ისპაჰანიდან ვაშინგტონსა და ბრიუსელში „ჩერეზ“ მოსკოვი აკვირდებით?

ისპაჰანიდან ვაშინგტონსა და ბრიუსელში „ჩერეზ“ მოსკოვი აკვირდებით?

ალბათ, აკვირდებით, როგორც კი ჩვენი ქვეყნის გარშემო სიტუაცია მძიმდება, ან ქვეყნის შიგნით პრობლემები ჩნდება, დაქირავებული აგენტურა ეგრევე წამოჰყოფს ხოლმე თავსა და იწყება გაუგონარი ცილისწამება. არა, ცილისწამება რბილად ნათქვამია, ეგრევე იწყება პროვოკაციების სერია, ვისაც როგორ შეუძლია, ისე ღალატობს საქართველოს. ასე მოხდა ამ დღეებშიც, როცა აშშ-მ და ისრაელმა ირანს დაარტყეს, ლამის მთელი მთავრობა ამოხოცეს, მათი სულიერი ლიდერი და კიდევ 170 ბავშვი მოკლეს. საერთოდ, ქართველი კაცი მიმტევებელი, შემწყნარებელი და ტოლერანტია, ყოველთვის დგება დაჩაგრულის მხარეს, თუნდაც ზღვა ემართოთ სისხლისა. ბუნებრივია, ირანში დატრიალებულმა ტრაგედიამ ჩვენშიც გამოიწვია უკურეაქცია და სწორედ ამას მოჰყვა აგენტურის გააქტიურება და ათასნაირი პროვოკაციის აგორება - უბრალო თანაგრძნობა წარმოაჩინეს ისე, თითქოს საქართველოს ხელისუფლება პროირანულია, „ქართული ოცნების“ მომხრეები მტრის მხარეს დგანან და ასე შემდეგ. ღვაწლმოსილ აგენტთა შორის ამჯერად ყველაზე „ნაყოფიერი“ მაინც თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინათინ ხიდაშელი აღმოჩნდა. მართალია, თინათინი ამ ეტაპზე ტაივანის სასარგებლოდ მუშაობს, მაგრამ, როცა სიტუაცია იძაბება, სხვა ქვეყნების დავალებებსაც ასრულებს. მოკლედ, გამოიყვანეს ეს ქალი ტელევიზორში და ალაპარაკეს, თითქოს გარდაბანში რაღაც დაურეგისტრირებელი უნივერსიტეტი არსებობს, სადაც ირანელები ტერორისტებს ამზადებენ. ჯერ თქვა, სკოლააო, მერე - უნივერსიტეტიაო. ამაზე საზოგადოებაში ხიდაშელისთვის არც თუ სახარბიელო რეაქცია მოჰყვა, ხალხმა მოითხოვა მტკიცებულება და ამის გამო კიდევ გამოიყვანეს ტელევიზორში. აქ უკვე დააკონკრეტა: თურმე უნივერსიტეტი, რომელიც გარდაბანშია გახსნილი, რეგისტრირებულია ირანში და არის გუშაგთა არმიის მოსამზადებელი სასწავლებელი. რექტორი არის ვაშაყმაძე, რომელიც პერიოდულად ხვდებოდა ალი ხამენეის. აქ საუბარია რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელზე, ზაზა ვაშაყმაძეზე. სანამ თინათინს მეორედ გამოიყვანდნენ ტელევიზორში და პროვოკაციას მოაწყობინებდნენ, მანამდე გავრცელდა კახა კალაძის კომენტარი - მან თქვა, ხიდაშელის განცხადებით უსაფრთხოების სამსახური უნდა დაინტერესდესო. თინათინმა - მე კალაძის მუქარისა არ მეშინიაო, ეგ ამბავი გარდაბანში 2010 წელს დაიწყოო. ოპააა, აქ უკვე გაიჭედა ტაივანის აგენტი - თუ ე. წ. ტერორისტების მომზადება 2010 წელს, ანუ სააკაშვილის ხელისუფლების დროს დაიწყო, რატომ ადრე არ თქვა? ან რატომ მაშინ არ თქვა, როცა თვითონ თავდაცვის მინისტრი გახდა? არ ევალებოდა? ვალდებული არ იყო? არ იცოდა? აგერ, თვითონ ამბობს, 2010-ში დაიწყოო. არა, ამ შემთხვევაში თინათინი კალაძეს იქით უტევს:  
„მოვისმიმე კახა კალაძის სიტყვები, სადაც ის პირდაპირი მნიშვნელობით იმუქრება, მიმართავს სამართალდამცავებს, რომ დაინტერესდნენ ჩემით, ამისთვის აუცილებლად ჩემი პასუხისმგებლობა უნდა დადგეს“. 
