავი სახლები...
საქართველოში, აზიისა და ევროპის გზაგასაყარის დედაქალაქის, თბილისის გულში საუკუნეებია, ერთმანეთის გვერდით დგანან, ან ერთმანეთს უმზერენ სიონი და სინაგოგა, მეჩეთი და ანჩისხატი. მსოფლიოში რელიგიურად ყველაზე შემწყნარებელი და ბრძენი ერი რომ საფრთხის შემცველ კონტურებს დაინახავს, ის მრავალათასწლოვანი ერი შეუძლებელია, ცდებოდეს... 
ვრცელდება ცალკეულ უცხოტომელთა აგრესიის კადრები ქართველების მიმართ. ამ ყველაფერს დროზე თუ არ მიეხედა, სერიოზული სისხლისღვრა მოჰყვება ამ განუკითხაობას... საქართველოს გზებზე აღმართული ჯვრები ულახავდა ტრაილერის თურქ მძღოლებს თურმე რელიგიურ გრძნობებს და ჩვენ არაფერი გველახება 100 000 მოწამის ქვეყანას? 
გაზეთის ფურცელი სრულად ვერ დახატავს იმას, რაც რეალობაა და ქუჩაშია ხილულ ნაღმებად... 
რა ხდება, ეს ჩვენგან ყველაფრით განსხვავებული ხალხი სამუდამოდ ვიჩუქეთ? 
ხალხის მიერ არჩეული საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია, ანგარიში ჩააბაროს ხალხს!
ვერასოდეს გავუგებ იმ კატეგორიას, რომელიც ამბობს, ქართველებიც არიან უცხოეთში და ისინი რომ გამოყარონ, კარგი იქნებაო? კი, თუ თავს გაუვიდათ და უზნეოდ იქცევიან, უნდა გამოყარონ!..
ახლახან გადავაწყდი ინფორმაციას და ცოტა მომეშვა გულზე, მაგრამ სანამ ხელისუფლების წარმომადგენელი არ იტყვის იმას, რაც ხალხმა უნდა იცოდეს, დიდი ვერაფერი შეღავათია.
ინფორმაციაში მიგრანტების შესახებ მითითებულია, რომ მონაცემები მაღალი სიზუსტითა არის, ანუ მცირედი პლუს-მინუსია. დღეს საქართველოში 92 000 უცხოელი ცხოვრობს. აქედან 23 000-ს არ აქვს ბინადრობის მოწმობა, დარღვეული აქვს სავიზო რეჟიმი და ექვემდებარება დეპორტაციას. 92 000-იდან:
37 100 უცხოელი სტუდენტია, მათგან ნახევარზე მეტი ინდოელია;
12 000 _ უკრაინელი დევნილი;
10 000 _ რუსი;
5 000 _ თურქი;
4 000 _ ჩინელი;
3 500 _ ირანელი.
დანარჩენი _ სხვადასხვა ეროვნების, ძირითადად, შუა აზიიდან და ახლო აღმოსავლეთიდან.
37 000 სტუდენტის გარდა, ოფიციალურად მუშაობს 16 000 უცხოელი: 5 000 თურქი _ მშენებლობებზე 4 000, როგორც მშენებელ-ინჟინერი, 1000 თურქულ ბანკებში, ოფისებში, კაფე-ბარებსა და მაღაზიებში.
4 000 ჩინელი _ ყველა მუშაობს ავტობანებზე და რკინიგზაზე.
3 500 ირანელიდან დასაქმებულია ვაჭრობაში, 500 _ მოსახურების სფეროში (ტურისტული, სამაკლერო, კაფე-ბარები).
10 000 რუსიდან, რომლებიც 2022 წელს ჩამოვიდნენ და დარჩნენ საქართველოში, 2 000 ბავშვია და სწავლობენ ქართულ სკოლებში; 4 000 მუშაობს. ძირითადად, აქვთ ბიზნესი აქ, თურქეთსა და საემიროებში. დროის უმეტეს ნაწილს ატარებენ საქართველოში. კიდევ 4 000 არსად არ მუშაობს, შემოსავალი რუსეთიდან აქვთ.
