პეტრე მამრაძე: მსოფლიოში სრული ქაოსია მოსალოდნელი
გვესაუბრება პოლიტიკოსი პეტრე მამრაძე:
_ ბატონო პეტრე, ხელისუფლებამ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაცია გააუქმა, რომელიც სააკაშვილის დროს შეიქმნა და სამაჩაბლოს ოკუპაციის ხელშემწყობად იქცა. როგორ შეაფასებთ ამ ნაბიჯს?
_ პირადად ვარ თავიდან ბოლომდე ყველაფრის მომსწრე. მას შემდეგ, რაც ასლან აბაშიძე 2004 წლის მაისში მოსკოვში გაიქცა, სააკაშვილმა მაშინვე გამოაცხადა, რომ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქს უმოკლეს დროში დაიბრუნებდა და ჰუმანიტარული შტურმი დაიწყო. მანამდე, 2004 წლის 26 მაისს აღლუმზე რამდენიმე სიტყვა აფხაზურ, ოსურ ენებზეც წარმოსთქვა და აღნიშნა, რომ მისი პრეზიდენტობის პირველივე ვადაში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგებოდა. ფიცი გელათში, დავით აღმაშენებლის საფლავზე დადო. იგი ნარცისიზმით, განდიდების მანიით იყო შეპყრობილი და საკუთარ თავს დავით IV-ზე არანაკლებ მოღვაწედ, საქართველოს გამაერთიანებლად აღიქვამდა. ჰუმანიტარულ შტურმს კონფლიქტი, დაძაბულობა მოჰყვა.
2004 წლის 19 აგვისტოს, რუსეთის 58-ე არმია როკის გვირაბისკენ დაიძრა, რასაც რუსეთის ტელევიზია პირდაპირ ეთერში აშუქებდა. ბოლო მომენტში სააკაშვილმა უკან დაიხია. ყველა საჯარისო შენაერთი ყოფილ სამხრეთ ოსეთის რეგიონში ჰყავდა შეყვანილი, ისინი ტერიტორიიდან გაიყვანა და რუსებიც უკან გაბრუნდნენ.
ამერიკელებმა მიშას მშვიდობისკენ და ცხინვალის რეგიონში არსებულ კომისიასთან მუშაობისკენ მოუწოდეს. კარგად მახსოვს, რა რეაქცია ჰქონდა ამერიკას, როცა სააკაშვილმა განაცხადა: თუ დაგომისის ხელშეკრულება საშუალებას არ მომცემს, ცხინვალის ცენტრში საქართველოს დროშა აღვმართო, ამ ხელშეკრულებიდან გავალო. ამერიკელებს ესმოდათ, რომ ეს საქართველოსთვის კატასტროფის ტოლფასი იქნებოდა და თავადაც ავტორიტეტს დაკარგავდნენ. ჰუმანიტარული შტურმი ამის მერე დაიწყო. სააკაშვილის დღის წესრიგში დადგა საკითხი _ თბილისის მხრიდან ის „სტრუქტურები მოემზადებინა“, რომლებიც კოკოითის გაქცევის შემდეგ ძალაუფლებას ჩაიბარებდნენ. ალბათ, გახსოვთ, განცხადებები დისკოთეკების, საცურაო აუზების, „მაკდონალდსის“ მშენებლობასთან დაკავშირებით, პირდაპირ ცხინვალთან, თამარაშენში. მიშა აცხადებდა, რომ გამთლიანება ცხინვალის რეგიონის მოსახლეობის ნებით მოხდებოდა, რაც სრული ბლეფი იყო.
2004 წლის ზაფხულამდე თბილისიდან ცხინვალისკენ ავტობუსი დადიოდა. ასევე, ქართველი ექიმები, ლაბორატორიით აღჭურვილი ავტობუსებით იქაურ სოფლებში ყოველკვირა ჩადიოდნენ, რასაც ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება ხელს უწყობდა. ერგნეთის ბაზრობა მხარეებს შორის ნდობის აღდგენის საუკეთესო საშუალება იყო. ეს ბაზრობა არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენდა. ყველა სიკეთესთან ერთად, ცხინვალის რეგიონი საქართველოს ეკონომიკაში ინტეგრირებული ხდებოდა. სააკაშვილმა 2004 წლის ზაფხულში, ეს ყველაფერი მოშალა. ამ პერიოდში სააკაშვილმა „რესპუბლიკელებს“ პარლამენტში სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით კანონპროექტი წარადგენინა, რასაც ნაცებმა მხარი დაუჭირეს. ამის შემდგომ, იმიტირებული, გაყალბებული არჩევნები ჩატარდა, რაზეც დასავლეთს ხმა არ ამოუღია. ვითომ თავისუფალი, სამართლიანი არჩევნებით, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის პრეზიდენტად დიმიტრი სანაკოევი აირჩიეს, რაც სრული მარაზმი იყო. ამას ერთი კომიკური დეტალიც ახლდა თან _ სანაკოევმა გუბერნატორობა მოინდომა, რის შესახებაც ბრძანებულებას მიშამ ხელი მოაწერა.
