ყველა რელიგია იმ უფლის რწმენაა, რომელიც კაცობრიობის შემოქმედია

ყველა რელიგია იმ უფლის რწმენაა, რომელიც კაცობრიობის შემოქმედია

(დასასრული. დასაწყისი იხ. „სგ“ N7)
_ მამაო, ამ გახსენებაზე _ თვეების წინათ, მე და ქალბატონი რედაქტორი სტამბოლში ვიყავით და ამხელა ქალაქში შემაწუხებლად ბევრი მეჩეთი მოგვეჩვენა, მით უმეტეს, რომ გაძლიერებულად და გაბმით ისმოდა მოლას ხმა. ჩემდა უნებურად დამებადა აზრი, ალბათ, უცხოელსაც ასეთი შეგრძნება აქვს თბილისში-მეთქი...
და კიდევ, მსოფლიო საპატრიარქოში წირვას შევესწარით და მეჩეთებშიც, სადაც, ფაქტობრივად, მათ ლოცვებს ვესწრებოდით. მე არა, მაგრამ ქალბატონი რედაქტორი შეფიქრიანდა, ცოდვას ხომ არ ჩავდივართო?
_ ცოდვას მაშინ სჩადით, როდესაც სვეტიცხოველში შედიხართ ისე, რომ გულსა და გონში ღმერთი გყავთ დატყვევებული და კარს არ უღებთ! რწმენა რომ არ გაქვს, სადაც გინდა შედი და გამოდი, რა მნიშვნელობა აქვს? მოხეტიალე ურწმუნო ტურისტს საზღვრები არ აქვს...
ჩვენში გაჩაღებული ტაძრების მშენებლობამ, ამ „აღმშენებლობამ“ ისტერიული და ბრიყვულ-გაუაზრებელი ფორიაქის სახე მიიღო. მავანთა მოსაზრება, რომ ეკლესიათა სიმრავლე გადაარჩენს საქართველოს, ყოვლად უსაფუძვლო იმედია, რადგან ყოველი სასიცოცხლოდ გაჩენილი ერი ჯერ სამშობლოს აშენებს და შემდეგ დგამს ხილულ სულიერ ტაძარს, რომელიც მისი რაობის, ზეპურობისა და საკაცობრიო ფუნქციის გამომხატველია. ყოვლად გაუგებარია მონასტრებისა და ბერების მომრავლება შუა თბილისში მაშინ, როდესაც პერიფერიები სრულიად მოკლებულნი არიან სულიერებას. ან რა აზრი აქვს ბერების ცხოვრებას უდაბნოებსა თუ მიუვალ ადგილებში?
ბერობა მხოლოდ მაშინაა დიდებული, თუ მის არსში თავგანწირვა ძევს...
ადამიანმა უნდა აღადგინოს უპირველესად თავისი მესიანური ფუნქცია, რათა შემდგომში იქცეს შემოქმედად საკუთარი ისტორიისა და კულტურისა. 
_ ანუ, ერი ავად არის?
_ წინასწარგანზრახული შორსგამიზნული მანქანებით უჯანმრთელეს ერს დაუღალავად აავადებენ...
_ აბა, ახლა როგორ არ ვიკითხო რატომ-მეთქი?
_ იმიტომ, რომ ერთი ქართველიც არ დარჩეს სულიერად ჯანმრთელი და ხორციელად ჯანსაღი!
მუშაობს დაქოქილი მანქანა _ უკურნებელი სენი შეგვეყარა ქართველებს, კერპთთაყვანისმცემლობა, რომელიც მთელი საზოგადოების თანმდევად იქცა, არადა, ეს ის საშიში სენია, რომელიც რეალობის დანახვას გვიშლის, რადგან ეს სენი უსასოოდ დარჩენილი ადამიანების ბოლო ნავსაყუდელია, სენი, რომლის იქით მხოლოდ სიცარიელე და სულიერი სიკვდილი მეფობს.
ერთგვარად ბერობასთან მივდივართ, ბერობა კი თავისი არსით სიცოცხლის უარმყოფელია. იგი ყოველგვარ ამქვეყნიურს „ეშმაკის მანქანებად“ მიიჩნევს. მისი მოღვაწეობის ძირითადი მიზანია გაუთავებელი ლოცვით სულის ცხოვნება.
ღმერთმა ყველას ხელი მოუმართოს, მაგრამ ასეთი ფილოსოფია ვერავითარ მნიშვნელოვანს ვერ შექმნის, რადგან თავისი არსით ქრისტესმიერი სწავლების საწინააღმდეგო აზროვნებაა. თვალსაჩინოებისთვის ისევ გადავხედოთ ქრისტეს სწავლებას.