23 000 სხვადასხვა ეროვნების უკანონო მიგრანტი აზია-აფრიკიდან, მეზობელი სახელმწიფოებიდან და პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან, ძირითადად, მუშაობენ ტაქსიზე, კურიერად, მზარეულად, მიმტანად, მეძავად, ნარკობარიგების დამხმარეებად და დასადეპორტებელი არიან. პოლიციას უჭირს მათი გამოვლენა, რადგან მიზეზთა გამო არ ატარებს ზედმეტ ჩხრეკებსა და შემოწმებებს. 
წელს უცხოელ სტუდენტთა რაოდენობა 37 000-იდან 45 000-მდე გაიზრდება.
ძალიან კარგი, თუ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა, რომ საქართველოში 700 000 უცხოელია და აქედან 500 000 აზია-აფრიკიდან არის, მაგრამ მაინც დიდი ვერაფერი შეღავათია, რაც არის.
არ მინდა ციფრები და მიზეზების ახსნა, ვინ რატომ არის ჩემს სამშობლოში _ თვალები გვაქვს ქართველებს და ვხედავთ, რომ საკუთარ სამშობლოს ძლივსღა ვცნობთ. ისწავლა? _ წავიდეს! იმუშავა? _ წავიდეს!
ფაქტია, რომ 3-მილიონიან საქართველოში მასშტაბურად არის შეცვლილი დედაქალაქში მოსიარულეთა სახეები, ვთქვათ, ხუთი-ათი წლის წინანდელთან შედარებით. 
საქართველოსთვის უცხო იერ-სახისა და მენტალობის 92 000 აქტიური ასაკის ადამიანი იმდენად ბევრია, რომ პირადად მე, რადგან საზოგადოებრივი ტრანსპორტით მიწევს გადაადგილება, ხშირად აღმოვჩენილვარ ეთნიკურ უმცირესობაში. ელემენტარულია, ჩემს გენეტიკურ მეხსიერებას ახსოვს ქართული სულის მოხრჩობის მცდელობები და ქვეცნობიერი საშინლად რეაგირებს შუაგულ თბილისში წარამარა „ალლაჰ!“ რომ ჩამესმის...
მართალი თქვა ბატონმა დავით ლორთქიფანიძემ, ჯერჯერობით ბევრად უსაფრთხო ქალაქია თბილისი, ვიდრე ბევრი ევროპული დედაქალაქი, მაგრამ არსებული ლიბერალური საიმიგრაციო პოლიტიკა, ბინადრობის უფლების გაცემა და ისლამური ექსპანსიონიზმი სულ მალე საფრთხის ქვეშ დააყენებს ჩვენი მოქალაქეეების უსაფრთხოებას და, დიდი ალბათობით, იმ რეალობის წინაშე შეიძლება აღმოვჩნდეთ, რომ ქუჩაში ბავშვისა და ქალის გაშვება ისეთივე საშიში გახდეს, როგორიც ეს ევროპის ბევრი ქვეყნის ქალაქშია.
რა არის იმის მიზეზი, რომ პოლიცია ერიდება ხისტი ზომების გატარებას, უკვე შიშია გაჩენილი?
აზიიდან და აფრიკიდან არაქრისტიანული ცივილიზაციური კოდის მქონე ადამიანების შემოდინება და ბინადრობის უფლების მიღება, ან არალეგალურ მდგომარეობაში დარჩენა პირდაპირ ურტყამს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს!
იმ პაკისტანელებმა, რომლებმაც ჯვრის მონასტერი შეურაცხჰყვეს, სანამ მათი ვინაობა და სახეები ამოიქექა ნაცსექტის მიტინგებიდან, საქართველოდან გაასწრეს, მაგრამ რომ არ და ვერ გაესწროთ, საკუთარის დამცველ ქართველებს ციხეში უნდა ეყურყუტათ? 
