ლევან მამალაძე: კავკასიაში პოლიტიკური მოთამაშეები შეიცვალნენ
გვესაუბრება „სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის“ ხელმძღვანელი ლევან მამალაძე:
_ ბატონო ლევან, აბუ-დაბიში ალიევსა და ფაშინიანს შორის სამშვიდობო შეთანხმების, საზღვრის დემილიტარიზაციისა და ზანგეზურის დერეფნის გახსნის საკითხებზე მოლაპარაკება გაიმართა...
_ საქმე ისაა, რომ კავკასიაში ვითარება ძალიან სწრაფად შეიცვალა. ცვლილებები მას შემდეგ დაიწყო, რაც აზერბაიჯანმა ტერიტორიული მთლიანობა აღიდგინა, ანუ ყარაბაღის თემა მოაგვარა, რამაც სომხეთის რუსეთზე განაწყენება გამოიწვია. რუსე|თ-აზერბაიჯანისა და რუსეთ-სომხეთის დაძაბულობის ფონზე, სომხეთი დასავლეთისკენ გადაიხარა და ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი შეიტანა. აზერბაიჯანი უფრო მეტად დაუახლოვდა თურქეთს და ირანთან პრობლემების მოგვარებაც დაიწყო. ამ ვითარებაში ზანგეზურის დერეფნის საკითხი აქტუალური გახდა. ფაშინიანმა ამ საკითხის ბოლომდე მოგვარება გადაწყვიტა.
ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ, ფაშინიანი დარწმუნდა, რომ აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულება უნდა გაეფორმებინა და ზანგეზურის დერეფნის გახსნის საკითხიც გადაეწყვიტა. ასე რომ, აბუ-დაბის მოლაპარაკებები კონკრეტული სამოქმედო გზაა, თუ როდის მოეწერება ხელი სამშვიდობო შეთანხმებას, როგორ მოხდება საზღვრის დემილიტარიზაცია და ზანგეზურის დერეფნის გახსნა.
კავკასიაში მოთამაშეები იცვლებიან. რუსეთმა აქცენტი უკრაინაზე გადაიტანა, რამაც რეგიონში თურქეთის გაძლიერება გამოიწვია. დღეს სომხეთი აზერბაიჯანს რუსეთის შუამავლობის გარეშე ელაპარაკება, რაც აბსოლუტურად ახალ რეალობას ქმნის: ერთი მხრივ, სომხეთის, როგორც ტრანზიტული ქვეყნის ადგილი გამოიკვეთა. ვფიქრობ, თურქეთი და აზერბაიჯანი სომხეთს დაჰპირდნენ, რომ ის ზანგეზურის დერეფნის გახსნით გარკვეულ პრეფერენციებს მიიღებს. აზერბაიჯანი და ნახიჩევანი ერთიანდებიან. ეს უკანასკნელი პირდაპირ თურქეთს ესაზღვრება. ზანგეზურის დერეფნის გახსნით თურქეთ-აზერბაიჯანის ტერიტორიის შეკავშირება მოხდება. თურქეთი როგორც მოთამაშე, კასპიის ზღვაში ძლიერ ძალად წარმოჩნდება, ცენტრალურ აზიასთან პირდაპირი კავშირი გაჩნდება.
ერდოღანის ოცნებაა დიდი თურანული გაერთიანების შესახებ, რაც თურქულენოვანი ქვეყნების გაერთიანებას გულისხმობს. ამ მხრივ გარკვეული ეტაპობრივი სამუშაოები მიმდინარეობს _ რა სახეს მიიღებს, დრო გვიჩვენებს. კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში დიდი თურანის მონახაზი არსებობს და სხვადასხვა რუკასაც ხატავენ. საქართველო ყველა სცენარისთვის მზად უნდა იყოს. ჩვენთვის მთავარია, რომ, მიუხედავად ისტორიული პრობლემებისა, ჩვენ თურქეთთან პარტნიორული, სტრატეგიული ურთიერთობები გვაქვს. ასევე, საქართველოს ნორმალური ურთიერთობები აქვს კავკასიის ყველა რესპუბლიკასთან, ცენტრალურ აზიასთანაც. ანუ, ჩვენ თურანული გაერთიანების ფორმატი საქართველოს გასაძლიერებლად უნდა გამოვიყენოთ.
