ლევან ნიკოლეიშვილი: ევროილუზიაში ყოფნა უნდა დასრულდეს!

ლევან ნიკოლეიშვილი: ევროილუზიაში ყოფნა უნდა დასრულდეს!

გვესაუბრება პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, თადარიგის პოლკოვნიკი ლევან ნიკოლეიშვილი:

_ ბატონო ლევან, „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბდა. ეს რამ განაპირობა? 
_ წელიწადზე მეტია, რაც ჩვენი მოძრაობა ჩამოყალიბდა. ამ ხნის განმავლობაში ვაკვირდებოდით პროცესებს, თუ რა უქმნიდა საფრთხეს საქართველოს სტაბილურობას, როგორც ქვეყნის შიგნიდან, ისე გარედან. ფაქტია, ამ პერიოდში ევროკავშირის, აშშ-ის მხრიდან, ჩვენ მიმართ დამოკიდებულება არ შეცვლილა. მათი მიზანი ისევ ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა და მმართველობაში იმ ხალხის მოყვანაა, რომლებიც რეალურად ქვეყნის მტრები არიან. ავიღოთ თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, თუმცა რადიკალები და მათი პატრონები ამ დრომდე, ფაქტების არარსებობის მიუხედავად, გაყალბებულ არჩევნებზე საუბრობენ. 
გადავხედოთ, რა ხდება თავად ევროკავშირში _ ფასეულობები დეგრადირებულია, გაბატონებულია არაფორმალური ბიუროკრატია, ოლიგარქიული მმართველობა და ა. შ. ამ ფონზე საქართველოში მხარს საზოგადოების იმ ნაწილს კი არ უჭერენ, ვინც არჩევნების გზით მანდატი ხელისუფლებას მისცა, არამედ თავიანთ აგენტურას, რომლის ფიქრები ქვეყნის დამხობას უკავშირდება. ყველამ ვიხილეთ ოთხ ოქტომბერს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, რაც არც აშშ-იდან და არც ევროსტრუქტურებიდან არავის დაუგმია. ამ დროს ძლიერდება ლგბტ პროპაგანდა, რაც ჩვენს იდენტობას, წარსულს, კულტურას საფრთხეს უქმნის. ურსულა ფონ დერ ლაიენმა ხელი მოაწერა 2026-30 წლების ლგბტ პროპაგანდის ახალ სტრატეგიას, რაც კატასტროფის ტოლფასია. კერძოდ, ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნებისთვის სავალდებულო ხდება შემდეგი საკითხი: არასრულწლოვანს შეუძლია სქესი ისე გადაიკეთოს, მშობელს არაფერი ჰკითხოს. მეტიც, მშობელი შვილის გადაწყვეტილებაში თუ ჩაერევა, დაჯარიმდება. ამაზე მეტი დეგრადირება რაღა გინდათ. ამას ქართველი კაცი არასდროს დაუშვებს! 
ამიტომ ვფიქრობთ, ასეთ ევროკავშირში გაწევრიანება აზრს მოკლებულია. ადრე გვეგონა, რომ ევროკავშირი საქართველოს ეკონომიკური განვითარების კუთხით გარდატეხას მოახდენდა. ახლა ეს ყველაფერი თავდაყირა დადგა. ნათლად ვხედავთ, რაც ხდება უსაფრთხოების კუთხით ნატო-სთან მიმართებაში. ნატო-ს ქვეყნები რეალურად დაუცველი არიან _ რუსული დრონები შეფრინდებიან-გამოფრინდებიან, ესენი აღშფოთდებიან, თავს გადააქნევენ და მორჩა. ანუ, ნატო უსაფრთხოების ქოლგა სულაც არ არის. მეორეც, ვხედავთ, რომ სამ წელზე მეტია, რუსეთ-უკრაინის ომი მიმდინარეობს და ნაცვლად იმისა, მშვიდობის დამყარებას ცდილობდნენ, პირიქით, ომის დასრულებას ხელს მაქსიმალურად უშლიან.  
არაერთი მცდელობა იყო, საქართველო ომში ჩაეთრიათ, რუსეთისთვის მეორე ფრონტი გაგვეხსნა. ასევე, ხედავთ, სანქციების დაწესებასთან დაკაშირებით რაც ხდება. ვინც ჩვენ გვამუნათებს და თავად სანქციებს აწესებს, მერე რუსეთთან არალეგალურად ვაჭრობს. აგერ, რუსულ ტანკერებს ბალტიის ქვეყნები ეხმარებიან. ამ დროს ჩვენ ომში ჩართვისკენ მოგვიწოდებენ! ასე რომ, ჩვენ საკუთარ ინტერესებს უნდა მივხედოთ. ხელისუფლებამ, ამ ყველაფრიდან გამომდინარე, პასუხისმგებლობა უნდა აიღოს _ არ შეიძლება ასე ევროილუზიაში ვიყოთ და ვიძახოთ, მაინც ევროკავშირის წევრი უნდა გავხდეთო. ჯერ ერთი, იქ არც არავინ გვიღებს, მეორეც, ისეთ ვალდებულებებს, პირობებს გვიყენებენ, რაც მიუღებელია. 