აი, ასეთი ვითარება დახვდა „ქართულ ოცნებას“, სააკაშვილის მიერ 2008 წლის უაზრო ომის _ სისხლიანი პოლიტიკური ავანტიურის განხორციელების შედეგად. ასე რომ, დღევანდელი ხელისუფლების გადაწყვეტილებას ყოფილი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის გაუქმებასთან დაკავშირებით, მივესალმები. ეს ადრეც უნდა გაეკეთებინათ, როცა საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰქონდათ. ამის ნაცვლად, საკონსტიტუციო უმრავლესობა იმაში გამოიყენეს, რომ კონსტიტუციაში ნატო-ში ინტეგრაცია ჩაწერეს. პრემიერმა როგორც აღნიშნა, ადრე ამ ადმინისტრაციის გაუქმება ვერ მოხერხდა, რადგან გუნდში ერთსულოვნება არ იყო. ახლა ყოფილი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის გაუქმება ამ გეოპოლიტიკურ ეპოქაში წინგადადგმული ნაბიჯია არა ტერიტორიული მთლიანობის, არამედ ადამიანური ურთიერთობების აღდგენის კუთხით. რაც მთავარია, საქართველოს კანონმდებლობას ეს ფიქცია მოშორდა, რასაც მივესალმები.
_ იმის თქმა გინდათ, რომ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის გაუქმება დეოკუპაციის პროცესს არ წაადგება?
_ არა, დეოკუპაციის პროცესს ეს არ წაადგება. რუსეთმა ბევრჯერ გამოაცხადა, რომ თავის გადაწყვეტილებას აფხაზეთისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნობის შესახებ, არავითარ შემთხვევაში არ გააუქმებს. ამ რეგიონებთან, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოებთან, რუსეთმა ასზე მეტი ხელშეკრულება დადო. მათ შორის, იმის შესახებ, რომ იქ არსებული ჯარი, ავტომატურად, რუსეთის ჯარია, რუსი მესაზღვრეები პერიმეტრზე საზღვრებს ხელშეკრულებით იცავენ და ა. შ. დღევანდელ გეოპოლიტიკურ ეპოქაში ამ კუთხით არაფერი შეიცვლება. მაგრამ, როგორც აღვნიშნე, ადმინისტრაციის გაუქმება დადებითი მოვლენაა ადამიანური ურთიერთობების აღდგენის კუთხით. თუ გახსოვთ, „ბარსელონას“ თამაში, თბილისის სტადიონზე მესის თამაშის საყურებლად აფხაზეთიდან უამრავი აფხაზი ახალგაზრდა იყო ჩამოსული.
უკრაინიდან, დასავლეთიდან საჯაროდ გვესმოდა: ნუ კარგავთ შანსს, ნუ ხართ ლაჩრები, ახლა დადგა მომენტი, შეხვიდეთ აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთში და დაკარგული ტერიტორიები დაიბრუნოთ, ქვეყნის მთლიანობა აღადგინოთო. გვაჯერებდნენ, რუსეთი დასუსტებულია, რაც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ჯარი ჰყავდა, უკრაინაში გადაისროლაო. ამ ფონზე, ხელისუფლებამ მათ საჯაროდ შესანიშნავი პასუხი გასცა: ამ რეგიონებიდან ბოლო რუსი ჯარისკაციც რომ გავიდეს და სამხედრო ტექნიკის უკანასკნელი ერთეულიც გაიტანონ, ჩვენ, ძალის გამოყენებით, მაინც არ შევალთ, იქ ძალოვან სტრუქტურებს არ შევიყვანთ, რადგან ჩვენი მიზანი ურთიერთობების, ნდობის, სიყვარულის აღდგენააო.
_ კონგრესმენებმა 2024 წლის არჩევნებს ისევ გაყალბებული უწოდეს და განაცხადეს: „ქართული ოცნება“ მთავრობა კი არა, რეჟიმიაო.