იუკადრისა ქალბატონმა, ეს როგორ და რანაირადო? თქვენი არ ვიცი და... მე ხან მგონია, რომ ამას იურიდიული ფაკულტეტი ზოგიერთივით, მაღარიჩებით აქვს დამთავრებული. ესე იგი, რაღაც სკანდალურს აბრეხვებს და თან უკვირს, კალაძემ ეგრე უხეშად რატომ თქვაო? ეგ ნაღდად მემუქრებაო. ესეც რიგითი აკაცუკივით იქცევა - არიქა, პროკურატურავ, მე კი არა, ამ საქმეზე კალაძე დაკითხეთო, მაგან უპასუხოს შეკითხვებსო. თინათინი უფრო შორს მიდის, მე სადაც ჩავდივარ, სახელმწიფო დეპარტამენტში თუ კონგრესში, ყველგან ვაშაყმაძისა და ხამენეის ერთად გადაღებული სურათი უდევთ და მეკითხებიან, ეს რა უბადურებააო? გესმით? როცა თინათინს სახელმწიფო დეპარტამენტსა და კონგრესში იწვევენ, როცა მას ალაყაფთან ყვავილებით ხვდებიან, მერე კაბინეტებში ვაშაყმაძე-ხამენეის სურათი უდევთ და თავებს აქეთ-იქით აქნევენ, ეს რა უბედურებააო? ამით ხიდაშელი გვაჩვენებს, არაფერი შეგეშალოთ, მე აშშ-ში ძაან მიღებული ქალი ვარო. აკი გვემუქრება კიდევაც, როცა ეს ომი დასრულდება, ამერიკელები მოიკითხავენ, ვინ საით იყო ამ დროს და უნდა გეშინოდეთო. ა, ბატონებო და ქალბატონებო, ესენი (ამისი წინაპრები) დადიოდნენ ხან ისპაჰანში (ამათებურად - ისპანახში) და ეხვეწებოდნენ შაჰებს, ესა და ეს დასაჯეთ, მეფეები დაასანქცირეთ, დანარჩენებს კიდევ თავები მოჰკვეთეთო. ესენი დარბოდნენ მოსკოვებში და ჟღარუნჟღურუნების სანაცვლოდ სულებს ჰყიდიდნენ. მერე ბოლშევიკები მოვიდნენ და სულ კალმები ეჭირათ ხელში, „დანოსებს“ „დანოსებზე“ წერდნენ, ასი ათასობით ადამიანი ჩააწვინეს სამარეში. სისხლი ყივის, სისხლი ვერ ისვენებს, ზვიად გამსახურდიაც ასე დაამხეს, სხვისი ხელით და სხვისი დახმარებით. მე ვარ მოწმე, როგორ წერდნენ ინტელიგენციის ე. წ. წარმომადგენლები წერილებს რუსეთის პრეზიდენტ ბორის ელცინს - ბორის ნიკალაევიჩ, საქართველოში პროვინციული ფაშიზმი დამყარდა, გვიშველე, მოგვეხმარეო. ეს წერილები მაშინ ტელე-რადიო კომიტეტში მზადდებოდა და ხელმოსაწერად კაბინეტიდან კაბინეტში დაჰქონდათ. ბევრი აწერდა ხელს, ბევრი მოსთქვამდა და როგორც ახლა დემაგოგობენ, მაშინაც ასევე დემაგოგობდნენ. იცით, შემდეგ რა ხდებოდა? ზუსტად ისეთივე შინაარსის წერილები მოდიოდა პასუხად, როგორსაც ახლა ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი აგზავნის. მოდი, ვნახოთ, როგორ რეაგირებას ახდენს ქალბატონი ურსულა ზურაბ გირჩი ჯაფარიძის, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ლევან ხაბეიშვილის, ელენე ხოშტარიას, გიორგი ვაშაძის, ირაკლი ოქრუაშვილისა და გივი თარგამაძის „დანოსზე“:
„მადლობას გიხდით თქვენი ერთობლივი წერილისთვის, რომელშიც გამოთქმულია შეშფოთება საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით. ევროკავშირი გააგრძელებს ძალისხმევას ქართველი ხალხის დემოკრატიული, სტაბილური და ევროპული მომავლისთვის. ჩვენ კვლავაც მოვუწოდებთ საქართველოში ყველა პოლიტიკურ აქტორს, იმუშაონ ამ მიზნის მისაღწევად“.
