გარედან მართვის გარეშე დასაქოქი თოჯინები ვერ მოძრაობენ
მას შემდეგ, რაც ცხრა ოპოზიციური პარტიის გაერთიანების შესახებ გავიგეთ, ოღრიაანთ უბანში, დარჩოს ღობის ჩაყოლებაზე, ხელისცეცებით ვაბიჯებ უსინათლო ბერიკაცივით. ამას კიდევ რა უჭირს, სახეზე ისეთი ამოუცნობი ღიმილი დამთამაშებს, ჭკუაზე აფრაკად ვგონივარ ახალდასახლებულ სხვაუბნელებს. ოღრიაანთ უბანი და დარჩოს ღობე ვაკეშია, სადმე სხვაგან არ გეგონოთ _ აკრძალული შიდა და გარე ვნებების საუფლოა!
რატომ ვარ ასეთ მდგომარეობაში და, იმიტომ, რომ ამ ცხრა პარტიის გაერთიანების შესახებ ისე გამოაცხადეს, ვითომ გუშინ გაიცნეს ერთმანეთი იატაკქვეშა ჯაშუშთა კონფერენციაზე და ისეთი იდეური თანხვედრა იგრძნეს შიგ კოკორში, რომ სასწრაფოდ გაერთიანდნენ იდეების გაფრენამდე.
ბიჯო, ეს არღანმოშლილები იმთავითვე ერთნი იყვნენ და, რაღა გაერთინება აუტყდათ? ესენი იმდენს იზამენ, სანამ ერთმანეთს ცხვირპირიანად არ გაართიანებენ ერთმანეთში, არ მოისვენებენ. თვითონ თუ ვერ შეძლებენ, სხვებს მოსთხოვენ: უკაცრავად, ცხვირ-პირს ხომ ვერ გაგვიერთიანებდითო?
უცბათ ყური მოვკარი, რომ ეს პატივცემული ცხვირპირგასაერთიანებლები სამ პრინციპზე შეთანხმებულან და, ცნობისმოყვარეობის ნერვი ამიცახცახდა, ნეტავ, ამ უპრინციპოებმა რა პრინციპები აღმოაჩინეს-მეთქი?
პირველი პრინციპი ყოფილა „ერთობა ერთფეროვნების გარეშე„. რა ლამაზად ჟღერს მოსაწყენი ერთფეროვნების ნაცვლად მრავალფეროვნება, მიგიზიდავს, როგორც თაფლი ფუტკარს და მეც მივუახლოვდი. არა, რაა, ამათი საშველი არ იქნება! _ ისევ ნეხვის კასრს აბუყბუყებდნენ და მწვანე ბუზებს იხვევდნენ _ იდეოლოგიურ იდენტობას შევინარჩუნებთ, მაგრამ ერთიან საპროტესტო მოქმედებასა და საკომუნიკაციო სტრატეგიაზე ვთანხმდებითო.
მეორე პრინციპს ქურდი კოლასავით მივეპარე და ის მთლად კაი ნირვანაში მიღებული იყო _ „დემოკრატიული ალტერნატივაო„. ოღონდ, სიტყვა „დემოკრატია„ ჩაჩხირონ და თავში იქნება თუ „ტანკში„, აღარ აინტერესებთ. ესე იგი, ბაკქანალიის მონაწილეები თანასწორები იქნებიან და გარე გავლენებისგან თავისუფალი ნების გამოხატვით მიიღებენ გადაწყვეტილებებს.
ფრიად დიდ საგონებელში ჩასავარდნი ამბავია _ იმ გარე გავლენებში ვინ იგულისხმებიან, ან რა იგულისხმება? რაც ამათ გარე-გარე უყვართ და ახლა რა შიდა-შიდა აუტყდათ, ფარცაგი არაფერი მოსწიონ თავს, _ როდის იყო, გარედან დაქოქვის გარეშე მომოძრაობდნენ დასაქოქი თოჯინები...
მესამე პრინციპს ფიჭვის კევის ღლაჭუნით მივადექი და ცხრაჯერ ჩავუღრმავდი ქუდშეტრიალებული: რაო, ვალიკო, რა გვინდაო?!
ასე ჰქვია _ „პოლიტიკური და საზოგადოებრივი კონსესუსი„. ამას ნიკა გვარამიას გარდა ვერავინ ჩამოაყალიბებდა, მის გარდა ამ ცხრიდან არავის აქვს ამ წინადადების ჩამოყალიბების ტვინი, მაგრამ მიზანი დიდებულია! _ „დემოკრატიული კოალიციური ხელისუფლების ჩამოყალიბება, რომელიც გაატარებს აუცილებელ რეფორმებს.„
ის, რომ ერთობლივ განცხადებას ლაიტმოტივად გაედევნებოდა ბოლომდე ბრძოლა _ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებამდე და თავისუფალ, სამართლიან არჩევნებში გამარჯვებამდე, ვიცოდი, მაგრამ საბოლოოდ დავრწმუნდი, თუმცა, იმაში უფრო დავრწმუნდი, რომ ამათ უცხო სხეულის სამარადისო გაჭედვა სჭირთ, ვთქვათ, ჭკუის კოლოფში...
