კავკასიელებს არ ჩვევიათ ოჯახური პრობლემების გარეთ გატანა
30-ე წელზე მეტია, რაც თბილისი, სოხუმი და ცხინვალი კონფლიქტის მხარეებად ითვლებიან. „თბილისი, სოხუმი, ცხინვალის“ ფორმატის შექმნა ნიშნავს: ქართველების აფხაზებისა და ოსების თანხმობას საერთო ოჯახში დაბრუნების საკითხზე დიალოგის დაწყებაზე.
ამ ფორმატში პირველი რაუნდის ჩატარება ნიშნავს სტარტს იმ ფინიშისკენ, რასაც გამთლიანებული საქართველო ჰქვია. პროგნოზის სახით ვიტყვი, ფინიშამდე მისასვლელად იმ რაუნდების მეოთხედიც საკმარისი იქნება, რაც დღემდე ჩატარებულა ჟენევის ფორმატში, ანუ ფინიშს უმნიშვნელო პლუს-მინუსით თხუთმეტიოდე რაუნდი გვაშორებს.
რა თქმა უნდა, ეს პროგნოზია, დღეს საფიქრალი კი „თბილისი, სოხუმი, ცხინვალის“ ფორმატის შექმნაა, რათა შემდეგ ამ ფორმატში დადგინდეს პირველი რაუნდის ჩატარების თარიღი. რაც შეეხება პირველი და ყველა მომდევნო რაუნდების ჩატარების ადგილს, ისინი უნდა ჩატარდეს თანმიმდევრობით: თბილისი, სოხუმი, ცხინვალი, ისევ თბილისი და ასე შემდეგ დამაგვირგვინებელ რაუნდამდე.
შეკითხვაზე, რატომ უნდა ჩატარდეს რაუნდები მაინცდამაინც საქართველოს საზღვრებში და არა მის გარეთ, პასუხი მარტივია. „კავკასიელებს არ ჩვევიათ ოჯახური პრობლემების გარეთ გატანა“.
სამწუხაროდ, ცალკე აღებულ ქართულ მხარეს არ შეუძლია „თბილისი, სოხუმი, ცხინვალის“ ფორმატის არც შექმნა და არც პირველი რაუნდის ჩატარების თარიღის დანიშვნა. ამ საქმეს თბილისის, სოხუმისა და ცხინვალის ერთობლივი ძალისხმევა სჭირდება.
ერთობლივი ძალისხმევა რომ სჭირდება ეს გასაგებია; ისიც გასაგებია, რომ ქართულ მხარეს სურს აფხაზების და ოსების საერთო ოჯახში დაბრუნება, მაგრამ თავად აფხაზებსა და ოსებს თუ სურთ ეს? ასეთი სურვილის არარსებობის შემთხვევაში ვერავითარი ფორმატი ვერ შეიქმნება, მაგრამ, როგორ უნდა გაიგონ ქართველებმა აფხაზების და ოსების აზრი საერთო ოჯახში დაბრუნებასთან დაკავშირებით, როდესაც მხარეთა ხელისუფალნი ერთმანეთს არ ეკონტაქტებიან? აზრების გაცვლის ყველაზე ეფექტური გზა, ყოველკვირეული ტელეხიდის მოწყობაა თბილისს, სოხუმსა და ცხინვალს შორის.
ამ ტელეხიდის ქართულ მხარეს უნდა წარმოადგენდეს ისეთი ტელეარხი, რომელიც საქართველოს გამთლიანების საკითხს ყოველკვირეული განხილვის პროგრამაში ჩასვამს და საინტერესო ოპონენტების მოწვევით საკითხისადმი საზოგადოების ინტერესს გაზრდის. სხვადასხვა წლებში განხორციელებული მცდელობები, დამეინტერესებინა ამ იდეით კონკრეტული ტელეარხები, უშედეგო აღმოჩნდა, მაგრამ იდეა არ გამქრალა, ვინაიდან ყოველკვირეული ტელეხიდის მოწყობა სოხუმთან და ცხინვალთან აუცილებელია.
მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცუდი მოსაუბრე ვარ, აფხაზებთან და ოსებთან საქმეზე საუბარი არ გამიჭირდება, ვინაიდან: ვარ 77 წლის, პოსტსაბჭოურ სივრცეში კი ჩემი ასაკის ადამიანებისთვის რუსეთი არ არის ისეთი მონსტრი, როგორადაც გვიხატავს დასავლეთი ათწლეულების განმავლობაში. თავად აფხაზები და ოსები რუსეთის სახით ხედავენ ძლიერ და მდიდარ მეზობელს, რომელიც მათდამი კეთილად არის განწყობილი და მე არ ვაპირებ, აზრი შევაცვლევინო, ვაპირებ მხოლოდ ტელეხიდზე საუბარს და ამ ხიდის მნიშვნელობაზე: თბილისისთვის, სოხუმისა და ცხინვალისთვის.
ყველაზე მტკივნეულ, ოკუპაციის საკითხშიც კი ჩემი ხედვა ბევრად ახლოს არის მათ ხედვასთან, ვიდრე საკუთარი მხარის ხედვასთან. მაგალითად, მე ვიზიარებ მათ აზრს, რომ ოკუპაცია მიზნად ისახავს ოკუპირებული რეგიონების დაცვას, ქართული მხრიდან ამ რეგიონების ძალით დაბრუნების მცდელობებისგან. ამიტომ, არაერთხელ მითქვამს საგაზეთო პუბლიკაციებშიც და ხელისუფლებისთვის გაგზავნილ წერილებში, რომ ოკუპაცია ხელს არ შეუშლის საქართველოს გამთლიანების მშვიდობიან პროცესს. არაერთხელ მითქვამს, რომ დეოკუპაცია მიიღწევა მხოლოდ საქართველოს მშვიდობიანი გზით გამთლიანების შემთხვევაში. მნიშვნელოვანია ტელეხიდის ამოქმედება, სადაც ქართველები, აფხაზები და ოსები თამამად ისაუბრებენ იმაზე, თუ რა აწყობთ მათ და რა არ აწყობთ.
აფხაზებთან და ოსებთან ხედვების ნაწილობრივი თანხვედრა რომ არც მქონდეს, მაინც ლოგიკური იქნება თუ მშვიდობის საკითხებზე მათთან სასაუბროდ ჩავა „მშვიდობის საფუძვლების ანალიტიკური კვლევების ცენტრის“ თავმჯდომარე. ამ ცენტრში კი თავმჯდომარე მე ვარ, მაგრამ „ფეხებთან მჯდომარე“ უნდა მერქვას, ვინაიდან ხელისუფლებისთვის წერილების წერის მეტს ვერაფერს ვაკეთებ.
ახლა ვიმსჯელოთ იმაზე, თუ რას მოგვცემს ყოველკვირეული ტელეხიდის ფუნქციონირება? დიდი ალბათობით, ტელეხიდის საშუალებით სამივე მხარის საზოგადოება მივა დასკვნამდე, რომ „თბილისი, სოხუმი, ცხინვალის“ ფორმატის შექმნა წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება სამივე მხარისთვის. ამის შემდეგ სამივე მხარის ხელისუფალნი თამამად გადადგამენ საჭირო ნაბიჯებს, ისეთს, რომლის გადადგმას ვერ ბედავენ გეოპოლიტიკურ პროცესებში შესაძლო „გაჭყლეტის“ შიშის გამო. კერძოდ: მხარეთა ლიდერები შექმნიან „თბილისი, სოხუმი, ცხინვალის“ ფორმატს, დანიშნავენ ამ ფორმატში თავ-თავიანთ წარმომადგენლებს, შეთანხმდებიან პირველი რაუნდის ჩატარების თარიღზე და ამით სტარტს აიღებს საქართველოს მშვიდობიანი გამთლიანების პროცესი, რომელიც, ჩემი პროგნოზით, 15-16 რაუნდს მოიცავს. მიაქციეთ ყურადღება, სტარტის აღება ტელეხიდის დამსახურება იქნება, რომელიც ექსკლუზიურად გააშუქებს ფორმატის თითოეულ რაუნდს, პირველიდან ბოლო რაუნდის ჩათვლით. შემდეგ კი, როდესაც ძმები კვლავ საერთო ოჯახში აღმოჩნდებიან, ტელეხიდი ამ დიდი ოჯახის მუდმივ სამსახურში ჩადგება.
როლანდ ნიკოლაიშვილი
595 26 77 59