გაიგონეთ? ჩვენ კვლავაც მოგიწოდებთ, „დანოსების“ წერას თავი არ დაანებოთ ნეგატიურ მოვლენებთან დაკავშირებითო. ჩვენ გვქონდა მტკიცე რეაქცია და საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდეთ, გაათავისუფლოს ყველა ჟურნალისტი, აქტივისტი და უსამართლოდ დაკავებული პირიო. ნეტავ, რამდენი ჟურნალისტია დაკავებული? მხოლოდ ერთი და ისიც ხულიგნობისთვის. აქტივისტებიო, უსამართლოდ დაკავებულებიო, ამ დროს არც ერთი არ არის უსამართლოდ დაკავებული. იცით, ადრე, წლების წინ ვინმეს რომ ეთქვა, ევროპა ჩალით არის დახურულიო, დავცინებდი და ხმას აღარ გავცემდი. ახლა კი, ახლა, ეეეჰ, საკუთარი თვალით ვხედავ, ევროპა იმაზე მეტად არის დახურული ჩალით, ვიდრე ინკვიზიციის პერიოდში იყო. თან არ დაგავიწყდეთ, ჩალა ნამეტნავად დალპა. მხოლოდ ევროპა? - არა, ამერიკაც. 
ურსულა დეიდა „დანოსჩიკებს“ ამშვიდებს, ჩვენ გამოვთქვით შეშფოთება საარჩევნო დარღვევებზე და კვლავაც გამოვთქვამთო, არ მოდუნდეთო, შეიძლება უახლოეს ხანში უვიზო მიმოსვლა მთელ საქართველოს შევუჩეროთო, ეს მაგრად მოგეწონებათო. საქართველომ კიდევ უფრო დაიხია უკან მმართველობის, კანონის უზენაესობის, ვიზების შესაბამისობისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ძირითად კრიტერიუმებშიო. არადა, ერთმანეთის მიყოლებით ყოველდღე ქვეყნდება საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევები, სადაც საქართველო ჩამოთვლილ ყველა საკითხში მოწინავეა. 
დაძაბული სიტუაციით ასევე ისარგებლა ციხიდან ახლად გამოსულმა ნიკა გვარამიამ. მისი მტკიცებით, ამ დღეებში ირანი თბილისი-ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენს დაბომბავს. გვარამია ამბობს, ეს ინფორმაცია ამერიკულ გამოცემებშია გაბნეულიო. მარტო ამან ნახა, წყაროს არ ასახელებს. ეს უფრო მისი სურვილი მგონია, ვიდრე რეალობა. შეიძლება, ეჭვი გქონდეს, რადგან ამ მილსადენით ნავთობი ისრაელს მიეწოდება, მაგრამ ასე გადაჭრით ილაპარაკო და პანიკა დათესო, ეს უკვე მავნებლობაა. ამასვე ვიტყვი თინათინ ხიდაშელის საქმეზე, შეიძლება ეჭვი გქონდეს, რომ გარდაბანში რაღაცას მაიმუნობენ, მაგრამ ყველაფრის თქმას თავისი დრო აქვს. ზემოთაც აღვნიშნე და ვიმეორებ, აქამდე სად იყავი, რატომ დუმდი? ააა, ხელსაყრელ დროს ელოდებოდი, რომ საკუთარი ქვეყნისთვის ზურგში მახვილი ჩაგეცა, ხომ? - აი, ამაშია საქმე!