_ რა თვალსაზრისით?
_ ჩვენ, უპირველესად, ეკონომიკური პრეფერენციების მიღება გვჭირდება. სომხეთის ჩართულობა ზანგეზურის დერეფნის გახსნის კუთხით, კონკურენციად არ უნდა აღვიქვათ. შავი ზღვის მიმართულებით ენერგეტიკული ტრანზიტები საქართველოს გავლით წავა. ასე რომ, ჩვენ დიდი პლუსი გვაქვს იმ კუთხით, რომ გახსნილია ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი, რომლის გაძლიერებას ყურადღება უნდა მივაქციოთ. საერთო სატრანზიტო კონტექსტში გასათვალისწინებელია არამარტო ჩინეთი-ევროპის დამაკავშირებელი ხაზი _ შუა დერეფანი, რაც საქართველოზე გადის, არამედ მეორე მნიშვნელოვანი პროექტი _ სამხრეთის კორიდორიც, რაც სათავეს სანკტ-პეტერბურგიდან იღებს და მერე აზერბაიჯანით ირანზე, პაკისტანსა და ინდოეთზე გადის. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტია. დამატებით სხვა სერიოზული პროექტების ამუშავებაც შეგვიძლია: ეს ცხინვალსა და აფხაზეთზე გამავალი გზებია.
დასავლელი პროპაგანდისტები ამბობენ: გზა არ უნდა გაიხსნას, ურთიერთობები არ უნდა დამყარდესო. ამგვარ აგენტებს სწორედ დასავლეთი აფინანსებს. ჩვენ ცვლილებებს შემდეგი ლოგიკით უნდა შევხედოთ: ცხინვალზე გამავალი გზის გახსნით, უპირველესად, ლარსის საბაჟოს განვტვირთავთ. ეს საშუალებას მოგვცემს, იქაური დე-ფაქტო ხელისუფლება ინტეგრაციულ პროცესებში, ტრანზიტულ საქმიანობაში ჩაერთოს. აფხაზეთზე გზის გახსნა საშუალებას მოგვცემს, არამარტო საგზაო, არამედ სარკინიგზო ხაზიც ავამოქმედოთ. ეს ჩრდილოეთ-სამხრეთის დამაკავშირებელი დერეფანი იქნება. ანუ, აფხაზეთიდან სარკინიგზო ხაზის გახსნით საქართველოზე გამავალი დამატებითი სატრანზიტო საშუალება გაჩნდება. მსგავსი გზების გახსნა, როგორც საავტომობილო, ისე სატრანზიტო, საპორტო მომსახურეობაზე იქნება მიბმული. შედეგად, ანაკლიის პორტის დატვირთვა უფრო მეტად გამოიკვეთება.
აქვე აღსანიშნავია, რომ ირანში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა არ დაუბომბავთ. ამ მიმართულებებს მეტი დატვირთვა აქვთ. გავითვალისწინოთ ისიც, რა განაცხადა ტრამპმა, ირანთან დაკავშირებით, გარკვეული სანქციები შემსუბუქდებაო. ანუ, ჩრდილოეთისა და სამხრეთის დამაკავშირებელი გზების დატვირთვა აქტუალური გახდება. ამ მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ. ამ პროცესებს თუ ჩამოვრჩით, თავს ვავნებთ.
_ მაშ, რა გზით უნდა მოხდეს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა?