_ „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ ინიციატივით გამოვიდა, საზოგადოების აზრი ევროკავშირში გაწევრიანება-არგაწევრიანებასთან დაკავშირებით, რეფერენდუმით გაირკვეს.
_ დიახ, ჩვენ განვაცხადეთ, პლებისციტის, რეფერენდუმის გზით, საზოგადოებამ თავად თქვას, სურს თუ არა ასეთ ევროკავშირში შესვლა. ვფიქრობთ, ნეიტრალიტეტი ერთ-ერთი საუკეთესო გამოსავალია, რათა სუვერენიტეტიც დავიცვათ, ეკონომიკაც განვავითაროთ და ჩვენი უპირატესობა _ სტრატეგიულ-გეოგრაფიული მდებარეობა _ უკეთ წარმოვაჩინოთ არა ვიღაცის, არამედ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე. ჩვენ ყველა ქვეყანასთან თანასწორუფლებიანი უნდა ვიყოთ. სხვათა შორის, ეს მიდგომა სერიოზულად დააფიქრებს აფხაზეთისა და ცხინვალის მოსახლეობას და ამ კუთხით, შეიძლება მათი დიდი მხარდაჭერაც მოვიპოვოთ. ამიტომ ყველაფერი კარგად ავწონ-დავწონეთ და „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ პარტიად გარდაქმნის გადაწყვეტილება მივიღეთ. 
_ როგორ ფიქრობთ, ნეიტრალიტეტის იდეას მოსახლეობის რა ნაწილი ემხრობა? 
_ საზოგადოება ამ საკითხს დადებითად უყურებს. ჩვენთვის მთავარია, ჩვენ რა გვინდა. ეს არის რეალური სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა. ურსულა ფონ დერ ლაიენის ჭკუაზე ვერ ვივლით _ მიუღებელია, ჩვენმა შვილებმა ლგბტ ცხოვრების წესით იცხოვრონ და მშობლებმა მათ აღზრდაში მონაწილეობა არ მიიღონ. ასევე, მიუღებელია, სხვამ გვასწავლოს, ჩვენმა ჯარისკაცებმა რომელ ომში იომონ და რომელში _ არა. ჩვენი პრობლემები ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ. შესაბამისად, ყველასთან უნდა ვითანამშრომლოთ. ნეიტრალიტეტი იმას კი არ ნიშნავს, რომ ვინმეს მტრობას, ომს ვუცხადებთ, პირიქით, ვეუბნებით, რომ მზად ვართ მასთან ეკონომიკურ, უსაფრთხოების საკითხებში ვითანამშრომლოთ. 
ჩვენ ვიცავთ სახელმწიფო ინსტიტუტებს, ექსტრემისტულ ჯგუფებს საშუალებას არ ვაძლევთ, კანონი დაარღვიონ, თუნდაც შტურმით აიღონ პრეზიდენტის სასახლე, რაზეც დასავლეთი სოლიდარობას არ გვიცხადებს. სხვა ქვეყნებში მსგავსი ქმედებები დასჯადია, პოლიცია ასეთ დამნაშავეებს სასტიკად უსწორდება. იქ პოლიციელის დამცირებისთვის პიროვნების დასჯა დემოკრატიაა, აქ პოლიციელზე სილის გაწვნის გამო სახაროვის პრემიით ჯილდოვდებიან. ეს ხომ აბუჩად აგდებაა. ქართველები ის ერი არ ვართ, რომ ეს დაცინვა, შანტაჟი ავიტანოთ.  
_ თქვენ ახსენეთ, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი უსაფრთხოების მომტანი აღარ არისო. სად ვეძებოთ მოკავშირეები, მეგობრები?
_ მეგობრების მოძებნა ყოველთვის შეიძლება. მოკავშირეებს რაც შეეხება, ვისაც სურვილი აქვს, მზად ვართ, ყველასთან ვითანამშრომლოთ როგორც თანასწორუფლებიანმა პარტნიორმა და არა ისე, რომ ვინმე უფროსად დაგვიდგეს. მაგალითად, მეზობელ სომხეთთან და აზერბაიჯანთან კარგი, კეთილმეზობლური ურთიერთობა გვაქვს. მათთან ეკონომიკური, ენერგეტიკული, სავაჭრო ურთიერთობები უმაღლეს დონეზეა. ორივე ქვეყნის ლიდერი საქართველოს თანასწორუფლებიან პარტნიორად მოიხსენიებს. 
