ღმერთზე გიფიქრიათ? - არა! როგორ ხარ, ღმერთო!
განგებამ ფიქრისთვის გააჩინა ადამიანიო, _ ამბობს წიგნის პერსონაჟი რომანის ავტორის პირით, მაგრამ გვიფიქრია კი იმაზე, საიდან მოდის ფიქრები?
შევეცდები, მაქსიმალურად მარტივად ავხსნა ის, რაც ყველა თქვენგანმა იცის, მაგრამ „პროგრესის ლაბირინთშია“ ჩარჩენილი და ეს „ტყვეობა“ ცხოვრების წესად გაიხადა...
სამწუხაროდ, არის ბედნიერი „რასა“, რომელიც არ ფიქრობს, მათთვის მხოლოდ ფორმა „რობოტია“ მისაღები, ფიზიოლოგიური მოთხოვნილებიდან დაწყებული, ყველა უმსგავსობით დამთავრებული, _ ეს ახალი მოვლენა არ არის, ყოველთვის იჩენდა ხოლმე თავს გარდამავალ ფორმაციებში.
ოდნავ მაინც რომ ჩაუკვირდეს ადამიანი საკუთარ ყოველდღიურობას, ნამდვილად აღმოაჩენს აუცილებელი არსებობის ლოგიკას კონტინგენტური რეალობიდან _ ღმერთის არსებობამდე.
არ მიყვარს უცხო, უცნობი ტერმინები. ამდენად, „კონტინგენტური“ გავითავისოთ როგორც „შემთხვევითი“, _ კონტექსტის შესაბამისად.
აბა, მიმოიხედეთ და მყისიერად უპასუხეთ საკუთარ თავს: უკომპიუტეროდ, უმობილუროდ და სხვა თანამედრო ტექნიკის გარეშე ვერ გაძლებდით? რა თქმა უნდა, გაძლებდით _ თავად ვარ ამის მაგალითი _ „საბჭოთა გადმონაშთი“!
არ არის აუცილებელი, მაგრამ მათ შექმნას წინ უსწრებს შექმნის პროცესი _ მიზანი და გადაწყვეტილება და ფინალში მიზეზ-შედეგობრივი ჯაჭვი. ცოტათი თუ დავფიქრდებით, ლოგიკურად მივდივართ მეტაფიზიკურ დასკვნამდე, რომ რეალობა მოითხოვს აუცილებელ არსებობას, ფაქტობრივად, იმას, რომ ღმერთი ვახსენოთ.
სად ჩავძახო, რომელ მიკროფონში ამ მოწყობილობას, რომ მისი არსებობა საეჭვოა, რომ შეიძლება, არ არსებულიყო, მაგრამ არსებობს? _ ეს ნიშნავს, რომ მიკროფონის არსებობა კონტინგენტურია. ფილოსოფიაში ამას „შეპირობითი ჭეშმარიტება“ ეწოდება. თითქოს ძნელი გასაგებია, მაგრამ როგორი მარტივია _ ჭეშმარიტება მიკროფონზე, რომელიც, შესაძლოა, არც არსებულიყო.
რადგან ვფიქრობ, რომ გონიერი ადამიანებისთვის არსებობს ძალზე საინტერესო საკითხები, რომლებიც ისეთი რთული ენით არის ახსნილი, რომ ენობრივ და ფილოსოფიურ ლაბირანთებში ისე იკარგება, აღარ აინტერესებთ, სურვილი მიჩნდება, მაქსიმალურად მარტივად ავუხსნა _ ცოდნა და მცოდნეთა არეალი გავზარდო.
თომა აქვინელს დავას არ და ვერ დავუწყებ, მაგრამ გამცნობთ, რომ თავის „ხუთი გზის“ მესამე არგუმენტში აღნიშნავს, რომ „არ არის შესაძლებელი, რომ ყველა არსება იყოს კონტინგენტური... მაშასადამე, უნდა არსებობდეს რაღაც, რაც აუცილებელია...“
მარტივად ვიტყვი: ვთქვათ, ხარ არსება ადამიანი, ჩიტი, ბზიკი, მაგრამ შეუძლებელია, რომ შემთხვევით იყო, მაშასადამე, აუცილებელია, რომ იყო...
ამ ყველაფერზე თუ არ იფიქრე, ვერაფერს გაიგებ! _ და მოდის ფიქრი...
ვინ რას ფიქრობს და რის შესახებ, ამის შემდეგ იყოფა მნიშვნელოვნად და უმნიშვნელოდ _ რატომ შეიქმნა, ვთქვათ, სამყარო და ვინ შექმნა, ფიქრით თუ მიუახლოვდები „რაღაცას“...