ხელისუფლებამ უნდა აღასრულოს მისი ამომრჩევლის ნება და მოიქცეს ისე, როგორც, ვთქვათ, ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის შემთხვევაში მოხდა. ეს ისეთი საკითხია, რომელზეც, როგორც კოვიდპასპორტების წინააღმდეგ, სამშობლოს მოყვარული და მისი ერთგული ნებისმიერი პოლიტიკური შეხედულების ადამიანები ერთ გუნდად ერთიანდებიან. 
საზოგადოება ვალდებულია, პასუხი მოსთხოვოს ხელისუფლებას მისი ეროვნული ინტერესების დამაკნინებელ, შემლახავ და საზიანო საკითხებზე და სთხოვს კიდეც, ხალხის მიერ არჩეული საქართველოს ხელისუფლება კი ვალდებულია, ანგარიში ჩააბაროს ხალხს!
სხვისი მაგალითები გვიდევს წინ და საკუთარში მკვეთრად აწეულ ტემპერატურას ვხედავთ, რას ელოდება საქართველოს ხელისუფლება, ქართველებსა და იმიგრანტებს შორის როდის მოხდება სისხლიანი დაპირისპირება თბილისის ქუჩებში?
მიგრანტთა პაქტს ვინ მოაწერა ხელი?
უვიზო რეჟიმი ვინ დააწესა მთელ აზიასთან?
უცხოელებზე ბინების გაყიდვა ვინ დააკანონა და ვინ დატოვა ხვრელები კანონში?
ფიქტიურ ქორწინებებს ვინ და რატომ არ აკონტროლებს?
მიწებს სტატუსს ვინ უცვლის, რათა თავისუფლად გაიყიდოს უცხოელებზე?
უცხოელებისთვის მიწის „კანონიერ“ ჩუქებაზე ვინ ხუჭავს თვალს?
ამ და მსგავს შეკითხვებს თუ არ გაეცა პასუხი, „ოცნების“ ყველა მოძულე „ერთი კაცისკენ“ იშვერს თითს, არავინ უკვირდება, რომ თითის სხვისკენ გაშვერის დროს სამი თითი სწორედ გამშვერისკენ არის მიშვერილი... 
ყველაზე ტოლერანტულ ბერძნებსაც კი გაუწყდათ მოთმინების ძაფი, მიხვდნენ, რომ უომრად იპყრობდნენ _ საბერძნეთის იმიგრაციისა და თავშესაფრების მინისტრმა მედიასთან განაცხადა, რომ უსაბუთოები ან ციხეში წავლენ, ან თავიანთი ნებით გავლენ ქვეყნიდან, დაპატიმრებულებისთვის კი სასჯელი იქნება შემსუბუქებისა და შეჩერების გარეშე.
აშშ და ტრამპი მაინც ხომ არის მისაბაძი?
ჰოდა, მიბაძოს საქართველოს ხელისუფლებამ ტრამპის აშშ-ს _ რაც კარგია, მყისიერად გადმოვიღოთ მათგან, სანამ დროა!
გარდა ამისა, დაბრუნდეს უბნის ინსპექტორის ინსტიტუტი, აღარ იქნება საძებარი და გასარკვევი, ვინ ვინ არის, სად არის და რა უფლებით.
„ჩვენ არ დავუშვებთ, ამერიკაში მოხდეს ის, რაც ხდება ევროპაში. ამიტომ, ოფისში დაბრუნების პირველივე დღეს, სახელმწიფო მდივანს დავავალე, წარმოადგინოს უსაფრთხოების ანგარიში მაღალი რისკის შემცველუი რეგიონების შესახებ და რეკომენდაციები, თუ სად შეიძლება ავამოქმედოთ შეზღუდვები,“ _ თქვა ტრამპმა. შემდეგ უკვე ვიდეომიმართვით ახსნა, რატომ აუკრძალა ან შეუზღუდა რიგ ქვეყნებს აშშ-ში შესვლა. კანონი 9 ივნისს შევიდა ძალაში. 
ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოებისა და ტერორიზმთან ბრძოლის მიზნით, 19 ქვეყნის მოქალაქეებს აუკრძალა აშშ-ში ჩასვლა. მათგან, აშშ-ში საერთოდ ვერ ჩავლენ: ავღანეთიდან, ჩადიდან, კონგოს რესპუბლიკიდან, ეკვატორული გვინეიდან, ერითრეიდან, ჰაიტიდან, ირანიდან, ლიბიიდან, სომალიდან, სუდანიდან, იემენიდან და მიანმიდან.
