ჩემი შვილია ის მამოძრავებელი ძალა, რომ შშმ ბავშვებმა შეძლონ ღირსეული ცხოვრება

ჩემი შვილია ის მამოძრავებელი ძალა, რომ შშმ ბავშვებმა შეძლონ ღირსეული ცხოვრება

წლების განმავლობაში უცვლელი და გაუსაძლისი მდგომარეობიდან გამოსავლის ძიებისა და ჩვენი შვილების მდგომარეობის შემსუბუქების მიზნით,  შშმ მოზარდებისა და ბავშვების თანამოაზრე მშობლებმა, 2006 წლის 10 აგვისტოს დავაფუძნეთ სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, კავშირი „მშობლების თანადგომა“.  
ორგანიზაციის მისიაა შშმ პირთა განვითარებისა და სოციალური ინკლუზიისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა თანამონაწილეობითი მექანიზმების გაუმჯობესების გზით.
ჩემი შვილია ის მამოძრავებელი ძალა, თუ როგორ უნდა გაუმჯობესდეს გარემო, სადაც ყველა ტიპის შესაძლებლობების მქონე ადამიანები შეძლებენ ღირსეულ ცხოვრებას.  
ჩვენ ვცდილობთ, დავეხმაროთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ოჯახებს, რათა მათ შეძლონ, სწორად აღიქვან მათი პრობლემები და იპოვონ გზა და საშუალებები მათ გადასაჭრელად;
გავაძლიეროთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ოჯახები, რათა მათ შეძლონ თავიანთი შვილებისა და სხვათა უფლებების დაცვა და სტიგმის დაძლევა.
ააიპ ,,მშობლების თანადგომა“, სხვა პროექტებსა და აქტივობებთან ერთად, 2008 წლიდან ახორციელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის“ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დღის ცენტრის სერვისს. 
ცენტრი ფუნქციონირებს ყოველდღიურად (შაბათ-კვირისა და უქმე დღეების გარდა) 6 საათის განმავლობაში. ცენტრში ბენეფიციარები უზრუნველყოფილნი არიან კვებით, ისინი იღებენ მათზე მორგებულ სხვადასხვა სერვისს კვალიფიციური სპეციალისტების დახმარებით ბენეფიციარებისთვის ინკლუზია-ინტეგრაციის ხელშეწყობისთვის.
ცენტრის ფუნქციონირება დიდი დახმარებაა გაუსაძლის მდგომარეობაში მყოფი ოჯახებისთვის, მათი შშმ შვილების ინდივიდუალური განვითარების ხელშეწყობის, საზოგადოებაში ინკლუზია-ინტეგრაციის, აგრეთვე მიტოვების, ინსტიტუციებში ჩაბარების პრევენციისა და ოჯახების  მხარდაჭერის მიზნით.
ამ პერიოდის განმავლობაში (2006 წლის აგვისტოდან) ორგანიზაციამ მომსახურება გაუწია 450-ზე მეტ ბენეფიციარს.
ა. წ. 25 ივლისს ორგანიზაციის სივრცეში გაიმართა ჩვენი შშმ ახალგაზრდების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა. ნამუშევრები შეიქმნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში. 
ნათელა კიკვაძე
ააიპ  „მშობლების  
თანადგომის“ დამფუძნებელი 
და გამგეობის თავმჯდომარე