აკაცუკების შავი პარასკევი

აკაცუკების შავი პარასკევი

28 ნოემბერს, პარასკევს, კვლავ შეიკრიბნენ აკაცუკები რუსთაველზე, იტრიალეს, იბოდიალეს, იჯღნავლეს, გადადგეს რეჟიმიო, მერე ერთმანეთსაც აგინეს და დროშები შემოიხვიეს წელსა და ბეჭებზე, ზოგმა საქართველოსი, ზოგმა ევროკავშირისა. ნანულამ ლობიანები ჩამოარიგა? არ ვიცი, არ დამინახავს. პრინციპში, რაც გარეთ ყრიან, წლისთავი ჰქონდათ, ამ დროს „ხოდში“ ლობიანები კი არა, შილაა, შილა. გადახედა რუსთაველზე მისულ „ლაშქარს“ ნანულა ჟორჟოლიანმა და... ეგე, მისი უდიდებულესობა ქართველი ხალხიო. მისი უდიდებულესობაო, გესმით? ესე იგი, ვინც რუსთაველზე დაყიალობს, ის უდიდებულესობაა, დანარჩენები კი ვართ ბნელები, ბოგანოები. ეს სასაცილოა, მაგრამ განა ამდენი სიცილი კი სასარგებლოა? ზედმეტი არაფერი ვარგა. სანამ აკაცუკები მსვლელობას დაიწყებდნენ, რამდენიმე საინფორმაციო საშუალებამ გამოაქვეყნა ბრიუსელიდან გამოგზავნილი ე. წ. მანიფესტი, ანუ სახელმძღვანელო აქციისა. ამას ჰქვია „წინააღმდეგობის მოძრაობის” მანიფესტი. აქ ახალი არაფერია. 
დავუბრუნდეთ ე. წ. აქციას, სადაც დაახლოებით 3 ათასამდე აკაცუკი იმყოფებოდა. სხვათა შორის, ერთი წლის განმავლობაში, რაც ესენი ქუჩაში ყრიან, პირველად გამოაჩინეს მიხეილ სააკაშვილის სურათი ტრამპთან გადაღებული. არა, სააკაშვილის სურათი ადრეც გამოუფენიათ, მაგრამ ამ ფორმით და თანაც გაბედულად, თანაც ისე, რომ ამას დიდი პროტესტი არ მოჰყოლია, მოხდა პირველად. ბანერზე დაუწერიათ: „ბატონო ტრამპ, ქართველი ხალხი ითხოვს მეგობარ აქტს“. მართალია, ამათ ინგლისურად დონალდის გვარიც ვერ დაწერეს სწორად (უნდა ყოფილიყო TRUMP, ამათ დაწერეს TRAMP), მაგრამ ამ ე. წ. მეგობრობის აქტზე აშკარად ჩალიჩობს კონგრესმენი ჯო უილსონი. ეს ბებერი ქოფაკი აგულიანებს ამათ, აქციებზე მოითხოვეთ და სურათებს მე თვითონ ვაჩვენებ პრეზიდენტსო. ამიტომ არ გამოუხატავთ „მავნებს“ პროტესტი, სააკაშვილის ბანერს აქ რა უნდაო. მაგალითად, თამარა ჩერგოლეიშვილი ისე იჭაჭებოდა მეგაფონთან, ვიფიქრე, სააკაშვილის სურათს ფეხებით შესდგება-მეთქი, მაგრამ არა, მან გაატარა.
აბა, ვადაგასულ და თავისი ჭკუით ისევ პრეზიდენტ სალომე ბაბოს კომენტარი რომ არ გაეკეთებინა, ისე ხომ არ იქნებოდა? _ მთავარია, ხალხი დგას და ამას აქვს უზარმაზარი მნიშვნელობაო. დიახ, ხალხი დგას, ნანულას განმარტებით, მისი უდიდებულესობა ქართველი ერი რუსთაველზე დგას, ამას აქვს უზარმაზარი მნიშვნელობა, დანარჩენი „ირუნდაა“. ესეც გამარჯვებულია იმ ხალხთან ერთად, რომელიც 2018-ში მოღალატეს, აგენტს და კიდევ ათას რამეს ეძახდა. ეს ადამიანები, უფრო სწორად, ეს არაადამიანები მას ყველა ბრუნვაში იხსენიებდნენ და ყოველდღე ჰპირდებოდნენ, რომ დადგებოდა დრო, როცა თმებით ითრევდნენ. სალომე ბაბო უფრო შორს წავიდა და თამამად განაცხადა, დიქტატურისა და რუსეთის დამარცხების გეგმა ჯერ არავის გამოუგონიაო.
