ვის აწყობს მოჩხუბარ კანიბალებს შორის საქართველოს ჩაგდება?!

ვის აწყობს მოჩხუბარ კანიბალებს შორის საქართველოს ჩაგდება?!

ეს წელი ისე დაიწყო, ადამიანი ვერ გაიგებდი, უნდა გემხიარულა თუ მსოფლიოს შემხედვარე, ღრმა ჭმუნვაში ჩავარდნილიყავი. მოწოდებით მშვიდობისმოყვარე ვარ, მაგრამ გნიასი რომ ატეხეს ხან ვენესუელაზე, ხან ირანსა თუ გრენლანდიაზე, ერთგვარად, სასეიროდ განვეწყვე. 
აშშ-ის პრეზიდენტმა ტრამპმა ევროკავშირ-ნატო-ს გამოუცხადა, ან გავიტან გრენლანდიას, ან ჩამოგაცვამთ თავზეო; ირანის პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა პირდაპირ დაადო ხელი _ ბოლო დროს მომხდარ არეულობებში მთავარი როლი ითამაშეს აშშ-მა და ისრაელმაო და პუტინთან დარეკა. ვიღაც „ძლიერმა ექსპერტმა“ დაასკვნა, პუტინმა რადგან „ორეშნიკი“ ისროლა, მაშასადამე, არსენალი ეწურება და გამარჯვება ახლოსააო;
უკრაინა, უკრაინა რომ გაუდიოდათ და მისი საცოდაობით ვითომ დამწვარმა „ევროპელმა მეგობრებმა“, დასაკლავ ხარს კინაღამ ქათამივით ზედ წაგვაკლეს და ახლა უკრაინა „მოდაში აღარ არის“, ამით კიდევ ერთხელ კარგად გამოჩნდა, ვის რა აინტერესებდა, ან დააინტერესებს მომავალშიც.
ჰოდა, მშვიდობისმოყვარე კი ვარ, მაგრამ რომ გამახსენდება, საქართველოს გარე თუ შიდა მტრებს, კრებსით ომისმოყვარეებს, რა მშვიდობა უნდოდათ და უნდათ საქართველოში, თანაგრძნობის უნარი დავკარგე _ ნავთობი უნდათ ერთმანეთისგან, იშვიათი მინერალები თუ თითო „ორეშნიკი“, ერთმანეთში არკვიონ. კარგი ყოფილა, როდესაც შენთვის წყნარად ზიხარ, ზეიმობ შობას, ახალ წელს, ნათლისღებას და კიდევ რაღაცებს, ვიღაც მსოფლიო მსუნაგები კი ერთმანეთს ხან კუნთებს აზომებენ, ხან _ „ჩერდაკის“ მშიერი კატასავით ფეხზე ეგლასუნებიან მათზე აღმატებულს. ახლა აღმოჩნდა, რომ რუსეთი ევროპული ქვეყანა ყოფილა და მთელი ევროპა უნდა დაელაპარაკოს საეჭვოდ თვალჩაწითლებული მაკრონის თამადობით, მაგრამ საქართველო მაინც არ უნდა, რომ დაელაპარაკოს რუსეთს. 
თვალი მოვკარი, ვიღაც წერდა, მშვიდობა ვჭამოთო? პასუხის ღირსად არ ჩავთვალე, რომ კითხვა შემებრუნებინა: ომი უკეთესი საჭმელია და, შესაბამისად, ადვილი მოსანელებელი-მეთქი?
ერთი, თქვენი ჭკუაც ვატირეო, გავიფიქრე და ის იყო, ბევრად სასარგებლო საქმიანობით უნდა დავკავებულიყავი, რომ ტაკერ კარლსონის სიტყვებს გადავაწყდი. ამ კაცს იმთავითვე პატივს ვცემდი, როგორც ჩემთვის მისაღებ პირუთვნელ ჟურნალისტს. რა არ გამოვიარეთ და ახლაც რყევაში ვართ, ამდენად, ცხადია, ჩვენთვის ახალს ვეღარაფერს იტყოდა, მაგრამ მისი შეფასება მომეწონა იმ ყველაფრის შესახებ, რაც ყოველდღიურად ვითარდება. არადა, ისე ელვისებურად იცვლება მოვლენები, ორი დღის წინათ დაწერილი, ორ დღეში გადასაგდები გაგიხდება, თუმცა არის ანალიზი, რა და რატომ ხდება და ამის გააზრება უნდა შეგეძლოს.
ტაკერ კარლსონი: „ახლა, როდესაც საბოლოოდ ვამბობთ სიმართლეს იმის შესახებ, თუ რატომ აკეთებენ ქვეყნები იმას, რასაც აკეთებენ, ბევრი არგუმენტი, რომელსაც ვეყრდნობოდით და რომელიც ჩვენი საგარეო პოლიტიკური პოზიციების უმეტესობას უდევს საფუძვლად, უმნიშვნელო ხდება.