მიკროფონი ვახსენეთ _ მისი მწარმოებელი ხსნის მისი არსებობის აუცილებლობას, მწარმოებლის არსებობას _ მიკროფონის გამომშვები ქარხანა, ქარხანის არსებობის აუცილებლობას _ ინვესტორი და ა. შ. ყველა ეტაპზე ჩნდება ახალი კონტიგნეტური პიროვნება. მაშასადამე, ეს დაუსრულებელი პროცესია, ყველაფერი ერთმანეთს ებმის მიზეზ-შედეგობრივად. არადა, უმარტივესი შეკითხვაც ჩნდება, რომ არ იყო მიკროფონი, რა, ვერ იყვნენ ორატორები? ეს კიდევ ცალკე საკითხია _ უსასრულო რეგრესი თუ აუცილებელი საწყისი, რაზეც საუბარიც შორს წაგვიყვანს. არადა, საინტერესო შეკითხვად მეჩვენება
აუცილებელი არსება, როგორც მიზეზობრივი წყარო _ აუცილებელი არსებობა არ შეიძლება იყოს აბსტრაქტული იდეა!
ზოგმა შეიძლება იფიქროს, რომ ეს აუცილებელი საწყისი შეიძლება იყოს მათემატიკური ჭეშმარიტება ან ლოგიკური პრინციპი. თუმცა, როგორც მიკროფონის მაგალითი გვიჩვენებს, აბსტრაქტულ ობიექტებს არ შეუძლიათ მიზეზობა. რიცხვებს შეუძლიათ მიკროფონის დიზაინის აღწერა, მაგრამ არა მისი წარმოქმნა.
მიკროფონის ფიზიკური ყოფნა საჭიროებს მიზეზობრივ აქტს — ნებას, ძალას, გადაწყვეტილებას. ამიტომ, აუცილებელი საწყისი ვერ იქნება რიცხვი, ლოგიკა ან გეომეტრია. ის უნდა იყოს რაღაც აქტიური, მიზეზობრივი უნარის მქონე არსება. აბსტრაქტული ობიექტები — თუკი არსებობენ — არ ფლობენ მიზეზობრივ ძალას. რიცხვი 7 არ ქმნის მიკროფონს.
კრეიგი ამას შემდეგნაირად ხსნის: „აბსტრაქტული ობიექტები უარს აცხადებენ იმაზე, იყვნენ მიზეზები. მათ, უბრალოდ, არ შეუძლიათ რამე გააკეთონ... მაგრამ სამყაროს შექმნა მოითხოვს მოქმედებას, ანუ ნებისყოფასა და ძალას“. ამიტომ, აუცილებელი არსება, რომელიც შესაძლებელ სამყაროს ქმნის, უნდა ფლობდეს ნებას და ინტელექტს, რაც ნიშნავს, რომ ის პიროვნებაა.
თანამედროვე კოსმოლოგიური მონაცემები გვიჩვენებს, რომ სამყაროს ასაკი დაახლოებით 138 მილიარდი წელია. ეს ნიშნავს, რომ სამყარო არ არის მარადიული. მან დაიწყო არსებობა. ის, რაც იწყებს არსებობას, საჭიროებს მიზეზს. ანუ სამყარო ვერ იქნება აუცილებელი — მან დაიწყო არსებობა. შესაბამისად, მისი არსებობა საჭიროებს მიზეზს, რომელიც სცილდება ფიზიკურ რეალობას. აუცილებელი საფუძველი ვერ შეიძლება იყოს (იქნება) სამყარო ან მისი ნაწილი. ის გარე უნდა იყოს სამყაროს მიმართ, და უნდა ფლობდეს საკმარის ძალასა და თავისუფლებას, რომ გამოიწვიოს მისი არსებობა. ამიტომ, სამყარო, თავისი დროით, სივრცით და მატერიით კონტინგენტურია. მას არ აქვს არსებობის აუცილებლობა თავისთავად. მისი არსებობა მოითხოვს აწყობის, საწყისი პირობის ან ნების აქტს.
„რაიმე ვერ დაიწყებს არსებობას, თუკი არ არსებობს საკმარისი მიზეზი მისი არსებობისათვის“, _ ამბობს კრეიგი.
სადღაც, შორეულამდე თუ გიჭრის გონება და თუ მართლა ფიქრობ, სად მიდის ფიქრი, ხედავთ?