ნაწილობრივ შეზღუდვა აქვთ: ბურუნდის, კუბას, ლაოსს, სიერრა-ლეონეს, ტოგოს, თურქმენეთს, ვენესუელას. ამ ქვეყნების მოქალაქეები ვერ მიიღებენ ტურისტულ და სტუდენტურ ვიზებს, მაგრამ შენარჩუნებული ექნებათ სამუშაო ვიზა და ამერიკელ ნათესავებთან შეერთების მიზნით ვიზის მიღების უფლება.
და რა მოხდა _ ლოს-ანჟელესში მიგრანტების აქციების ჩასახშობად ეროვნული გვარდიისა და საზღვაო ქვეითთა გამოყვანა გახდა აუცილებელი. კალიფორნიის შემდეგ ნიუ-იორკში დაიწყო შეტაკებები მიგრანტებსა და პოლიციას შორის და ნელ-ნელა მიჰყვა სხვა ქალაქები, და ახლა უკვე ევროპაში _ ირლანდიელები...
სისხლისღვრამდე ნუ მივალთ საქართველოში-მეთქი, ვეუბნები მას, ვისაც ეკუთვნის!

ორი პოზიცია
პირველ პოზიციას ტექსტთან ახლოს, ავტორის ვინაობის მითითების გარეშე გაგაცნობთ: 
„საქართველოში დასაქმებულია 16 ათასი უცხოელი. 
მადლობა ჩინურ კომპანიებს, რომლებიც იაფად, სწრაფად და ხარისხიანად აშენებენ ავტობანებს. იქ დასაქმებულ ქართველებს, სახელმწიფოსთან შეთანხმების შესაბამისად, უფრო მეტ ხელფასს აძლევენ, ვიდრე ჩამოყვანილ ჩინელებს. ქართულ კომპანიებს მაგის ნახევარიც არ ექნებათ დღეს გაკეთებული. 
ასევე ყველაზე მეტი მიწის ნაკვეთი უცხოელთა შორის 840 ჰექტარი ვარკეთილში ჰქონდა საკუთრებაში „ჰუალინგ ჯგუფს“. ააშენა არცთუ მაღალი ხარისხის კორპუსები, მაგრამ არც უხარისხო. ბინები გაყიდა ერთი კვ.მ 600 დოლარად , როცა ქართული კომპანიები ყიდდნენ 750 დოლარად. სახელმწიფოს გადასცეს დევნილებისთვის დიდი რაოდენობით ბინები 350 დოლარად. ამ კორპუსებში არაქართველი თითქმის არ ცხოვრობს, ჩინელი არცერთი. ეს იმათ გასაგონად, ვინც ამბობს, რომ ინვესტორი რა ეროვნებისაც არის, იგივე ეროვნების ადამიანი დასახლდება მის აშენებულ შენობებშიო. 
აზერებმა ააშენეს დირსის კომპლექსი ისანში, მარნეულელ აზერსაც კი არ უყიდია იქ ბინა, თბილისელმა აზერებმა იყიდეს მცირე რაოდენობით. 
თურქებმა ააშენეს დიღმის ჭალებში დაახლოებით 80 ჰექტარზე კორპუსები. ყველა ბინა ქართველებმა იყიდეს. 
სამივე ეს პროექტი „ნაცების“ დროს დაიწყო და „ოცნების“ დროს დასრულდა. ვინმეს გახსოვთ დღევანდელი პანიკიორებიდან ვინმე, ვინც მაშინ ყვიროდა? ყვიროდნენ მაშინაც, წაგვლეკეს-შემოგვესიენო, მაგრამ დღევანდელი პანიკიორები მაშინ ჩუმად იყვნენ, ზოგიერთი მათგანი მხარს უჭერდა კიდეც. 
დაიწყო ავტობანების დიდი ნაწილის მშენებლობები, თითქმის ყველას ჩინური კომპანია აშენებს. 
