ვისია, ვისია, გრენლანდია თეთრი?!
გეოპოლიტიკური რყევები მსოფლიოში გრძელდება და არავინ იცის, როდის და რით დასრულდება. ახალ მსოფლიო ომზე უკვე ნაკლებად საუბრობენ ანალიტიკოსები თუ პოლიტოლოგები, რამდენადაც ის, ფაქტობრივად, უკვე მიმდინარეობს. მთავარი საკითხია, ხომ არ მივა საქმე ბირთვული იარაღის გამოყენებაზე, რაც დამღუპველი იქნება კაცობრიობისთვის. საბედნიეროდ, ჯერ ამის საშიშროება არ შეინიშნება, მაგრამ დღევანდელ პოლიტიკურ სიტუაციაში გამორიცხული არაფერია.
ვენესუელაში წარმატებული სამხედრო ოპერაციის შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სამიზნე ამჯერად კუნძული გრენლანდია გახდა, რომელიც დანიის პროტექტორატია. საერთოდ, აშშ-ის დაინტერესება კუნძულით არახალია, მაგრამ უკვე რეალური ხდება, რომ კუნძული ამერიკამ მიიერთოს. დონალდ ტრამპის განცხადებით, გრენლანდია აშშ-ს ნაციონალური უსაფრთხოებისთვის, რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა „ოქროს თაღის“ შესაქმნელად სჭირდება. მან იქვე მიუთითა, რომ ნატო აშშ-ის გარეშე ვერ შეძლებდა, კუნძულისთვის საფრთხის შემთხვევაში ეფექტიანი შემაკავებელი ფაქტორი გამხდარიყო. სწორედ ამიტომ განაცხადა, რომ სწორედ ნატომ უნდა უხელმძღვანელოს აშშ-ისთვის გრენლანდიის მიერთების პროცესს.
აშშ-ის კონგრესში დაიწყეს კანონპროექტის განხილვა, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტს უფლებამოსილება მიენიჭება, „მიიღოს ნებისმიერი გადაწყვეტილება გრენლანდიასთან დაკავშირებით, როგორც ანექსიის, ასევე ფინანსური გარიგების გზით, კუნძული აშშ-ის ტერიტორიად აღიაროს“. აქვე აღსანიშნავია, რომ ტრამპს გრენლანდიის საკითხთან დაკავშირებით, ტრადიციულად, გამოუჩნდნენ მოწინააღმდეგეები, მათ შორის – რესპუბლიკურ პარტიაშიც.
სერიოზული შეშფოთება გამოიწვია ევროპაში გრენლანდიის საკითხმა. დანიამ, რომლის მფარველობის ქვეშაც არის გრენლანდია, კუნძულზე სამხედრო კონტინგენტის შეყვანა და ტექნიკის შეტანა დაიწყო, რათა აგრესიის შემთხვევაში კუნძულის დაცვა შეძლონ, – იუწყებიან დანიური ტელეარხები. გრენლანდიის პრემიერ-მინისტრის, იენს-ფრედერიკ ნილსენის განცხადებით, კუნძულის მაცხოვრებლები დანიას ირჩევენ და არ სურთ აშშ-სთან მიერთება. დანიის პრემიერმა მეტტე ფრედრიქსენმა არაერთხელ განაცხადა საჯაროდ და ხაზგასმით – დანია არ იყიდებაო.
ვითარების გასარკვევად გასულ კვირას აშშ-ში სასწრაფოდ ჩავიდნენ დანიისა და გრენლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები: ლარს ლიოკე რასმუსენი და ვივიენ მოცფელდტი. მათ შეხვედრა გამართეს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან და სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან. აქვე სათქმელია, რომ მასპინძლებმა ცივი დახვედრა მოუწყვეს სტუმრებს. შეხვედრა თეთრი სახლის ნაცვლად მეზობელ შენობაში გაიმართა, სადაც ფეხით მისვლა მოუწიათ; სავარაუდოდ, დიალოგი მძიმედ მიმდინარეობდა. შეხვედრის შემდეგ სტუმრებს დაძაბულობა აშკარად ეტყობოდათ სახეზე. რასმუსენმა ტელეკომპანია „ფოქს ნიუსს“ განუცხადა: „თეთრი სახლის ადმინისტრაციამ სერიოზული პრეტენზიები წამოაყენა გრენლანდიასთან დაკავშირებით... ვაშინგტონი შეეცდება კუნძულის დაკავებას“.
