რამაზ საყვარელიძე: 2025 - პოლიტიკის დემითოლოგიზაციის წელი
გვესაუბრება პოლიტოლოგი, ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე:
_ ბატონო რამაზ, 2025 წელი იწურება და ტრადიციულად, შეგვიფასეთ, როგორი წელი იყო პოლიტიკური თვალსაზრისით?
_ რა გითხრათ, საქართველომ მნიშვნელოვანი ერთი პოლიტიკური წელი ჩაათავა. ქართულ პოლიტიკურ სივრცეში საზოგადოებამ მკაფიოდ იხილა შედეგიანი თუ უშედეგო ქმედებები. უშედეგობაში ვგულისხმობ ოპოზიციის ნაბიჯებს, რასაც დიდი ხანია, ვაკვირდებით, ვაანალიზებთ, მაგრამ სურათი მძაფრად თვალხილული საბოლოოდ ახლა გახდა. დიახ, სურათი შეიქმნა და მას რუსთაველის გამზირი ჰქვია. ფეისბუქს თუ გადავავლებთ თვალს, დავინახავთ, რა ინტელექტუალური პოტენციალის მქონეა რუსთაველის გამზირი _ ქართული კომბინაციით „რუსთაველის მაიდანი“. ფაქტობრივად, იქ შეკრებილი ადამიანების, ასევე, მათი მომხრეების ძირითადი ინტელექტუალური მახასიათებელი, „ოლე-ოლას“ ძახილი აღმოჩნდა. სამწუხაროდ, დიდ პოტენციალს ვერც მათ მომხრეებში ვხედავ.
ამას წინათ, შემთხვევით წავაწყდი, როგორ ამტკიცებდა „რუსთაველის მაიდნის“ ერთ-ერთი აქტიური წევრი _ თურმე, დასავლეთი ომში ჩვენ ჩათრევას რომ ცდილობდა, ეს პროპაგანდა ყოფილა. მას არც ის სმენია, ომში ჩართვისკენ ზელენსკი და ერმაკიც რომ მოგვიწოდებდნენ. მეტიც, არც ის სმენია, ზელენსკიმ საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობა რომ გაწყვიტა, ელჩი გაიწვია და ჩვენი ელჩიც უკრაინიდან გამოაძევა. რუსთაველის გამზირზე მოხეტიალეთ არც ზელენსკის მხარდამჭერების ფრაზები სმენიათ _ რუსეთთან საქმეს მოვილევთ და მერე „რუსულ რეჟიმს“, იგულისხმება „ქართული ოცნება“, ფიზიკურად გავანადგურებთო. ამ ყველაფერს ესენი პროპაგანდას უწოდებენ.
მეორე მხრივ, არსებობენ ადამიანები, რომლებიც აცხადებენ: ასე ცხოვრება სირცხვილია, ქართველს ყოველთვის იარაღი ეჭირა ხელთ, მას უკან არასდროს დაუხევიაო. მაშ, ის მრავალსაუკუნოვანი მარცხი, რაც საქართველომ სპარსეთთან, მონღოლეთთან, არაბეთთან, რუსეთთან განიცადა, არ არსებობდა?! უკან თუ არ დაგვიხევია, ამ იმპერიებს როგორ გადავურჩით, ჩვენისთანები გამქრალან?! ამ ხალხს ისტორია არ წაუკითხავს და გაიძახიან: ბრძოლაა საჭირო, ქვეყანამ ღირსება იარაღით ხელში უნდა დაიცვასო. ამ დროს არ აანალიზებენ, რომ იარაღით ღირსების დაცვა, ფაქტობრივად, ბიძგია იმისკენ, რომ საქართველო განადგურდეს.
ამიტომ ეს წელი მნიშვნელოვანი იმ მხრივაც არის, რომ ასეთ მოწოდებებს საზოგადოების დიდი ნაწილი აღარ აჰყვა. დიახ, სწორედ წელს გაწყდა კავშირი საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილსა და ამ ტიპის ექსტრემალურ, გაუნათლებელ ადამიანთა მოწოდებებს შორის. გაუნათლებლობას ხაზს შეგნებულად ვუსვამ, ამის უკან ცოდნა არ დგას, ეს ემოციას ეფუძნება, რბილად რომ ვთქვა, იმის სურვილს, რომ საქართველო გამარჯვებული არ იყოს. ქართველი ხალხი ხედავს, რომ პოლიტიკაში დაკვეთებიც არსებობს, ასევე, მეგობრები ყოველთვის მეგობრები არ არიან. პოლიტიკის დემითოლოგიზაცია მოხდა. მითი იყო ის, რომ ევროპა ჩვენი მეგობარია. ნელ-ნელა მივდივართ დასკვნამდე, რომ ჩვენი მეგობარი არავინ არის.
