როგორ უნდა ავინაზღაუროთ ზიანი ექიმის მხრიდან სამედიცინო გადაცდომის დროს

როგორ უნდა ავინაზღაუროთ ზიანი ექიმის მხრიდან სამედიცინო გადაცდომის დროს

ბოლო ხანს ექიმების მხრიდან სამედიცინო გადაცდომის ფაქტები გახშირდა. სამწუხაროდ, მოქალაქეთა დიდმა ნაწილმა არ იცის, რა სამართლ;ებრივი გზებით შეიძლება ფულადი თანხის ანაზღაურება იმ სამედიცინო დაწესებულებიდან, რომელმაც არასწორი მკურნალობის შედეგად მას ზიანი მიააყენა.
სამართლებრივად კონკრეტული გადაცდომის დროს ზიანი ეკისრება იმ დაწებულებას, სადაც ექიმი ოფიციალურად მუშაობს. 
თუ პაციენტი მიიჩნევს, რომ მას ზიანი არასწორი მკურნალობის შედეგად მიადგა, დავა, სარჩელი სასამართლოში, ძირითადად, სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის საფუძველზე (დელიქტური პასუხისმგებლობა) უნდა წარიმართოს. 

რას ნიშნავს სამედიცინო შეცდომა?
იმისათვის, რომ ექიმს ან კლინიკას დაეკისროს პასუხისმგებლობა, ერთდროულად უნდა არსებობდეს სამი პირობა:
- მართლსაწინააღმდეგო ქმედება: ექიმმა დაარღვია დადგენილი სამედიცინო ე.წ. გაიდლაინი ან პროტოკოლი (ანუ არ მოიქცა ისე, როგორც მოიქცეოდა ანალოგიური კვალიფიკაციის „კეთილსინდისიერი ექიმი“).
- ზიანი: პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, დადგა ინვალიდობა ან გარდაცვალება.
- მიზეზობრივი კავშირი: უნდა დამტკიცდეს, რომ ზიანი გამოიწვია სწორედ ექიმის კონკრეტულმა შეცდომამ და არა, მაგალითად, დაავადების ბუნებრივმა მიმდინარეობამ.

მტკიცების ტვირთი და „ინფორმირებული თანხმობა“
სამედიცინო სამართალში არსებობს საინტერესო ნიუანსი: თუ დავა ეხება მკურნალობის ხარისხს, პაციენტმა უნდა ამტკიცოს, რომ ექიმი შეცდა. თუ დავა ეხება ინფორმირებულ თანხმობას, ტვირთი ხშირად ექიმზე გადადის. ექიმმა უნდა დაამტკიცოს, რომ პაციენტს აუხსნა ყველა რისკი. თუ ოპერაცია წარმატებით დასრულდა, მაგრამ პაციენტს წინასწარ არ უთხრეს შესაძლო გვერდითი მოვლენის შესახებ, რომელიც მაინც დადგა – ეს უფლების დარღვევაა და შეიძლება კომპენსაციის საფუძველი გახდეს. 
პრაქტიკული მაგალითი:
პაციენტს ჩაუტარდა მუცლის ღრუს ოპერაცია. ოპერაციიდან 2 კვირაში დაეწყო გართულება. განმეორებითი კვლევით დადგინდა, რომ მუცლის ღრუში დარჩენილი იყო უცხო სხეული (დოლბანდი).
სამართლებრივი ანალიზი:
გაიდლაინის დარღვევა: პროტოკოლი ავალდებულებს პერსონალს გადათვალონ ინსტრუმენტები ოპერაციის დასრულებამდე. ეს არის აშკარა გადაცდომა.
ზიანი: განმეორებითი ოპერაცია, დამატებითი ხარჯები და ტკივილი.
შედეგი: კლინიკას დაეკისრება როგორც მატერიალური (წამლების, ოპერაციის ხარჯი), ისე მორალური ზიანის (ტკივილისა და განცდებისათვის) ანაზღაურება.

როგორ უნდა იმოქმედოს პაციენტმა?
თუ ეჭვი გაქვთ სამედიცინო შეცდომაზე, ნაბიჯები ასეთია:
თქვენ გაქვთ უფლება გამოითხოვოთ და მიიღოთ ყველა ფორმა (მათ შორის ცნობილი ფორმა IV-100/ა) და დანიშნულება.
მიმართვა რეგულირების სააგენტოსთვის: ჯანდაცვის სამინისტროს პროფესიული რეგულირების საბჭო შეისწავლის ექიმის ლიცენზიის საკითხს. აქ გასათვალისწინებელია ბევრი გარემოება, რომ ექიმთა საბჭოს არის ადმინისტრაციული ორგანო, სადაც დავა მიმდინარეობს. შეგიძლია მას მიაწოდო ყველა სახის ინფორმაცია, რომელიც საბჭოს დაეხმარება საკითხის სწორად გადაწყვეტაში. შეგიძლია, საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გაასაჩივრო სასამართლოში და მოსთხოვო ამ უკანასკნელს, გამოიკვლიოს ყველა ფაქტობრივი გარემოება. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მიხედვით „ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, გადაწყვეტილების მიღებამდე გამოიკვლიოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება. ეს ნიშნავს, რომ მან უნდა შეაგროვოს მტკიცებულებები და არ დაეყრდნოს მხოლოდ ზედაპირულ ინფორმაციას.“
სასამართლო ექსპერტიზა: ეს არის მთავარი მტკიცებულება. დამოუკიდებელმა ექიმ-ექსპერტმა უნდა დაწეროს დასკვნა, დაირღვა თუ არა მკურნალობის სტანდარტი. შესაძლებელია, დაინტერესებული პირის მიერ დაინიშნოს დამატებითი ექსპერტიზა, თუ მხარეს არ აკმაყოფილებს ექსპერტის პასუხი. ექსპრტზის დასკვნა არის მნიშვნელოვანი დოკუმენტი. სისხლის სამართლის კანონმდებლობით, არასწორი დასკვნის გაცემის დროს პასუხისმგებლობა ეკისრება დასკვნაზე ხელის მომწერ პირს. ზიანს და მიზეზობრივ კავშირს ადგენს სახელმწიფო სამედიცინო ექსპერტი და ექიმთა საბჭო. აქვე მიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ყველა ორგანიზმი ინდივიდუალურია, მთავარია, დადგინდეს, რომ ექიმის მხრიდან გადაცდომა მისივე შეცდომით მოხდა.
მოამზადა 
ლევან ჭიღლაძემ