ევროპაში დაბნეულები არიან ტრამპის სურვილის გამო. ჯერ კიდევ მორიდებით ცდილობენ, მხარი დაუჭირონ დანიას. საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით: „გრენლანდიისა და დანიის სუვერენიტეტის შესაძლო დარღვევამ, მოსალოდნელია, სერიოზული უარყოფითი შედეგები გამოიწვიოს“. გერმანიის თავდაცვის მინისტრის, ბორის პისტორიუსის თქმით: „აშშ-ის გეგმა გრენლანდიის ანექსიასთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამშრომლობის უხეში დარღვევაა, რაც საფრთხეს შეუქმნის ნატოს არსებობას“.
საკმაოდ თამამი განცხადება გააკეთა ბელგიის თავდაცვის მინისტრმა ტეო ფრინკენმა. მისი თქმით, ევროკავშირის ქვეყნები ვერ შეძლებენ აშშ-ის დამარცხებას გრენლანდიაში, მაგრამ თურმე სათადარიგო გეგმა ჰქონიათ. „ნუთუ ჩვენ ვაპირებთ, ომი გავაჩაღოთ გრენლანდიისთვის? აშშ-ის სამხედრო უპირატესობა კოლოსალურია. ჩვენ ვერ გავიმარჯვებთ შეიარაღებულ დაპირისპირებაში. აშშ უნდა დავარწმუნოთ, რომ ევროკავშირს შესწევს ძალა, დაარეგულიროს სიტუაცია, თუ პრობლემები წარმოიქმნება გრენლანდიის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა მინისტრმა.
დიპლომატიური მოლაპარაკებების ნაცვლად, ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანამ გრენლანდიაში ჯარები გააგზავნა ერთობლივი წვრთნების გამართვის მიზეზით. საერთო ჯამში 37 სამხედრო მოსამსახურე. ასეთი ძალებით რაიმე სერიოზული წინააღმდეგობის გაწევის მცდელობა, მეტი რომ არ ვთქვათ, ღიმილისმომგვრელია. ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ევროპელებს იმედი აქვთ, ნატოს წევრი ქვეყნების კუნძულზე ყოფნის შემთხვევაში, აშშ, როგორც ალიანსის წამყვანი ქვეყანა, მათთან შეიარაღებულ კონფლიქტში არ შევა. თუმცა, ვინ იცის, საკუთარი მიზნების მისაღწევად ტრამპი უკან არაფერზე დაიხევს.
გრენლანდიაში ევროპელი ჯარისკაცების შეყვანას დონალდ ტრამპმა ირონიით უპასუხა: „დღემდე გრენლანდიას თავდაცვისთვის ჰქონდა ძაღლების ორი მარხილი, კიდევ ერთი ახლახან გამოჩნდა“. პრეზიდენტმა ევროპის ქვეყნები გრენლანდიის გამო სახიფათო თამაშების გამართვაში დაადანაშაულა. მან სოცქსელებში დაწერა: „ცალკეული ევროპული ქვეყნები ძალიან სახიფათო თამაშებს აწარმოებენ, რაც სახიფათოა ჩვენი პლანეტის გადარჩენისა და უსაფრთხოებისთვის. რისკის ასეთი გაზრდილი დონე მიუღებელია“.