როგორც კი ხმამაღლა იტყვით: „ვენესუელაში იმიტომ ვიქცევით ისე, რომ გაბრაზებულები ვართ - ისინი ხომ ჩვენს ნავთობს ჩინეთზე, ჩვენს მეტოქეზე ყიდიან“, - სიმართლე გითხრათ, მაგარია! მაგრამ საკმაოდ რთული ხდება იმის მტკიცება, რომ, მაგალითად, რუსეთს რატომ არ უნდა ადარდებდეს, რა ხდება აღმოსავლეთ უკრაინაში.
ამ ყველაფრის ფონზე ძნელია პუტინის კრიტიკა უკრაინაში შეჭრის გამო. რუსეთმა დაინახა, რომ მის საზღვრებთან დიდი ძალაა, ის საფრთხეშია და თავის დასაცავად ზომებს იღებს, ჩვენ კი ამას არაპროვოცირებულ შეჭრას ვუწოდებთ! _ ბაიდენის ადმინისტრაციამ ასე უწოდა. სახელმწიფო დეპარტამენტი კვლავ ასე უწოდებს. ჩვენი პოლიტიკა კი იმ იდეაზეა დაფუძნებული, რომ ეს უკანონოა. სწორედ ამიტომ ვაწარმოებთ ომს რუსეთის წინააღმდეგ უკვე ოთხი წელია.
დღეიდან ამის თქმა აღარ შეიძლება. რატომ? სწორია თუ არა რუსეთის მსგავსი დიდი საფრთხეებისგან თავის დაცვა? ჩვენი ამჟამინდელი წესების თანახმად, იმის თქმა, რომ “არასწორია”, აღარ შეიძლება. შეგიძლიათ თქვათ: „ეს არ მომწონს“, მაგრამ ვერ გამოიყენებთ რაიმე აბსტრაქტულ პრინციპს.
ჩვენ აღარ შეგვიძლია არბიტრაჟისთვის უფრო მაღალ (მორალურ) ავტორიტეტებს მივმართოთ. ახლა ზოგი იტყვის, რომ მათი უზენაესობა ფიქცია იყო. ეს ნამდვილად ფიქცია იყო. ეს პრინციპი საფუძვლად უდევს მთელ ლეგენდარულ ომისშემდგომ წესრიგს.
რა იყო ეს ომისშემდგომი წესრიგი? ის ერთ იდეას ეფუძნებოდა _ დიდი ქვეყნებისთვის არასწორია პატარა ქვეყნების შთანთქმა მხოლოდ იმიტომ, რომ მათ ასე სურთ. არსი ის იყო, რომ დიდ ქვეყნებს არ აქვთ უფლება, მტაცებლურად იმოქმედონ პატარა ქვეყნების მიმართ, რადგან ეს არასწორია. 
ამის გარშემო ყოველთვის ბევრი სიცრუე იყო, რა თქმა უნდა, ბევრი პრეტენზია და თვალთმაქცობა _ ჩვენ ყველანი ნიღაბს ვატარებთ ჩვენი ნამდვილი მოტივების დასამალად, მაგრამ ეს მაინც დარჩა იმის საფუძველი, თუ როგორ ურთიერთობდნენ ქვეყნები ერთმანეთთან.
ეს რომ ასე აღარ არის, გასული კვირიდან შევიტყვეთ, რადგან მსოფლიოს უდიდესმა ზესახელმწიფომ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, უბრალოდ, დაიწყო მოქმედება მხოლოდ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე და ღიად გამოაცხადა ეს.
მაშ, ​​რა უნდა გავაკეთოთ ყველა ამ „საერთაშორისო ორგანიზაციის“ მიმართ?
აქვს თუ არა აზრი მათ არსებობას ახლა, როდესაც ჩვენ მოვიხსენით ნიღაბი? 
ალბათ, არა!
შესაძლოა, მათ ჯერ არც კი იციან ამის შესახებ.
რა თქმა უნდა, ყველა მათგანი კარგად არის დაფინანსებული და გარკვეულწილად განაგრძობს არსებობას მომავალშიც, მაგრამ არსებითად, ისინი განწირულები არიან. ყველაფერი დამთავრდა.
...მაინტერესებს, რატომ არ მეცოდება ის საწყალი საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც ოდესღაც მსოფლიოს მორალური ჭეშმარიტებების საკონტროლო წილებს ფლობდნენ?
არსებობს თეორია: შესაძლოა, ეს იმიტომ ხდება, რომ ამ ორგანიზაციებმა ბოლო (არა ოთხი, არამედ გაცილებით მეტი) წლების განმავლობაში ნათლად აჩვენეს ჩვენს პატივცემულ ქვეყანას, რომ მათ არანაირი მორალი არ აინტერესებთ და ყოველთვის წარმოადგენდნენ მეძავებისა და სოდომისტების შეკრებას, გლობალური კანიბალიზმის „პიარ განყოფილებას“, რომლის მსხვერპლიც ჩვენ ვიყავით?
... და ახლა, პატივცემულებო, კანიბალებს ცოტა ჩხუბი მოუვიდათ და რიტუალური ნიღბები მოიხსნა. რაც გინდათ, ის თქვით, მაგრამ ჩემთვის ეს შესანიშნავი ამბავია?