ამ დღეებში ტელე „იმედმა“ ასევე, გაავრცელა ყოფილი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას ასეთი კომენტარი: „ხალხი უნდა დაისაჯოს ვიზით, სხვა არაფერი ჭრის, ფაქტია“. შემდეგ მოდის ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ნინო ლომჯარია ე. წ. ახალი გაერთიანების წევრებთან ერთად გერმანიის ელჩთან იმყოფება. „ქრონიკის“ ინფორმაციით, დისკუსიაში ჩართული ყოფილა გერმანიის ელჩი. ეს კაცი, ეს მამუკა ხაზარაძის მდგმური, გერმანიის ელჩიც მომენტს არ უშვებს ხელიდან, რომ რამე მავნებლობა არ ჩაიდინოს. მე მგონი, საქართველოს ისტორიაში ეს არის პირველი ელჩი, რომელსაც არანაირი კომუნიკაცია არ აქვს ხელისუფლებასთან, ის „თანამშრომლობს“ მხოლოდ აკაცუკებთან და თვითონაც აკაცუკად გადაიქცა. ნინო ლომჯარია თავს იგიჟებს, რუსული პროპაგანდის გავრცელების გამო დასანქცირებული „იმედი„ უზნეო ტყუილს მიგონებს, აუცილებლად სასამართლოში ვუჩივლებო: 
„საქართველოს მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ მეც და ჩემი კოლეგებიც ვაკეთებდით, ვაკეთებთ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებმა ისარგებლონ ყველა იმ სიკეთით, მათ შორის უვიზო მიმოსვლით, რაც ევროკავშირთან ურთიერთობას მოაქვს. ვერ ეღირსებით, თქვენი ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებით საქართველოს მოქალაქეებს წაართვათ უვიზო რეჟიმი და შემდეგ თავხედურად გადააბრალოთ ეს მათ, ვინც ყველაფერს აკეთებს საქართველოს კანდიდატის სტატუსის და უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად“.
ესე იგი, ესენი ცდილობენ, უვიზო მიმოსვლა და კანდიდატის სტატუსი არ შეგვიჩერონ, დღე და ღამე იღვწიან ამისთვის, მაგრამ ხელისუფლებას ერთის გაუქმებაც უნდა და მეორისაც, რათა შემდეგ ყველაფერი ამათ გადააბრალოს. მოკლედ, რააა, არ უფასდებათ ჩვენს სასიქადულო „ენჯეოშნიკებს“ ღვაწლი, უმადურები ვართ. არადა, „იმედმა“ ასევე, გაავრცელა ვიდეო, სადაც კარგად ჩანს, როგორ გადმოდის ლომჯარია ერთი მანქანიდან და გერმანიის ელჩთან ერთად როგორ ჯდება მეორე მანქანაში. იქვე დაიწერა, რომ ეს ქალბატონი გაპარვას ცდილობდა, მაგრამ გამოიჭირეს.
კიდევ ერთი მამალი აკაცუკი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე წინასწარმეტყველებს, რომ ირანი დაბომბავს საქართველოს, უფრო სწორად, საქართველოში ამერიკის საელჩოს. მართალია, 5 მარტს გამოქვეყნდა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, რომ დასაბომბი ქალაქების სიაში თბილისი არ არის, მაგრამ გენერალი მაინც იმედოვნებს, უშვებს ამ ვერსიას. იმის ნაცვლად, რომ სამხედრო პირმა მოსახლეობა დაამშვიდოს, უარესს აკეთებს, პანიკას თესავს. ეს ნახეთ: „ირანის ხელისუფლების ადგილზე, რა თქმა უნდა, შევეცდებოდი, ყველაზე დაუცველ მონაკვეთზე დამერტყა და ყველაზე დაუცველი მონაკვეთი, აზერბაიჯანთან და თურქეთთან შედარებით, საქართველოა“. ეს არის პირდაპირი ღალატი სამშობლოს წინაშე, ამას ყურადღება უნდა მიაქციონ შესაბამისმა ორგანოებმა, ვის რა ჯანდაბად სჭირდება ასეთი გენერალი?!