აბა, რა გითხრათ, რით გაგახაროთ? არც ეს გახლავთ რეალურ საქართველოში, მისი გონებაც სადღაც შემოღობილში დაფრინავს. არადა, როცა ვირჩევდით და როცა ლამის წააგო, მაშინ სულ სხვანაირი იყო - მორიდებული, ფრთხილი, დაფეთებული, გეგონება, ქვა დაურტყამთო, თვალებს აცეცებდა და წამდაუწუმ კითხულობდა, ნეტავ, ბიძინა ივანიშვილი ჩემზე რას ფიქრობსო? როგორ ხასიათზეაო? ხომ არაფერზე მიბრაზდებაო? ხომ არაფერზე ჯავრობსო? როგორც კი გაინაღდა, იცით, ვინ დაპატიჟა თავის ინაუგურაციაზე? აკაცუკები და მათთან გათანაბრებულები. გაიგონეთ? ინაუგურაცია ერეკლეს თელავში გამართა და ახლა ერეკლეს მაგინებლების გვერდით დგას. 
ვინმე დავით ბეშიტაიშვილი გახლდათ აქციაზე აღტყინებული, მსახიობი ყოფილა - ისაო, ყოველდღე ამდენი ხალხი უნდა გამოდიოდეს და „ქართული ოცნება“ კომფორტში ნამდვილად არ იქნებაო. ამ დღეებმა აჩვენა, რომ პროტესტი არსად გამქრალაო, ცეცხლი შეიძლება ისე არ ანთია, მაგრამ ის ღვივის და როდის აალდება ისე, რომ შთანთქავს ამ უნამუსო ადამიანების გროვას, ეგ არავინ არ იცისო, ეს რომ მოხდება, ამაში დარწმუნებული ვარო.  დარწმუნებულია, მალე ცეცხლი აალდება და უნამუსო ადამიანებს შთანთქავს, ვის გულისხმობს, ალბათ, ხვდებით. 
და ბოლოს, ამ დღეს არასამთავრობოების „უმფროსებმაც“ მოიქექეს თავები და განცხადება გამოაცხვეს, საგანგებო განცხადება, რომ თურმე ივანიშვილის მთავრობამ გაწირა ქართული სახელმწიფო და ქართველი ხალხი, მარტო დატოვა ქვეყანა რუსული საფრთხის პირისპირ და მოწყვიტა დასავლეთის იმ სამყაროს, რომლისკენაც საუკუნეებია, მივისწრაფით. 
თურმე, ამ ერთი წლის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ წარმოუდგენელი რეპრესიები მოუწყო საკუთარ ხალხს. 160-მდე მოქალაქის წინააღმდეგ დაიწყეს სისხლის სამართლის საქმის გამოძიება; აქციის 300-მდე მონაწილე გახდა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი; 600-ზე მეტი ადამიანი დააკავეს ადმინისტრაციული წესით; 1000-ზე მეტი მოქალაქე დაჯარიმდა პოლიტიკური მოტივებით; 400-მდე შემთხვევაა ჟურნალისტების დაპატიმრების, ცემისა და შევიწროების. მიიღეს ანტიდემოკრატიული კანონები, რომლებიც პრაქტიკულად აიძულებს სამოქალაქო ორგანიზაციებს, შეწყვიტონ ფუნქციონირება.
აქციების 300 მონაწილე უწამებიათ, კენჭებიანი ლობიო უჭმევნიათ, დაბალი „შკაფი“ დაუდგამთ, რათა ხშირად წაკუზულიყვნენ, ცოტა მუქი ბრინჯი უჭმევნიათ, ბორშში ცოტა ხორცი ყოფილა, ციხიდან პატარა მაცივრები გამოუტანებიათ და რა ვიცი, რომელი ერთი ჩამოვთვალო? რაც შეეხება სისხლის სამართლის საქმეებს, ყველა არის დამნაშავე, ყველამ რაღაც ან ვიღაც დააზიანა, არავითარი პოლიტიკა, არავითარი პირადი ინტერესი. 
მოკლედ, აკაცუკებმა წლისთავი აღნიშნეს ისე, როგორც ეკადრებოდათ - გამოიშალნენ შემოდგომის ბუზებივით, იჯღნავლეს, იკვნესეს, ერთმანეთსაც აფურთხეს და დაიშალნენ იმ იმედით, რომ მალე ისევ შეიკრიბებიან. ჩემი აზრით, ესენი ახალი წლის დღეებში ნაძვისხესთანაც იმორიგევებენ, რათა იქ მშობლებმა ბავშვები არ მიიყვანონ. დიახ, სანამ ესენი არ მოვლენ ხელისუფლებაში, ბავშვები ნაძვისხესთან ვერ მივლენ. ამაზე ბავშვები განრისხდებიან და ხელისუფლებას დაამხობენ. ტყუილად ამბობს სალომე ბაბო, გეგმა არ არსებობსო. არსებობს, როგორ არა, ყველამ სცადა, ეს ხელისუფლება ვერ დაამხეს და ახლა ბავშვების რიგია. 

გელა ზედელაშვილი