_ ეს ინტეგრაციით უნდა მოხდეს და პირველი ნაბიჯი სწორედ გზების გახსნაა. მაგალითად, რა პრობლემაა თბილისი-ცხინვალის მიმართულებით ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენა?! ამის მერე განვსაზღვრავთ, რამდენად შეგვიძლია რუსეთისკენ მიმავალი გზების, იგივე, ლარსის, აფხაზეთის მიმართულების ამოქმედება. მხოლოდ ინტეგრაციით შევძლებთ, კონფლიქტური ტერიტორიები პროცესში ჩავრთოთ, შედეგად, თავად კონფლიქტი მეორეხარისხოვანი გახდება. ამის შემდეგ შესაძლებელი გახდება პოლიტიკური ნაწილის განხილვა, ასევე, ლტოლვლების დაბრუნების საკითხის აქტუალურ ფაზაში შეყვანა და ა. შ. ახლა ისტორიული შანსი გვაქვს, ინტეგრაციულ პროცესებში უფრო აქტიური ნაბიჯები გადავდგათ, რითაც ახალ პერსპექტივებს გავაჩენთ.
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების გაფორმება სერიოზულ პერსპექტივას გააჩენს, რომ კავკასიაში ერთხელ და სამუდამოდ მშვიდობამ დაისდგუროს.
აქვე, მნიშვნელოვანია ანაკლიის პორტის პროექტის ამუშავება. ვფიქრობ, ანაკლიის პორტი მხოლოდ ჩინელებმა არ უნდა ააშენონ. ჩინეთს სახელმწიფომ გარანტია უნდა მისცეს, რომ პროექტი დააფინანსონ, მოლაპარაკების გზით პროცენტი შეუმციროს და სხვა პარტნიორებიც შემოიყვანოს, იგივე აშშ, თურქეთი, რუსეთი, თუნდაც ევროკავშირიც. ასე არა დაპირისპირებას, არამედ თანამშრომლობის ფორმატს შევქმნიდით.
ანაკლიის პორტის პროექტი ჩვენი უსაფრთხოების და არა დაპირისპირების გარანტად უნდა ვაქციოთ. ევროკავშირი, აშშ გაღიზიანებულები არიან, რომ აქ ჩინელები შემოდიან. კი ჩინელებმა ტენდერში გაიმარჯვეს, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი გაუკეთებიათ. ჩვენ აქტიური ნაბიჯები უნდა გადავდგათ. აქვე ერთიც გავითვალისწინოთ: ბევრი ამბობს, კავკასიაში რუსეთის პოზიციები შესუსტდაო. თუკი რუსეთის სახელმწიფო ინტერესებს საფრთხე დაემუქრება, ის უფლებას იტოვებს, შესაბამისად იმოქმედოს.
_ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმებაში რუსეთი შუამავალი არ არის, მაგრამ რა ხდება საქართველოსთან მიმართებით?
_ უნდა გვესმოდეს, რომ ეს სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტის მსგავსი თემა როდია, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი პირდაპირ რუსეთთან კავშირშია _ მასთან დალაპარაკების გარეშე ეს პრობლემა არ მოგვარდება. ამიტომ ჩვენ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე უნდა ვიმოქმედოთ _ შუამავალი არ გვჭირდება, რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებები უნდა გაიხსნას. მეტსაც გეტყვით, მასთან დიპლომატიური ურთიერთობები უნდა აღდგეს და ყველა სატრანზიტო გზა უნდა გავხსნათ. ინტეგრაციის გარეშე ამ საკითხს ვერ მოვაგვარებთ. პირველ ეტაპზე პოლიტიკა გვერდზე უნდა გადავდოთ.