დაიწყო ანაკლიის პორტის აშენება ჩინელების მიერ, სადაც დასაქმებულთა 10% ჩინელი იქნება.
იწყება 6 მილიარდი არაბული ინვესტიციების განხორციელება თბილისსა და გონიოში, რომელთა ფართობი 3,5-ჯერ ნაკლებია, ვიდრე „ჰუალინგისთვის“ გადაცემული მიწა ვარკეთილში. მაგრამ ინვესტიცია მეტია, იმიტომ, რომ ეს აბუ-დაბის კომპანია მაღალი ხარისხის შენობებს აშენებს მთელ მსოფლიოში, მაღალი შეძლების მყიდველებისთვის. ბოლოს ააშენეს დიდი საცხოვრებელი კომპლექსი ბელგრადში, ყველა ფართი იყიდეს სერბებმა. იქაც გამოჩნდნენ არაბოფობები, მაგრამ ხალხი ვერ აიყოლიეს. 
სერბები ჩვენზე მეტი მორწმუნენი არიან და ჩვენზე მეტი შიში აქვთ უცხოელების მიმართ. მიუხედავად ასეთი შიშებისა, კარგად არჩევენ თეთრს და შავს. 
აბა, ქართველმა თქვას ვინმემ, რაღაც ჩვენი ბრალიაო, მაშინვე ჩაქოლავენ. ყველაფერი სხვისი ბრალია, ან მთავრობის, ვინც იყო, ვინც არის და მომავალში ვინც იქნება. 
ქართველი რომ 100 ლარად არ მუშაობს დღეში და პოლონეთში მიდის 70 ევროდ სამუშაოდ, ანუ 210 ლარად, დამქირავებელი კი 80 ლარად იღებს ტაჯიკებს, უზბეკებს, თურქებს, რომლებიც უფრო ხარისხიანად და სწრაფად მუშაობენ, ვიდრე ას ლარად ქართველები, რომელსაც დამქირავებელი ეხვეწება, არ წახვიდე 120 ლარს მოგცემ და აქ იმუშავეო და მაინც მიდის, ეს თურმე “ღორი” დამქირავებლისა და მთავრობის ბრალი ყოფილა, კომუნისტებიდან მოყოლებული დღემდე. 
ბევრმა პოლიტიკოსმა და პარტიამ იყვირა ევროპა-ამერიკაში, მიგრანტთა პრობლემას მოვაგვარებო, ზოგმა არჩევნებიც მოიგო, მაგრამ ეს საკითხი ვერ მოაგვარა. ერთადერთი, რაც უნდა გააკეთონ და ეს ჩვენ ხელისუფლებასაც ეხება, აქ უნდა გაწმინდონ უსაქმური მიგრანტებისგან საქართველო, ან ისეთი საქმიანობის განხორციელება აუკრძალონ, სადაც ქართველთან კონკურენციაში შედის და მას ართმევს სამუშაო ადგილს. სხვა უცხოელი, რომელიც იმას გააკეთებს, რაც ჩვენ ჯერ არ შეგვიძლია, იქნება ეს პორტის თუ ჰესის, ხარისხიანი გვირაბებისა და ხიდების აშენება, ამაზე არ უნდა ყვიროდეს ნორმალური ადამიანი. 
ისწავლეთ, იშრომეთ, შედით კონკურენციაში უცხოელ სპეციალისტებთან.
ამას ჯერ კიდევ ილია ჭავჭავაძე ამბობდა მე-19-ე საუკუნეში, როცა ხედავდა, ფაბრიკა-ქარხნები უცხოელების ხელში იყო, ქართველები კი მამულების მევახშეებთან დაგირავებული ფულით დუქნებში ქეიფობდნენ. მერე კარგავდნენ მამულს, ან მევახშე ეუბნებოდა თავადს, სესხი რომ გაგინულო, შენი ქალიშვილი მომათხოვე, ან ჩემი გოგო შენმა ვაჟმა ცოლად მოიყვანოსო. ასე ხდებოდა სომეხი მევახშე ქართველი თავადის ნათესავი, იღებდა თავადურ გვარს და ვისი ბრალი იყო, გუბერნატორის, თუ რუსეთის იმპერატორის? 