მართალია ეს კაცი!
კი, მართალია, მაგრამ ჩვენ, რას ვაკეთებთ ჩვენი ქვეყნისთვის?
ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები უკვე ელჩებს ნიშნავენ რუსეთში და რანაირად მოუქონონ თავი, იმას ფიქრობენ, საქართველოს კი ხან თითს უქნევენ, ხან რაღაც უაზრო სასჯელებით სჯიან, ან მათთვის სასურველ და საქართველოსთვის დამანგრევლ მოთხოვნებს გვიგზავნიან, ჩვენ კი განსაზღვრულ გეოგრაფიულ არეალში ვართ და საკუთარი ქვეყნის დასაცავად მეტად ვეღარ გამოგვიდია თავი. თქვენ ხმა არ გასცეთ რუსეთსო და თვითონ რიგში ჩადგნენ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გასაუმჯობესებლად. დიპლომატიური ურთიერთობა რომ არ გვაქვს რუსეთთან, ჩვენ „რუსეთუმეები“ ვყოფილვართ, ახლა კი რეალურად თვითონ „რუსეთუმდებიან“ _ დიდი თვალები ჰქონია შიშს. თვითონ რუსეთის შიშმა თვალები გადმოაკარკვლინათ, მელონი და მაკრონი ორ ხმაში გაჰყვიროდნენ, ვინ მოვძებნოთ რუსეთთან შუამავლადო და ჩვენ რუსეთის არ უნდა გვეშინოდეს, პირიქით, უნდა შევებრძლოთ _ აუტანელია ამათი ორმაგი სტანდარტები!..
საქართველოს მდებარეობა ვერ შეიცვლება ვერავის ახირებით, აქედან გამომდინარე, სათავისოდ კარგადაც იყენებენ _ ჩვენზე გადის და გაივლის ევროპისთვის მნიშვნელოვანი ენერგომატარებლები იქნება თუ ტვირთები...
ჩვენ, მგონი, აკვიატება გვაქვს ევროპის, რეალურად კი არაფერში გვადგია დღევანდელი ევროპა, მაგრამ ევროპას ვადგივართ და ვჭირდებით.
არავინ მითხრას, ევროპას ნუ ზომავ ევრობიუროკრატიითო. რომელ ევროპასაც დღის წესრიგს ევრობიუროკრატია უწესებს, ის ევროპაც ისეთია _ რასაც ვხედავ, სახარბიელო არაფერია!
საქართველო არ იქნება თურქეთის გავლენის ქვეშ. ის არ იქნება არცერთი ქვეყნის გავლენის ქვეშ. საქართველოს აქვს შანსი, გახდეს ისეთი ძლიერი ნეიტრალური ქვეყანა, როგორიც შვეიცარიაა, „კავკასიის შვეიცარია“ თუ, რა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობა ამ კურსს განაგრძობს. თუ საქართველო არ იქნება არცერთ ბლოკში, არც რუსულში, არც ოსმალურში, არც ევროპულში და ის იქნება რეგიონის მთავარი გასაღები ქვეყანა, რომლის გავლითაც მოხდება სატვირთო გადაზიდვები, _ ეს რუსი ანალიტიკოსის, მაქსიმ შევჩენკოს სიტყვების ამონარიდია და იგივეს ამბობდა წლების წინათ ჟირინოვსკი.
ვინც საქართველოს ნეიტრალიტეტზე ხელებს ასავსავებს და თითიდან გამოწოვილ ერთ-ერთ მიზეზად საქართველოს ოთხ მეზობელ ქვეყანას ასახელებს, უპირველესად, მათ იციან, რომ სწორედ ნეიტრალური და არაპროდასავლური საქართველო ყველაზე მეტად მეზობელ რუსეთს აწყობს, მაგრამ არა, მოჩხუბარი კანიბალების შუაში უნდათ საქართველოს ჩაგდება...
ყველაფერს ვხედავთ, ყველაფერი გვესმის, ყველაფერი ვიწვნიეთ. დასკვნებიც გამოტანილი გვაქვს, მაგრამ რატომ ვერ ველევით კონსტიტუციის 78-ე მუხლს, ვერაფერი გაამიგია. ახალი მსოფლიო რეალობაა? რას ვბალერინობთ?
ეჟენ ლეცი ორჯერ გაიქცა საკონცენტრაციო ბანაკიდან. ის დაიჭირეს. მეორედ დაჭერის შემდეგ მისცეს ნიჩაბი, რომ თავისი საფლავი გაეთხარა. მან ამ ნიჩბით მცველს სასიკვდილოდ დაარტყა, მისი ფორმა გადაიცვა და ისევ გაიპარა, ამჯერად წარმატებით. მოგვიანებით მან თქვა: „რომანტიკოსი შესაფერის დეკორაციებს იპოვის და მოკვდება. მე კომიკოსი ვარ. ნიჩბით მოვკალი.“
ნიჩაბი გვაქვს და რას ველოდებით, დეკორაციების შეცვლას ვაპირებთ?!

ზურა ოშხერელი