მის ხელს ვემთხვიე და დროში, გარემოში დავიკარგე
პატრიარქთან ხშირი კომუნიკაცია არ მქონია. მისი აყსაყდრების დღეს, ხალხთან ერთად, მისალოცად მეც მივდიოდი-ხოლმე. პირადი შეხვედრა არასდროს შემდგარა. მხოლოდ ერთადერთხელ ვნახე პირისპირ საპატრიარქოს ეზოში. რა თქმა უნდა, შემეძლო ვინმესთვის მეთხოვა მასთან შეხვედრა, მაგრამ ასე “ჩაწყობით” მისვლა არ მინდოდა. ვთვლიდი, რომ თუ ღირსი ვიქნებოდი, ჩვენი შეხვედრა ბუნებრივად მოხდებოდა და მისგან დალოცვას, ისე მივიღებდი. ასეც მოხდა... კონკრეტულ საკითხზე ვიყავი საპატრიარქოში და უცებ, ქალბატონმა შორენამ ისე, რომ დაგეგმილი არც ყოფილა, მითხრა, წამოდით, პატრიარქი ეზოშიაო. ეს საოცარი მოულოდნელობა იყო. ეზოში გავედით, სადაც ხალხი რიგში იდგა, პატრიარქთან სათითაოდ მიდიოდნენ, ის ლოცავდა და მერე გზას აგრძელებდნენ. მეც რიგში ჩავდექი. უწმინდესთან რომ მივედი, უთხრეს: ეს მაია ნიკოლეიშვილია, ექსპერტიო. მას იმ პერიოდში თავისი დაავადებიდან და ასაკიდანაც გამომდინარე, უკვე თავის გასწორება უჭირდა და თავდახრილი იჯდა. ერთი ხელი თავზე დამადო, მეორე ხელზე კი ვემთხვიე. გულწრფელად გეტყვით, ცხოვრებაში მსგავსი განცდა არასდროს მქონია _ როგორც კი ხელზე საკოცნელად შევეხე, უცნაური სირბილე ვიგრძენი და დროში მართლა დავიკარგე. დიახ, მის ხელს ვემთხვიე და დროში, გარემოში დავიკარგე. რაღაც მითხრა, საკმაოდ გასაგებად, მაგრამ მე აბსოლუტურად არაფერი გამიგია. ვიღაცამ ბეჭზე ხელი დამადო და მითხრა, საკმარისიაო. მაშინ მივხვდი, რომ დიდხანს ვიყავი მის წინაშე მუხლმოდრეკილი, რიგიც კი შევაჩერე. უცებ, ავდექი და წამოვედი. თან ეს იმ პერიოდში მოხდა, როცა ფეხის ტკივილი ძალიან მაწუხებდა, ოპერაცია ჯერ კიდევ არ მქონდა გაკეთებული. საოცარია, ან როგორ შევძელი ამ მდგომარეობაში დახრა. აი, ეს იყო უწმინდესთან ჩემი კონტაქტი, რაც ცხოვრების ბოლომდე გამყვება და ვერასდროს დავივიწყებ იმ განცდას, რაც მაშინ დამეუფლა. ფსიქოლოგიაში ტრანსი მინახავს, მაგრამ ეს სულ სხვა რამ იყო, თითქოს სადღაც უწონობაში გავედი. მიხარია, რომ ეს ბუნებრივად მოხდა და უწმინდესის დალოცვა მეც მივიღე. თურმე, მასთან შეხვედრას წლები ველოდი. აწი პატრიარქს იქ დავინახავ, მუქი ღრუბლებიდან რომ მზის სხივი გამოანათებს...
პატრიარქი გავიდა და გაყოფილ სამყაროში “ღმერთიანთა” გამარჯვება აჩვენა “უღმრთოთ”! და ეს პატარა საქართველოში ხდება, ახლა, ამ რეალობაში. უკვე წმინდანს ემშვიდობება ერი და ბერი, მთავრობა და მხედრობა, ძლიერი და უძლური, ბავშვი და ხნოვანი, მართლმადიდებელი და მუსულმანი, კათოლიკე, მაზდეანელი, ბუდისტი თუ ებრაელი! აშკარაა, თავისი გასვლით უწმინდესმა საქართველოს გამარჯვება დაგვანახა და გაგვათავისებინა.
მაია ნიკოლეიშვილი