ახლა ის დროა, როცა გარე მტრებიც ინტენსიურად მუშაობენ. საერთაშორისო მედიაში უკვე გაჩნდა სტატიები (ხიდაშელებისა და სხვათა მცდელობამ ნაყოფი გამოისხა), თურმე ჰადსონის ინსტიტუტში კვლევა ჩაუტარებიათ და აღმოუჩენიათ, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკა გეგმაზომიერად და ორგანიზებულად აფართოებს გავლენას საქართველოში. 
ახლა ნახეთ, რას წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე: „როდესაც თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება, თითქოს საქართველოში ირანის პატრონაჟით რაღაც უნივერსიტეტია, რომელიც რადიკალური ისლამის პროპაგანდას ეწევა და მებრძოლებს ამზადებს, აშშ-ის გავლენიანი ანალიტიკური ცენტრის, ჰადსონის ინსტიტუტის ვებგვერდზე გაჩნდა ყველასთვის ნაცნობ გიორგი კანდელაკის სტატია, რომელიც აშშ-ს აშინებს საქართველო-ირანის მზარდი დაახლოებით და ირანის გავლენების ზრდით“.
ხედავთ, როგორ არიან აგენტები ერთმანეთზე აკინძულები? მათ ერთდროულად ავალებენ და ისინიც ერთდროულად იწყებენ. ეს გახლავთ ორკესტრირებული შეტევა, ეს არის საინფორმაციო ომი. ძალიან რთულია, როცა ცრუ ინფორმაცია ნიაღვარივით მოედინება, ყველაფერზე შეიძლება პასუხის გაცემა და ამათი გაბიაბრუება, მაგრამ მათი მავნებლური მცდელობა ხშირად მაინც ხვდება მიზანში, რადგან საზოგადოების ნაწილი ერთს კითხულობს და მეორეს ვეღარ, ერთს აქცევს ყურადღებას და მეორეს - აღარ. აქ უკვე მუშაობს იოზეფ გებელსის დოქტრინა, დააბრალე იქით სიბინძურე, დაე, თავი იმართლოს. არა უშავს, ამაზე უარესებიც ყოფილა, ესეც გაივლის.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება: „ბოლო დღეების განმავლობაში სხვადასხვა პირის მიერ, საჯაროდ, არაერთი ინფორმაცია გახმოვანდა საქართველოში სხვა ქვეყნების მხრიდან კადრების რეკრუტირების შესახებ და მათ შორის, იყო დადანაშაულება თუ მინიშნებები ტერორიზმის მიმართულებით. ყურადღებით ვაკვირდებით და ვსწავლობთ ამ განცხადებების შინაარსს, აგრეთვე მათი ავტორების მოტივაციას, დაადანაშაულონ საქართველო მსგავს საკითხებში, განსაკუთრებით რეგიონში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების ფონზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ასეთი განცხადებების არცერთ ავტორს სამართალდამცველებისთვის არასდროს არანაირი ინფორმაცია არ მოუწოდებია. დაწყებულია გამოძიება და განცხადებების ავტორებს დაესმებათ კითხვები ყველა მიმართულებით, მათ შორის, საშუალება მიეცემათ, გამოძიების ფარგლებში მაინც მიუთითონ რაიმე კონკრეტული ფაქტის შესახებ“.