აქედან გამომდინარე, სამყაროს არსებობა აუცილებელს ხდის არა მხოლოდ საკმარის მიზეზს, არამედ გონიერ არსებას, რომელსაც ჰქონდა ინიციატივა, რომ გამოეწვია არსებობა არაფრიდან.
აუცილებელი არსების ნება და პიროვნული ხასიათი. თუ ეს აუცილებელი არსება არ ფლობს ნებას — არჩევნის უნარს — მაშინ სამყარო, როგორც კონტინგენტური რეალობა, ვერ იარსებებდა. თუ აუცილებელი საწყისი მხოლოდ ბუნებრივი ძალაა, მაშინ შედეგიც აუცილებელი იქნებოდა, მაგრამ სამყარო აუცილებელი არ არის, ის შეიძლებოდა არ ყოფილიყო. ამიტომ, აუცილებელი საფუძველი გადაწყვეტს სამყაროს არსებობას — რაც მიუთითებს ნებაზე, ანუ პიროვნულ არსებაზე.
ეს არგუმენტი ასრულებს ლოგიკურ ძაფს მიკროფონიდან ღმერთამდე: იმის ნაცვლად, რომ სამყარო იყოს შემთხვევითობების უსასრულო ქსელი, მას საფუძვლად უდევს მიზანმიმართული და აუცილებელი ნება, რაც კლასიკურ თეოისტურ ტრადიციაში ღმერთის განსაზღვრებაა.
ამგვარად, მიკროფონის არსებობიდან სამყაროს დასაწყისამდე, ყველა კონტინგენტური ობიექტი მოითხოვს ახსნას, რომელიც საბოლოოდ აუცილებლად ლოგიკურად მიდის იმ აუცილებელ არსებამდე, რომელიც საკუთარი თავით არსებობს. ეს არსება არ არის აბსტრაქტული იდეა ან უსახური ენერგია, არამედ — რეალური, მოქმედი და ნების მქონე საწყისია.
მაშასადამე, ლოგიკურად და ფილოსოფიურად სრულიად გამართლებულია დასკვნა: არსებობს აუცილებელი, ნების მქონე არსება, რომელიც რეალობის მიზეზია, რასაც ღმერთს ვუწოდებთ.
დასკვნა: მარტივი ობიექტის, მიკროფონის არსებობის ანალიზი გვაჩვენებს, რომ კონტინგენტური ობიექტები საჭიროებენ საკმარის ახსნას. ასეთი ახსნა ვერ იარსებებს უსასრულო შემთხვევითობათა სერიაში, რომელიც ფუნდამენტურ მიზეზობრივ წყაროს მოკლებულია. ამიტომ, ლოგიკური აუცილებლობით, უნდა არსებობდეს რაღაც, რაც ფლობს არსებობის აუცილებლობას ანუ, აუცილებელი არსება. და რადგან სამყაროს დასაწყისი გვიჩვენებს, რომ ეს აუცილებელი არსება მოქმედებდა ნებით, მივდივართ დასკვნამდე, რომ ის არა მხოლოდ აუცილებელია, არამედ გონიერი და მიზანმიმართული. ეს არსება ტრადიციულად ცნობილია, როგორც ღმერთი!
ჩნდება შეკითხვა, ხომ არ იშლება ამ არგუმენტის სიძლიერე იმით, თუ ჩვენი სამყარო არ წარმოქმნილა 13,8 მილიარდი წლის წინათ? რა მოხდება მაშინ, თუ ჩვენი სამყაროს დიდი აფეთქება იყო, უბრალოდ, წინა პერიოდში არსებული სამყაროს შეკუმშვის შემდეგ კვლავ დაწყებული დიდი აფეთქება? ანუ რა მოსდის ამ არგუმენტს იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი სამყარო არის ციკლური (შეკუმშვა-აფეთქებების უსასრულო ციკლის მქონე) და სულ არსებობდა?
ეს შეკითხვა კოსმოლოგიური არგუმენტის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევას ეხება: რაციონულ სიძლიერეს ინარჩუნებს თუ არა კოსმოლოგიური არგუმენტი იმ შემთხვევაში, თუ სამყარო არ არის დროითად კონტინგენტური, ანუ არასდროს „დაწყებულა“, არამედ არსებობდა ყოველთვის — მაგალითად, ციკლური მოდელის შემთხვევაში, სადაც დიდი აფეთქებები და შეკუმშვები უსასრულოდ მეორდება.
მაკა ჯაყელი
(დასასრული იქნება)