ევროპელების საქციელით განაწყენებული დონალდ ტრამპი მოქმედებაზე გადავიდა და 8 ქვეყანას 10%-ით გაუზარდა ტარიფები, რომელიც 1-ლი თებერვლიდან ამოქმედდება. 1-ლი ივნისიდან გადასახადები 25%-ით გაიზრდება და მანამდე იმოქმედებს, ვიდრე აშშ სრულიად არ შეიერთებს გრენლანდიას. ტრამპის განცხადებით, აშშ წლების განმავლობაში აფინანსებდა ევროკავშირს და მათ შორის დანიას, თუმცა ამით სარგებელს ვერ იღებდა.
თავად ევროპის ქვეყნები აპირებენ, საპასუხოდ გადასახადები გაუზარდონ აშშ-ს, მაგრამ კონკრეტული გეგმა ჯერ არ შეუმუშავებიათ. რას მოუტანს სამყაროს მოკავშირეების აშკარა დაპირისპირება, მოგვიანებით გამოჩნდება. თუმცა, პროგნოზები, ჯერჯერობით, პესიმისტურია.
დაპირისპირებაა ევროკავშირის შიგნითაც. მიზეზი უკრაინისთვის გამოყოფილი 90-მილიარდიანი კრედიტია. საფრანგეთი ითხოვს, ევროპაში წარმოებული შეიარაღება შეიძინონ, გერმანია კი მომხრეა, აშშ-ისგან შეისყიდონ. თუმცა, დაწესებული ტარიფების შემდგომ როგორ წარიმართება აშშ-ევროკავშირის ურთიერთობა, ძნელი სათქმელია.
საგულისხმო ინფორმაცია გაავრცელა გასულ კვირას გამოცემა „უოლსტრიტ ჯორნალმა“. როგორც მასალაშია მოთხრობილი, დონალდ ტრამპმა 13 იანვარს სამხედროებს უბრძანა, ირანზე შეტევისთვის მომზადებულიყვნენ. ყველა ელოდებოდა, რომ მომდევნო დღეებში ტრამპი საბრძოლო მოქმედებების დასაწყებად ბრძანებას გასცემდა. გაზეთის ინფორმაციით, სამხედროები ირანზე შეტევის სხვადასხვა ვარიანტს განიხილავდნენ, მთავარსარდლის ბანაკიდან არაოფიციალურ შეტყობინებებს იღებდნენ.
საბედნიეროდ, შეძლეს ტრამპის დარწმუნება, რათა ირანზე შეტევა არ დაეწყო. ერთ-ერთი „მრჩეველი“ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ გახლდათ. დონალდ ტრამპი, რომელიც ირანში საპროტესტო აქციების მონაწილეებს მოუწოდებდა, დაეკავებინათ სამთავრობო შენობები და აშშ-ისგან დახმარებას დალოდებოდნენ, იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ ირანის ხელისუფლება მშვიდობიან მოსახლეობას არ ხოცავს და უარი თქვა საავიაციო შეტევებზე. თუმცა ეს არაფერს ნიშნავს, რადგან ახლო აღმოსავლეთისკენ მიემართება 2 ავიამზიდი საზღვაო ფლოტის თანხლებით.
საპროტესტო გამოსვლები ირანში დეკემბრის ბოლოს დაიწყო, რომელიც დარბევებში გადაიზარდა. ქვეყანაში 53 მეჩეთია დამწვარი, აქედან 25 – თეირანში. საბედნიეროდ, ბოლო პერიოდში ვითარება სტაბილურობისკენ მიდის.
კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ პოლიტიკოსების ნდობა არ შეიძლება. ჯერ კიდევ ერთი წლის წინ დონალდ ტრამპი საჯაროდ აცხადებდა, რომ აშშ სხვა ქვეყნების შინაურ საქმეებში აღარ ჩაერეოდა და დაასრულებდა დაწყებულ ომებს, მაგრამ მოვლენები საპირისპიროდ ვითარდება. დაიწყება თუ არა სპარსეთის ყურეში საბრძოლო მოქმედებები, ახლო მომავალში გამოჩნდება.
გია ბურდული