7 მარტს თინა ხიდაშელი, გუბაზ სანიკიძე, გიორგი კანდელაკი და გივი თარგამაძე სუს-ში დაკითხვაზე დაიბარეს. ისინი თავიანთივე სურვილით მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხნენ. გუბაზ სანიკიძემ ჩვეული რიხით განაცხადა, რაღაცები მკითხეს, მე იქით დავუსვი შეკითხვები, მაგრამ პასუხები ვერ მივიღეო. ეს ტიპი ძალიან აჟიტირებულია, როცა ქეჩოში წამოჰკრავენ, მერე ჩაწყნარდება ხოლმე, გონორი აქვს, ნუ იტყვით. თინა ხიდაშელმა იგრძნო რა კანონის სუსხი, ეგრევე „დაზადნა“, მე არ მითქვამს, რომ საქართველოში ტერორისტებს ამზადებენო. არადა, თქვა, „იმედმა“ ჩანაწერიც დაუდო, მაგრამ მაინც უარყოფს. ასეთია აგენტის ბედი, თინათინი სადღაც უნდა გადაიჩეხოს. ყველაზე საინტერესო მაინც გივი თარგამაძის გაუჩინარების ამბავი გამოდგა. სუს-მა ჟურნალისტების შეკითხვაზე უპასუხა, გივი თარგამაძეს ტელეფონი გათიშული აქვს, დაკითხვაზე დაბარებას ვერ ვახერხებთო. ეს ფრაზა „ჭუტავიზიის“ მუშაკებმა განცხადებად მონათლეს და ისე გაავრცელეს. ამასობაში გივიც გამოჩნდა, რაც ციხიდან გამოვედი, მთელი „საქოცეთი“ თავს დამტრიალებთ, რას მატრაბაზობთ, რას ვერ მპოულობთ, სად მეძებთ, რა მედიას და ახლობლებს სთხოვთ, ეგებ გააგებინოთო? თუ ძალიან გეჩქარებათ, გამომიგზავნეტ კითხვები, ან დამელოდეთო. გივიც ჩვეულ „ფორმაშია“, იგი კვლავაც მზად არის, სულები ამოგვხადოს. პოლონეთში გაპარულა და იქიდან „ბლატაობს“. დარწმუნებული ვარ, საქმე საქმეზე რომ მიდგება, ესეც „დაზადნავს“, მე ასე არ მითქვამს, მე აქაური არ გახლავართო. არადა, ამანაც თქვა და ზუსტად ასე თქვა: „რეალურად ვართ ჰაბი, სადაც შეიძლება ტერორისტების მომზადება, სანქციებისთვის გვერდის ავლა, ფულის გათეთრება“.
დაკითხვიდან გამოსულმა კანდელაკმა - ჩემი კვლევა ადრე მქონდა მზად, მაგრამ ახლა გამოქვეყნდა, უბრალოდ დროში დაემთხვა ომის დაწყებასო. ესე იგი, ავკაცობა მანამდე ჩავიდინე, ვიდრე ისრაელი და აშშ ირანს დაარტყამდნენო (ამისი კვლევა არ გაიშვა სოფელ ცლუნკაანის გადასახვევამდე, მაგრამ მაინც). კანდელაკმა კიდევ ის დაამატა, მეო, აშკარად ვხედავ, რომ საქართველოში ირანის გავლენა იზრდებაო. აქამდე რუსეთისა იზრდებოდა, ახლა დასჭირდათ და ირანისა იზრდება. მომდევნო დღეს დაკითხვაზე ასევე დაიბარეს გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე. ამ ბედოვლათმა რაც იკადრა, ზემოთ უკვე მოგახსენეთ. 
საქართველოში მოღალატეები მიეჩვივნენ, რომ რასაც უნდათ, იმას ილაპარაკებენ და პასუხს არავინ მოსთხოვთ. ამ ბოლო დროს ასე აღარ არის, ახლა იმასაც უნდა მიეჩვიონ, რომ დააშავებ? ცილს დასწამებ? საკუთარ ქვეყანას უმტრობ? პასუხს აგებ. როცა დასაკითხად დაუძახებენ, ჯერ შეცბებიან, მერე თავიანთი „ფანების“ დასაბოლებლად „აბლატავდებიან“, ბოლოს კი უარყოფენ, რას ამბობთ, ჩვენ მსგავსი არაფერი გვითქვამს, რაღაცა გეშლებათო. ვის რა ეშლება და ვინ რას აშავებს, ამას საზოგადოება კარგად ხედავს, ამიტომ დანდობა აღარ იქნება. 
გელა ზედელაშვილი