ახლაც, ისწავლეთ ხიდების, გვირაბების, ჰესების, პორტების მშენებლობა და აღარ დაგვჭირდება უცხოელი. „ენგურჰესი“რუსებმა ააშენეს საკუთარი ფულით და ინჟინრებით, მაგრამ იქ მუშაობდნენ ქართველი ინჟინრებიც რომლებმაც მაღალ დონეზე შეისწავლეს ეს საქმე და იმის შემდეგ ყველა ჰესი ქართველმა ინჟინრებმა ააშენეს.
ნამოხვანზე თურქებმა რომ მშენებლობა დაიწყეს, ყველა ხანშიშესული ჰიდროინჟინერი დაასაქმეს, ახალგაზრდა ერთიც ვერ იპოვეს. მთავრობამ დაავალდებულა ხელშეკრულებით თურქი ინვესტორი, რომ ახალგაზრდა ქართველები აეყვანა სტაჟირებაზე, ესწავლებინა და ხელფასი იგივე გადაეხადა მათთვის, რასაც თურქ ინჟინრებს უხდიდა. საბედნიეროდ, ქართველ ახალგაზრდებში მსურველი ბევრი გამოჩნდა, თუმცა პროექტი ჩაიშალა. იგივე მოთხოვნაა კადრების აღზრდაზე ანაკლიის პორტის მშენებლობაზე. 
ასეა, პანიკა კი არ შველის საქმეს და „არიქა, ვიღუპებით!“ ყვირილი, არამედ, საჭიროა კვალიფიციური მუშახელის მონდომება, რომ უკეთ გააკეთონ, ისწავლონ, თუ ვერ აჯობებენ, დაეწიონ მაინც სხვებს. არ ვართ ჩვენ უნიჭო ხალხი და თუ მოვინდომებთ, ყველაფერს შევძლებთ.
მეორე პოზიცია:
1. ეროვნული სუვერენიტეტის დაცვა
მიწა არ არის მხოლოდ ქონება — ეს არის ეროვნული რესურსი და სახელმწიფოებრივი თვითმყოფადობის საფუძველი. უცხოელების საკუთრებაში არსებული დიდი ფართობი ამცირებს სახელმწიფოს კონტროლს საკუთარ ტერიტორიაზე და ზრდის გარე გავლენის რისკს.
 2. დემოგრაფიული უსაფრთხოება და კოლონიზაციის საფრთხე
მიწისა და უძრავი ქონების მასობრივი შესყიდვა უცხოელების მიერ შეიძლება გამოყენებულ იქნეს დემოგრაფიული “გადაფარვის” სტრატეგიად.
 3. გადასახადების და ფასების ზრდა ადგილობრივი მოსახლეობისთვის
უცხოელების მიერ მიწისა და ქონების დიდი რაოდენობით შეძენა ბაზარზე ქმნის მოთხოვნის ზრდას. შედეგად, ქონება ადგილობრივებისთვის ხელმიუწვდომელი ხდება. თბილისში და კურორტებზე ბინების ფასები იზრდება მნიშვნელოვნად უცხოელი მყიდველების გამო, რაც ადგილობრივებს საცხოვრებლად გარეუბნებში გადახვეწას აიძულებს.
 4. ეკონომიკური ექსპლუატაციის რისკი
უცხოელი ინვესტორები ხშირად ყიდულობენ მიწას მხოლოდ მომგებიანი გამოყენების მიზნით, ნაკლები ინტერესი აქვთ ადგილობრივი დასაქმების ხელშეწყობაზე. შესაძლოა, გამოიყენონ ეკოსისტემისთვის საზიანო მეთოდები (ინტენსიური შხამქიმიკატებით დამუშავება, ტყეების გაჩეხვა და ა. შ.). ამას თან მოჰყვება გარემოს დეგრადაცია და სოფლის მოსახლეობის მარგინალიზაცია.