_ კონგრესშიც, სენატშიც არსებობს ადამიანების ჯგუფი, რომელთაც ვერ მოუნელებიათ, როგორ გაბედა საქართველოს ხელისუფლებამ, რომ ამერიკის ადმინისტრაციის მოთხოვნას, უკრაინისთვის „ჯაველინებისა“ და „ბუკების“ გადაცემის თაობაზე, არ დაემორჩილა. აი, ეს განწყობაა რიგ კონგრესმენებში _ სტრატეგიული პარტნიორები ვიყავით და „დავალება“ არ შეგვისრულეთო. კვლავ ასე გაგრძელდება. უილსონს რაც შეეხება, იგი ყოველთვის იმეორებს, რომ საქართველო ჩინეთის კომუნისტური პარტიიდან და ირანის აიათოლების მიერ იმართება. კრემლს, პუტინს არ ახსენებს, რადგან თავად ტრამპისტია. თავის დროზე იბრძოლა, რათა ტრამპს გაემარჯვა. მან შესანიშნავად იცის, ტრამპს პუტინთან რა ურთიერთობაც აქვს, ამიტომ, რუსეთისკენ მიექანებითო, ამის თქმას ვერ ბედავს. ეს ბატონები არასდროს იტყვიან: უი, შეგვეშალა, ქართულ ხელისუფლებას ცილს ვწამებდით, არჩევნები არ გაყალბებულაო. ასე არ იქნება.
_ რუსულ-ჩინური გავლენები ახსენეთ. კონგრესში ისიც გვისაყვედურეს, პორტს ჩინეთის კომუნისტურ პარტიას რატომ აშენებინებთო. გაუგებარია, მაშინ, როცა ტრამპი სი ძინპინს „ძლიერი ქვეყნის დიდ ლიდერს“ უწოდებს, ჩვენ რატომ გვეკრძალება მასთან ურთიერთობა?
_ მეტსაც გეტყვით, დედამიწაზე ერთადერთი სახელმწიფო არსებობს, რომელიც შეიძლება დაინტერესებული იყოს ანაკლიის პორტის მშენებლობით და ამ პროექტის ხორცშესხმას ხელი შეუწყოს. ეს ჩინეთია, რადგან ის ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც, მშენებლობას რომ დაიწყებს, კრემლის მხრიდან არავითარი წინააღმდეგობა არ შეხვდება. სხვა ქვეყნები, მათ შორის, ამერიკა, ანაკლიის პორტის მშენებლობაზე არც კი ფიქრობენ, რადგან კარგად უწყიან, მშენებლობის დაწყებისთანავე, რუსეთის სამხედრო გემები რეიდზე დადგება, ნიშნად იმისა, რომ იქ არავითარი პორტი არ იფუნქციონირებს. ჩვენ ვამბობთ: თბილისიდან 30 კილომეტრში რუსის ტანკები, არტილერიაა განლაგებულიო. აი, ანაკლიაში კი იქვე დგანან, თვალითაც ჩანს, იქ საოკუპაციო ხაზი გადის. ამიტომ სრული აბსურდია, რომელიმე ქვეყანა შემოვიდეს და მშენებლობა იქ დაიწყოს, სადაც რუსული ბაზები და რაკეტები ხელის გაწვდენაზეა. ამაზე მსჯელობა ტიპიური ქართული მარაზმია. თუ ჩინეთი ააშენებს პორტს, პუტინი მას არც რეიდზე დაუყენებს ხომალდებს და არც რაიმე პროვოკაციას ექნება ადგილი, რადგან პუტინს სი ძინპინთან ვასალის ურთიერთობა აქვს _ იგი მთლიანად ჩინეთზეა დამოკიდებული და არა პირიქით. იმასაც მოვესწარით, რომ პირველად ისტორიაში, ჩინეთის პრეზიდენტი ამერიკის პრეზიდენტს ძალის პოზიციიდან დაელაპარაკა, თან კონკრეტული პირობები დაუყენა, რასაც ამერიკული მხარე დაემორჩილა. ეს პირველად მოხდა, რაც საერთაშორისო ურთიერთობების ისტორიაში გრანდიოზული ცვლილებაა.
ჩვენ ამჟამად თვალს ვადევნებთ საკმაოდ მტკივნეულ პროცესს _ გლობალური ომის გარეშე, ერთპოლარული მსოფლიო მმართველობიდან მრავალპოლარულ მმართველობაზე გადასვლას. ეს ნიშნავს, რომ გარკვეული დროის განმავლობაში, მსოფლიოში სრული ქაოსი იქნება. ამ ფონზე არაერთხელ აღინიშნა: საქართველოს ხელისუფლებამ განსაკუთრებული ალღო გამოიჩინა, მიხვდა, რომ ფსონი არავისზე უნდა გააკეთოს, ამ ყველაფერს როგორმე გაუძლოს და ურთიერთობა ყველასთან შეინარჩუნოს, რასაც აკეთებს კიდეც.
თამარ შველიძე