ასევე გასათვალისწინებელია, რომ სოხუმსა და ცხინვალში აქ მიმდინარე პროცესებს თვალს გაფაციცებით ადევნებენ. თუ დაინახეს, რომ რაღაც საკითხები მათი ინტერესების გათვალისწინების გარეშე წყდება, ამას ხელს შეუშლიან. ამით პრობლემები რუსეთსაც შეექმნება. მას კი დამატებითი პრობლემების შექმნა არ აწყობს. ზოგი ამბობს, რუსეთმა ჯერ ტერიტორიები დაგვიბრუნოს და მერე ვილაპარაკოთო. ასე ვერ მოხდება. ვიმეორებ, ერთადერთი სწორი გზა ინტეგრაციული პროცესების დაწყებაა. სხვა თემები, დღის წესრიგში ავტომატურად მხოლოდ ამის შემდეგ დადგება. ბიზნესპროექტებისა და ინტეგრაციული, სატრანსპორტო კორიდორების ამუშავებით ახალი რეალობა უნდა შევქმნათ, რაც შესაძლებელი მხოლოდ რუსეთთან მოლაპარაკებით არის. რაც ადრე დავიწყებთ ამ პროცესს, მით უკეთესი. ისედაც ბევრი დრო დავკარგეთ.
დააკვირდით, 2022 წლის შემოდგომამდე რუსეთს აფხაზეთსა და ცხინვალში ფული არ ჩაუდია, ინვესტიციები არ განუხორციელებია. ამ რეგიონებს მხოლოდ ინფრასტრუქტურულ საკითხებს უგვარებდა, მათი განვითარება კი არ მომხდარა. შარშან ვითარება შეიცვალა _ სოხუმში ფრენები გაიხსნა, ასევე, რუსეთიდან სოხუმამდე შემომავალი რკინიგზაც გახსნეს, ტურისტების ნაკადები გაზარდეს, დაგეგმილია სანაპირო ზოლებისა და პორტების რეკონსტრუქცია. ამით იმის თქმა მინდა, რომ ჩვენ ასეთ იზოლაციურ მდგომარეობაში ყოფნა დიდ საფრთხეს გვიქმნის. ამ ხნის განმავლობაში ამ ტერიტორიების პირდაპირი ინვესტირება და რუსეთთან ინტეგრაცია არ მომხდარა, რაც ახლა აქტიურ ფაზაში შევიდა. თუ ჩვენი ქვეყანა პროცესებში არ ჩაერთო და სიტუაცია თავის სასარგებლოდ არ გამოიყენა, მალე საქართველოს ადგილი იქ აღარ დარჩება. ტერიტორიები მაშინ იკარგება, როცა აღარც წვდომა გაქვს, აღარც ხალხი გყავს და აღარც შინაარსობრივი ბმა. ამ თვალსაზრისით საფრთხე დიდია.
ამიტომ მიმაჩნია, რომ ხელისუფლებამ ამ პრობლემას დროულად უნდა მიხედოს და ლოდინის რეჟიმიდან გამოვიდეს. ვიმეორებ, ცხინვალთან, აფხაზეთთან გზები სასწრაფოდ უნდა გაიხსნას, წინააღმდეგ შემთხვევაში, სურვილები სურვილებად დაგვრჩება და ამ ტერიტორიებს რუსეთი აითვისებს.
საერთო კავკასიური პრობლემებიდან გამომდინარე, დემოგრაფიის კუთხით სახიფათო მდგომარეობაა _ სასაზღვრო რეგიონები დაცარიელებულია. მაგალითად, ჯავახეთში ხალხი აღარ ცხოვრობს. როცა გვერდით ასმილიონიანი მეზობლები გვყავს, ტერიტორიებს ცარიელს დიდი ხნით არ დატოვებენ. ჩვენ არ გვაქვს რესურსი, თავი მოვიმაგროთ და ეს ტერიტორიები შევავსოთ. დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების თვალსაზრისით, საჭიროა სახელმწიფო პროგრამის ჩამოყალიბება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ტერიტორიები შეიძლება ისე დავკარგოთ, რომ ომი არც დაგვჭირდეს. ამიტომ დროულად გამოვფხიზლდეთ და ერთმანეთის ქიშპობაზე კი არა, სახელმწიფოს გაძლიერებაზე ვიზრუნოთ.
თამარ შველიძე