_ რუსთაველის გამზირი აკაცუკების თარეშის ადგილად იქცა. აქციების გამართვასთან დაკავშირებით კანონები გამკაცრდა, მაგრამ სურათი მაინც არ იცვლება. წიკლაურმა დაგვაიმედა: თუ ტროტუარზე დგომას აგვიკრძალავენ, აქციებს მიწისქვეშა გადასასვლელებში ჩავატარებთო. რა გაგრძელება აქვს ამ პროცესს?
_ თქვენ მეკითხებით, მიწისქვეშა გადასასვლელებში ჩავა თუ არა პროცესი?! მათ სხვა გზა არც აქვთ. დავუშვათ, ხალხის გარკვეულ პროცენტს თავი მოაწონეს. ამ შემთხვევაში, არჩევნების მოახლოებისთანავე, მოსახლეობას გაუჩნდება შეკითხვა: ოპოზიციას რომ დავუჭიროთ მხარი, ხელისუფლებაში ისევ სააკაშვილს და მის გუნდს ხომ არ დააბრუნებენო. ეს შეკითხვა ქართული პოლიტიკისა და არჩევნების კუთხით, წითელი ხაზია. ოპოზიციის პასუხი ხშირ შემთხვევაში, ასეთია: რას ერჩით სააკაშვილს, მასზე როდემდე უნდა ილაპარაკოთო. ამას ისე ამბობენ, გეგონება, სააკაშვილი და მისი გუნდი გაქრა და ოპოზიციას მისთვის მხარდაჭერა არცერთხელ არ გამოუცხადებია. რეალურად, ოპოზიციას მიშას 9-წლიანი რეჟიმი არასდროს დაუგმია. ასე რომ, თუ ხალხმა დაინახა, რომ ოპოზიცია სააკაშვილის ხელისუფლებაში მობრუნებას აპირებს, მას ხმას არ მისცემენ.
სააკაშვილის სახელს „ორი გვამი“, ადამიანების ხოცვა, გაუპატიურება და ათასი სხვა უბედურება უკავშირდება. ასე რომ, მოსახლეობის მეხსიერებაში ჩაბეჭდილია, რომ ხელისუფლებაში მისი მობრუნება სახიფათოა. ხიფათი კი არავის უნდა. ნაცებმა მშვენივრად იციან, რომ სააკაშვილის მომბრუნებელ ოპოზიციას ხალხი მხარს არ დაუჭერს. ოპოზიციას ხელისუფლებაში მოსვლა თუ უნდა, ნაცებისგან სრულად უნდა დისტანცირდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყოველთვის ბორტს მიღმა დარჩება. რა გამოსავალი რჩება ოპოზიციას? _ მათ კეთილგანწყობაზე იზრუნოს, ვისაც ის აინტერესებს, ანუ, უცხოელი გლობალისტების, რომელთაც საქართველოში გადატრიალების მოხდენა სურთ.
_ წლის მნიშვნელოვანი მოვლენა, ალბათ, საგამოძიებო კომისიის დასკვნა და საკონსტიტუციო სასამართლოში ნაცების აკრძალვის მოთხოვნით შესული სარჩელიც არის.
_ დიახ, უდავოდ ასეა. ამ ეტაპზე ხელისუფლება ცდილობს, რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციებს ხელი არ შეუშალოს, რათა მის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ჯგუფები ზედმეტად არ გააღიზიანოს. ამ ლოგიკით, შესაძლოა, ხელისუფლებამ პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებითაც პასიური პოზიცია გამოავლინოს. საქმე ის არის, რომ რიგი ევრობიუროკრატები, რომლებიც საქართველოს ხსენებაზე აგრესიულები ხდებიან, მათი აგენტურის აკრძალვას უყურადღებოდ არ დატოვებენ. ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად შეძლებს ხელისუფლება, უცხოელებს თუ ქართველ მოსახლეობას ნაცების შესახებ ინფორმაცია სწორად მიაწოდოს. კერძოდ, ეს ის პარტიაა, რომელმაც რუსეთის დაკვეთით 2008 წელს ომი აწარმოა. ამას ცხადჰყოფს ის, რომ რუსებმა მალევე აფხაზეთსა და ცხინვალში ბაზები განალაგეს. ასევე, ყველა სტრატეგიული ობიექტი რუსეთს გადაეცა, რაც უპრეცედენტო ფაქტია. არსებული პოლიტიკა გვკარნახობს, რომ ეს ჯგუფი რუსეთის წინააღმდეგ წამსვლელი არ არის _ ის რუსეთის ინტერესებით მოქმედებს მაშინაც კი, როცა რუსეთს ეომება. აი, ამის ჩვენებას თუ მოახერხებს ხელისუფლება, დასავლეთთანაც სხვა შედეგს დავდებთ. ხელისუფლებამ ნაცები ქართულ მოსახლეობასაც რუსეთთან ურთიერთობის პრიზმაში უნდა დაანახოს, რომლის რიტორიკა ევროპისკენ სვლაა, რეალურად კი რუსულ საქმეს აკეთებენ. ვიმეორებ, ხელისუფლება ამის ჩვენებას თუ შეძლებს, მერე ნაცების გაუქმება გაცილებით მარტივი იქნება. თუ არადა, დასავლეთიდან მივიღებთ აღშფოთებას _ „ქართული ოცნება“ ევროპაზე ორიენტირებულ პარტიებს აუქმებსო.