 5. კულტურული თვითმყოფადობის დაცვის აუცილებლობა
ისტორიულად საქართველოში მიწის ფლობა იყო პიროვნების ეროვნული ინტეგრაციის გამოხატულება. ქონების უცხოელებზე მიკუთვნებამ შეიძლება შეცვალოს ტრადიციული სოფლის, კურორტის ან ქალაქის კულტურული სტრუქტურა (მაგ., ქართულ სოფელში არაქართულ ენაზე მოლაპარაკე მოსახლეობის უმრავლესობის ჩამოყალიბება). ეს იწვევს ადგილობრივების იდენტობით დისკომფორტს და სოციალურ პოლარიზაციას.
 6. არასანდო სამართლებრივი მექანიზმები და კონტროლის სირთულე
ბევრ უცხოელს ქონება რეგისტრირებული აქვს ადგილობრივ მოქალაქეზე ან შპს-ზე, რაც ართულებს კონტროლს. სახელმწიფოს არ გააჩნია მექანიზმი, რომ მუდმივად შეამოწმოს ქონების გამოყენების მიზნები, ან შეზღუდოს მისი გადაყიდვა სხვა უცხოელზე. ეს ქმნის „ვირტუალური საკუთრების ქსელებს“, რომლებიც ეროვნული პოლიტიკისგან დამოუკიდებლად მოქმედებენ.
 7. ნეგატიური საერთაშორისო მაგალითები
ზოგიერთმა ქვეყანამ (ახალი ზელანდია, შვეიცარია, უნგრეთი) უკვე შეაჩერეს ან შეზღუდეს უცხოელებისთვის მიწის ფლობა, რათა: დაეცვათ ეროვნული ეკონომიკა და მიწის რესურსი. შეენარჩუნებინათ საცხოვრებელი ბინების ხელმისაწვდომობა საკუთარი მოქალაქეებისთვის. საქართველო ბევრად უფრო მცირე რესურსისა და სუსტი რეგულაციების მქონე ქვეყანაა, რაც აღნიშნულ პრობლემებს აორმაგებს.
 8. მომავლის სარეზერვო რესურსების დაკარგვა
მიწა შეუქცევადი რესურსია — მისი გაყიდვა უცხოელებზე ნიშნავს, რომ მომავალ თაობებს აღარ ექნებათ წვდომა ამ რესურსზე. თუკი მიწა აღარ იქნება საქართველოს მოქალაქეთა საკუთრებაში, მომავალი ეკონომიკური და ეკოლოგიური სტრატეგიების განხორციელება მნიშვნელოვნად გართულდება.
დასკვნა:
საქართველოს მოქალაქეებისთვის უცხოელების მიერ მიწისა და უძრავი ქონების შეძენის უფლების შეზღუდვა წარმოადგენს ეროვნული უსაფრთხოების, დემოგრაფიული მდგრადობისა და კულტურული თვითმყოფადობის დაცვის მნიშვნელოვან ინსტრუმენტს.
დავით აღმაშენებელს 1187 წლიდან 1222 წლამდე დრო დასჭირდა არაბებისგან თბილისის გასათავისუფლებლად, როდესაც არაბებზე ასჯერ ძლიერი თურქ-სელჯუკები უკვე 55-ჯერ ჰყავდა დამარცხებული, მათ შორის, დიდგორის ომში.
რა გაერო-ს მიგრაციული პაქტი და მაროკოს მიგრაციის აქტი! _ „ვიღაცის“ ერთმა ხელმოწერამ გადააშავა საქართველოში ქართული ფონი და „ალაჰის“ სადიდებელ ადგილად აქცია ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა!!! 
ქართული მიწა გაპოხილია მის დასაცავად თავგანწირული ქართველების სისხლით...
ქართულ მიწაზე რამდენი რამ არის ნათქვამი, რაც ბოლო გზაზე გულზე დაყრის რიტუალშიც არის გადასული და, ვინ ბედავს რომ ქართველს ქართული მიწა ამართვას და უცხოტომელს მისცეს?!..
...და თუ ეს ასე არ არის, ხელისუფალო, საქმით დამაჯერე!!!

მაია ჭელიძე