რქუა უფალმა „შევქმნათ კაცი (ადამიანი) სახედ და ხატად ჩვენდა“ და იქმნა ასე. მას შემდეგ, რაც ადამიანმა აზროვნებისა და დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების უნარი შეიძინა (ედემის ბაღის შემდეგ), უფალმა ისინი აკურთხა შემოქმედებითი შრომისთვის, რათა მოხნან, დათესონ და მოიუნჯონ ქვეყანა. მას შემდეგ კაცობრიობის ისტორია ჭეშმარიტი ღმერთის ძიების პროცესშია. ბოლოს მამაღმერთმა, პირველსაწყისმა, თავისი დიდი საიდუმლოს ღირსი გახადა კაცთა მოდგმა და სიბრძნე ცარგვალისა მოგვევლინა ვითარცა ქრისტე. მას შემდეგ ადამიანი იქცა საყდრად სულისა წმიდისა, ხოლო ტაძარი (ეკლესია) შესავანებლად ქრისტეს სიბრძნით განათლებულ ადამიანთა.
ხშირად გვესმის ერთი და იგივე სენტენცია, რომ „ქრისტე არს სიყვარული“. სადავო არ არის, რომ სიყვარული არის ქრისტიანული აზროვნების საფუძველი, რადგან სიყვარული ბადებს შენების, თავგანწირვის და ქრისტეს ნების საფუძვლებს. ღვთაებრივი არის სიცოცხლე „რადგან იგი ყოველგან არს და ყოველსავე აღავსებს მადლითა თვისითა“. სიცოცხლე არის ის სივრცე, სადაც ვლინდება ღმერთი და მისი ღვთაებრივი პროვიდენცია, ვინც ეს არ იცის და რაღაცას კი ეპოტინება, პრიმიტიული ეგოისტია. იგი ვერასდროს შესწვდება მოყვასისთვის, ქვეყნისა და მისი მომავლისთვის თავგანწირვის დიდებულებას.
ბერობა არც სიბრძნის კრიტერიუმია და არც მოქალაქეობის ნიშანი, იგი პასიური პიროვნების პასიური ცხოვრების წესია. ისტორიამ თუ შემოინახა რამდენიმე ბერის ღვაწლი, ეს ბერობის შედეგი კი არ არის, არამედ ადამიანის პირადი ნიჭიერებისა. ბერობის მენტალობის კაცი აბსტრაქტულ ღვთის ნებაზეა გამობმული და ვიდრე უფალი არ მოიყვანს მოსავალს, თავად არაფრის მქნელი არ არის. ბერი არ არის სატანის საბრძანებლის დამამხობელი, მას არ აქვს ის სულიერი ძალა, რაც ამისთვის საჭიროა. ბერობა არც ჭკუის, არც ნიჭის და არც ზეგარდმო მადლის ნიშანი არ გახლავთ...
ჩვენ სამშობლო აღარ გვაქვს. მასზე ფიქრი ატმოსფეროში შემოჭრილ კომეტას ჰგავს, რომელიც იწვის, ინავლება და მალე გაქრება კიდეც. თქვენ ოპტიმიზმის საფუძველი აღარ გაქვთ, ოპტიმისტები ბრუციანები იბადებიან...
ადამიანთა ერთი ნაწილი დაჟინებით ცდილობს, თვალი აარიდოს რეალობას და ასე გაილია წლები. ქვეყანა ისე დაგვექცა თავზე, არც გული გვტკენია და არც შუბლი გაგვცხელებია...
ხელისუფლება კარგა ხანია, საზოგადოების დიდი ნაწილისთვის აღარ არსებობს; არსად ჩანს რეალური ოპოზიცია, ამიტომ, ბალღური ტიტინი მამულიშვილობის შესახებ უნდა შეიცვალოს კონკრეტული ქმედებით. მხოლოდ ამგვარი დასაწყისით შეიძლება საერთო სახალხო საქმის, ქვეყნის აღმშენებლობის დაწყება.
_ კონსტიტუციურ მონარქიაზე მინდოდა მეკითხა, მაგრამ გადავიფიქრე, სხვა დროს იყოს...
_ თუ ღვთის ნებით, ის „სხვა დრო“ ადგილზე იქნება...
_ ოპტიმისტი ვარ _ იქნება! მამაო, მე რომ ერთი რიგითი მორწმუნე, მართლმადიდებელი მკითხველი ვიყო, აუცილებლად დამებადებოდა შეკითხვა: წესია, რომ სასულიერო პირთან საეკლესიო თემებზე ხმაშეწყობილად და მოკრძალებით საუბრობენ, ეს კი რანაირი კითხვა-პასუხებიაო?
_ უპირველესად _ სასულიერო პირად არ დავბადებულვარ, ახალგაზრდობაში უმაღლესი განათლება მაქვს მიღებული და პროფესიას ვარ დაუფლებული _ ბევრი მღვდელი უნახავთ, წმინდა გიორგი ღვთისმეტყველის ნათქვამ სიტყვას მშვიდობის შესახებ საქმით ასრულებდეს, ავტომატით ხელში მისი სამშობლოს მტრებს ხოცავდეს?
შემდეგ _ სასულიერო საკითხებისთვის ეკლესია-მონასტრებია მრავლად და არა ჩემი ოჯახური ატმოსფერო, აგერ, ჩემმა მეუღლემ ტკბილი სუფრა რომ გაგვიწყო; 
და კიდევ შემდეგ _ ვინც მე და შენ განგვიკითხავს, თავადვე განიკითხებიან უფლისაგან!
დიდება უფალს!
ესაუბრა
მაია ჭელიძე