ვაჰ, რაღაცის თუ ვიღაცის უკმარისობის გრძნობა არ მასვენებდა! კიდევ ერთხელ ჩავხედე ცხრა პარტიის ჩამონათვალს და დამდუღრულივით ვიღრიალე: სად არის „ლელო„ და „გახარია„?!
გიგა ფარულავამ სულ თითები შკვირა: ჩვენ პრეტენზიული ტიპები და ტიპშები ვართ, დანარჩენ ოპოზიციასთან პრეტენზიები გვაქვს მანამდე გადადგმულ ნაბიჯებზეო. ეგენი რომ პოლიტიკურ დუმებს ათამაშებენ, ეგრე სადააო! ჩვენ საზოგადოებას პატივს ვცემთ, ამიტომ, ახლა უნდათ_ მჯდომიარეებმა, უნდათ _ მწოლიარეებმა ან სულაც მდგომიარეებმა, აუხსნან საზოგადოებას, რომ თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადესო.
რადგან ხმელეთზე ვერ ვიპოვე „გახარიების„ პრეტენზიაზე პასუხი, დიდხანს ვიყურე ცაში, მაგრამ არც იქიდან ჩამესმა პასუხი და „ლელო„ დამრჩა იმედად.
„ლელომ„ ტლინკი ჰყარა, აქამდე არსებულმა ერთობის ფორმატებმა, რომლებიც შეჩერდა ან ჩაიშალა, საზოგადოების ნდობა მაგრად დააზიანა, ამიტომ, თქვენი ხუნტრუცების რა გვცოდნია, აწი, ჩვენი გზა გვაქვს და საზოგადოებას შევთავაზებთ ალტერნატიულ არჩევანს ოპოზიციაშიცო. კულტურულად ასე თქვეს, თორემ უკულტუროდ კი მიადედისკამუფლიაჟებდნენ, წადი, თქვენი სიაფანდი კარგიცო. ცხადია, იქვე დასძინეს, ამ ცხრა პარტიასთან მიზანში ერთნი ვართ, რეჟიმის ცვლილება კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგასო.
ბიჯოო, რას იტანჯებიან, რას მიედ-მოედებიან, რაგინდ ცალ-ცალკე იყვირონ, მაინც ერთნი არიან და რას ცირკაჩობენ?
კიდევ რაღაც წიკო-მაკო ოპოზიციური კვირტები რომ არიან, მაგრამ იგივენი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის„ დაშლილების დანაშალი, ისინი სიაფანდი სიხარულის ნაპერწკლებს ყრიან, რაც ერთობლიობაში ანა დოლიძის სახით გვემცნო _ კარგია, თუ ერთად დასხდნენ „ნაცმოს„ ძველი წევრები და თანამოაზრეები, მაგრამ ეგენი პოლიტიკური გემოვნების 20-25%-ია, მე კი იმ უმრავლესობას მივეკუთვნები, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის„ მიღმააო.
აუფ! ამ თეთრყირმიზა ლამაზუნასთვისაც ჩამოუვლიათ ზემოთაუბნელ ოფოფებს, ეტყობა, „იქ„ ბლომადა ჰყვანან!
ამათი ეტაბობრივი დაშლა-გაერთიანება-დაშლა სადღეგრძელოს თანხლებით უნდა ტარდებოდეს: ჩვენს დაშლა არმოშლას გაუმარჯოს! მაგრამ ეგენი არ სვამენ, ჩემს ერთ ნაცნობს ჰგვანან, მარხვას რომ მტკიცედ იცავდა, მაგრამ პლანს ეწეოდა _ მცენარეულია, სამარხვოაო...
ნეტავ, რატომ არ მოსდით აზრად, რომ საკუთარ თავებს ჰკითხონ, უკვე მერამდენედ _ ერთიანი რომ ვართ, მერე რატომ ვიშლებითო?
აი, ეგრე იცის იგავ-არაკების მიგდებამ და პირდაპირ დემორატიაზე მიხტომამ!
კრილოვზე თუ შაკიკი და ნეკრისის ქარი ერთად გემართება, აკაკის თარგმანში მაინც წაიკითხე გედის, ქარიყლაპიასა და კიბორჩხალას ამბავი, საერთო საქმისთვის რომ შეიკრიბნენ, მაგრამ ერთი ცისკენ ექაჩებოდა, მეორე წყლისკენ, მესამე კი _ უკან-უკან...
მოკლედ, მე შაირი არ მინდოდა, ამათ ამტეხეს ძალადა. ჰოდა ბილინგვა-ლექსად ვიტყვი მეც:
ადნაჟდი ლებედ, რაკ და შჩუკა,
მიდიოდნენ შუკა-შუკა,
წინ ლებედი, უკან _ რაკი,
თქვენ მოგიკითხეთ,
პოლიტ ბრაკი!
ზურა ოშხერელი