ამიტომ ნეიტრალიტეტის მთავარი პრინციპია _ საქართველოში არცერთი უცხო ქვეყნის ჩექმა არ იყოს და, ამავდროულად, ყველამ პატივი გვცეს. ამის მისაღწევად ყველა ქვეყანასთან სერიოზული მუშაობაა საჭირო. არსებობს პრეცედენტები მსოფლიოში ნეიტრალური სახელმწიფოებისა, რომელთაც არც ომი ემუქრებათ და ეკონომიკური თუ სხვა კუთხითაც მშვენივრად ვითარდებიან. გარდა ამისა, არსებობს სახელმწიფოები, რომელთაც საქართველოში ბიზნესის კეთება და რიგ ეკონომიკურ საკითხებში ჩვენთან ერთად სარგებლის მიღება სურთ. ისინი წინასწარ ზვერავენ, რამდენად სტაბილური გარემოა აქ ბიზნესის კეთებისთვის. ამიტომ არავის აქვს უფლება რომელიმე ქვეყანასთან ურთიერთსასარგებლო ეკონომიკური ურთიერთობები აგვიკრძალოს, იქნება ეს ჩინეთი თუ სხვა.  
_ ტრამპისა და სი ძინპინის შეხვედრა ახსენეთ. ომის დასრულების პერსპექტივა თუ გამოიკვეთა? 
_ ასეთ პერსპექტივას ვერ ვხედავ. რუსეთ-უკრაინის ომი არ დასრულდება, სანამ ამ საქმეში ევროკავშირის კორუმპირებული ლიდერები არიან ჩარეულნი. მათ ომის დასრულება არავითარ შემთხვევაში არ აწყობთ, რადგან ამით უზარმაზარ ფულს აკეთებენ. დიახ, სანამ მათთვის სარგებელი არსებობს, ომს არ შეწყვეტენ. როგორც კი სარგებლის არხი გადაიკეტება, ომიც დასრულდება, სხვა შემთხვევაში, ეს გამორიცხულია. 
_ ხელისუფლებამ სამი პარტიის აკრძალვის მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ეს რამდენად იქნება წინაპირობა, მოსუფთავებულ ველზე თქვენმა პარტიამ ადგილი უკეთ დაიმკვიდროს?
_ ძალიან კარგი შეკითხვა დამისვით. პირველ რიგში, ეს სარჩელი აუცილებლად უნდა შესულიყო საკონსტიტუციო სასამართლოში, რადგან ეს სუბიექტები პოლიტიკური პარტიების კი არა, კრიმინალების, ექსტრემისტების როლს ასრულებენ იმის მიხედვით, თუ რა დანაშაულები აქვთ ჩადენილი ქვეყნის და ერის წინაშე. ისინი დღესაც ძალადობრივი, არაკანონიერი გზებით იბრძვიან. ცხადია, ასეთი პარტიების ადგილი პოლიტიკაში არ არის. გერმანიის მაგალითი ავიღოთ, სადაც თავის დროზე ის პარტია გაუქმდა, რომელმაც ქვეყანა კატასტროფამდე მიიყვანა.
რაც შეეხება იმას, თუ რა ნიშას დაიკავებს „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“, სამწუხაროდ, ოპოზიცია სალანძღავი სიტყვა გახდა, რომლის უკან ამომრჩევლის ნდობა არ იკითხება. ჩვენ ვაპირებთ, ხელისუფლებას ჯანსაღი ოპონირება გავუწიოთ და ამა თუ იმ საკითხის გადაწყვეტის კონსტრუქციული ხედვა შევთავაზოთ. არსებობს საკითხები, რაშიც ხელისუფლებას აბსოლუტურად ვეთანხმებით, რომ ქვეყანაში სტაბილურობა, მშვიდობა უნდა იყოს და ომში არ ჩავერთოთ. მაგრამ რიგ საკითხებში განსხვავებული ხედვა გვაქვს. იგივე, იმაზე, რაც ზემოთ მოგახსენეთ _ ევროილუზიაში ყოფნა უნდა დასრულდეს. როდემდე უნდა ფიქრობდეს საზოგადოება, წელს თუ არა მომავალ წელს ევროკავშირში მიგვიღებენო. მათგან მუდმივად უარყოფითი იმპულსები მოდის _ არჩევნებს არ აღიარებენ, ამ დროს, როცა დასჭირდებათ, საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსნებს ოფიციალურად მიმართავენ. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვინდა ვნახოთ, როგორი მხარდაჭერა გვექნება საზოგადოებისგან, რათა ოპოზიციური პარტია საგინებელი კი არა, იმედის მომცემი იყოს, რომ, თუკი ხელისუფლება შეცდომას დაუშვებს, ამის გაანალიზება და გამოსავლის გზების შეთავაზება შეძლოს. 

თამარ შველიძე