_ ბატონო რამაზ, ევრობიუროკრატიამ ტრამპის ევროპის შიდა საქმეებში ჩარევა გააპროტესტა. არადა, თვითონ მათ ჩვენი საქმეებიდან ცხვირი დღემდე ვერ ამოჰყვეს. ტრამპისა და ევროკავშირის დაპირისპირებაც წლის მნიშვნელოვანი მოვლენაა.
_ პოლიტიკა ასეთ უნამუსობებს იტანს. ამ მხრივ არც ქართული პოლიტიკაა გამონაკლისი. „გალობანი სინანულისანი“-ს შექმნის ერთ-ერთი მიზეზი რა იყო? _ აღმაშენებელი აბჯარდაზიანებულ მეტოქეს დაჰპირდა, რომ არ ესროდა, მაგრამ, როცა მტერმა მდინარე გადმოლახა და ცხენისთვის მათრახის დასარტყმელად ხელი ასწია, დავითმა ბრძანება გასცა, ესროლეთო. პოლიტიკა სავსეა მსგავსი ფაქტებით. რაც შეეხება ტრამპსა და ევრობიუროკრატიას შორის დაპირისპირებას, მას ევროპაზე კბილი შემთხვევით როდი აქვს ალესილი. საქმე ისაა, რომ იმ პოლიტიკურმა ძალებმა (გლობალისტებმა), რომლებიც ამერიკაში დემოკრატების სახელით მოღვაწეობდნენ, ევროპაში გადაინაცვლეს. დემოკრატებმა ტრამპი, როცა მეორე ვადით პრეზიდენტობას აპირებდა, სასამართლოებში ატარეს, ხმებიც მოპარეს, მერე კი, როცა პრეზიდენტობამდე მიაღწია, ტყვიაც ესროლეს და მხარდამჭერი _ კირკი მოუკლეს.
ასე რომ, სისხლიანი ბრძოლა მიდის. ტრამპის მეტოქეების ბუდე ახლა ევროპაა. ბუნებრივია, ტრამპიც შესაბამისად პასუხობს. მას სჭირდება, რომ მისადმი აგრესიულად განწყობილ გლობალისტებს ფული არ ჰქონდეთ. აშშ-ის პრეზიდენტმა დაინახა, რომ ფულის ერთ-ერთი წყარო უკრაინის ომია, თავისი კორუფციით. ამიტომ მან ლოზუნგი წამოაყენა _ უკრაინაში ომი უნდა შეჩერდეს, რაც არც რუსეთმა გაიზიარა, არც უკრაინამ და არც ევროპამ. მაშინ, ტრამპმა თქვა: მე თამაშიდან გავალ, თქვენ როგორც გინდათ, ისე მოიქეცითო. ფაქტობრივად, ტრამპმა მთელი ევროპა ომისთვის გაწირა. ევროპა კი ბაქიბუქობს, გავიმარჯვებთო, მაგრამ ამერიკული არმიისა და ფულის გარეშე, როცა ევროპას ჯარისკაცებიც კი არ ჰყავს, ეს წარმოუდგენელია. ტრამპი განზე გადგა და ევროპა დამარცხებისთვის გასწირა, რადგან ეს ევროპა მისთვის მტერია. ტრამპი დაუფიქრებლად კრავს ევროკავშირს ხელს, რათა ის დაიღუპოს. აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მას ევროკავშირი სურს როგორც დამოუკიდებელ, სუვერენულ სახელმწიფოთა ერთობა და არა ბიუროკრატიის მიერ მართული გაერთიანება. პრინციპში, ეს აბსოლუტურად ახალი კონცეფციაა, რის შესაბამისადაც, ტრამპმა კონსერვატიზმის გაძილიერებისკენ მიმართული საპასუხო პროცესი დაძრა. ეს არის ბრძოლა კონსერვატიულ პარტიასა და ულტრალიბერალურ ჯგუფებს შორის, რომელთაც მთელი მსოფლიოს დაპყრობა აქვთ გამიზნული.
მინდა ვისურვო, რომ მთელი საქართველო ფრთხილად იყოს და ყველამ თავისი წილი პასუხისმგებლობა იგრძნოს. წელს მკაფიოდ გამოიკვეთა, რომ 2022 წლის რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების მერე, საქართველო ბეწვის ხიდზე გადის, სადაც მცირე შეცდომაც კი შეიძლება ძვირად დაგვიჯდეს. ვისურვებდი, ეს რისკიანი პერიოდი დასრულებულიყოს და საქართველოში სიმშვიდემ დაისადგუროს.
თამარ შველიძე

