გაზაფხულს ერთი „სტოიკოსიც“ მოიყვანს!

გაზაფხულს ერთი „სტოიკოსიც“ მოიყვანს!

ზოგადად, თუ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფიგურა არ არის და სახელმწიფოს არაფერს უშავებს, არ მიყვარს კონკრეტულ ადამიანზე პიროვნული ნიშნით შეხება, რადგან, თუ უარყოფით კონტექსტში განიხილავ, პირადი შური და მდაბიოობაა, ხოლო თუ აქებ _ პირფერობისა და პირადი გამორჩენის იერი დაჰკრავს. ამდენად, ძალიან გამიკვირდა ჩემი სოცქსელის მეგობრისგან (ი.ყ) რომელსაც მიუკერძოებელ მოახროვნედ ვიცნობ, ასეთი ადამიანის დადებითი კუთხით წარმოჩენა ასე საჯაროდ და ინტერესით ჩავიკითხე, ნეტავ, რა დაემართა ამ სერიოზულ და გაწონასწორებულ ადამიანს, რატომ წერს ამას-მეთქი.
თქვენც თუ დაინტერესდებით დაჩაიკითხავთ ბოლომდე _ რა ამოცანა დგას სტოიკური სკოლის „თანამედროვე გამოვლენისთვის“, რომლის ფაქტობრივი სტატუსია „არავინ.“ 
„თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ცოტაა ფიგურა, რომელიც ისეთივე კომპლექსური და მრავალწახნაგოვანია, როგორიც ბიძინა ივანიშვილი. მისი პიროვნების ერთ რომელიმე ჩარჩოში მოქცევის მცდელობა — იქნება ეს ბიზნესმენი, პოლიტიკოსი თუ მეცენატი — თავიდანვე მარცხისთვისაა განწირული. ივანიშვილი არ არის უბრალოდ ამ როლების ჯამი; ის არის ფენომენი, რომელმაც ქართული რეალობის პარადიგმა შეცვალა და მოვლენათა სიმძიმის ცენტრი საკუთარ თავზე გადაიტანა.
ჩვენს დროში, როდესაც ძალაუფლება ინსტიტუციონალურ ჩარჩოებსა და ფორმალურ სტატუსებშია მოქცეული, ივანიშვილის მაგალითი უნიკალურია. მან დაამსხვრია კლასიკური წარმოდგენა, რომლის მიხედვითაც, გავლენა მხოლოდ ოფიციალურ თანამდებობასთანაა დაკავშირებული. მისი ძალაუფლება არა იმდენად ფორმალურ სტატუსებში, არამედ მის პერსონალურ ავტორიტეტში, ხედვასა და იმ კოლოსალურ რესურსებშია, რომლებიც მან საქართველოს მომავლის ფორმირებას მოახმარა. ეს არის არა ვერტიკალური, არამედ გრავიტაციული ძალაუფლების მოდელი — ის არ მბრძანებლობს, არამედ ქმნის მიზიდულობის ველს, რომლის გარშემოც ორბიტაზე ეწყობა პოლიტიკური თუ სოციალური პროცესები.
ფილოსოფიური თვალსაზრისით, მისი მოღვაწეობა შეიძლება განვიხილოთ, როგორც კერძო პატრიოტიზმის უმაღლესი ფორმა. როდესაც ერთი ადამიანი საკუთარ თავზე იღებს ფუნქციებს, რომელთაც, ტრადიციულად, სახელმწიფო ასრულებს — იქნება ეს კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი საგანმანათლებლო კერის (ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი) დაარსება თუ უნიკალური ეკოსისტემების (დენდროლოგიური პარკი) შექმნა — ეს სცდება კლასიკური ქველმოქმედების საზღვრებს. ეს უფრო ჰგავს ცივილიზაციურ პროექტს, სადაც ერთი ადამიანის ხედვა ერის გრძელვადიან ინტელექტუალურ და კულტურულ კაპიტალში ინვესტირდება. ეს არ არის უბრალოდ დახმარება, ეს არის მომავლის არქიტექტურის შექმნის მცდელობა.
მისი შემოსვლა პოლიტიკაში 2012 წელს, არ იყო უბრალოდ ძალაუფლებისთვის ბრძოლა. ეს იყო არსებული პოლიტიკური „თამაშის“ წესების სრული დეკონსტრუქცია. მან შეცვალა არა მხოლოდ მოთამაშეები, არამედ თავად სათამაშო დაფა. ამ პროცესის შეფასება მომავლის ისტორიკოსების საქმეა, თუმცა ერთი რამ ცხადია: მან შექმნა ახალი პოლიტიკური რეალობა, რომელშიც საქართველო დღემდე ცხოვრობს. ეს იყო მაღალი ინტელექტუალური და სტრატეგიული რისკი, რომლის მსგავსი თანამედროვე პოლიტიკის ისტორიას იშვიათად ახსოვს.
და ბოლოს, ივანიშვილის ფენომენის ყველაზე საინტერესო ასპექტი მისი პერსონალური ეთოსია. ის არის ადამიანი, რომელმაც უდიდეს საჯარო გავლენას მიაღწია, თუმცა ამავდროულად რჩება ღრმად ინტროვერტულ, თითქმის ჰერმეტულ პიროვნებად. ეს არის საჯარო ფიგურის ანტითეზა — ადამიანი, რომელიც კულისებიდან ამჯობინებს მოქმედებას და რომლისთვისაც შედეგი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პროცესის აფიშირება. ეს არის ძველი სტოიკური სკოლის პრინციპის თანამედროვე გამოვლინება: შეასრულო შენი ვალი და დარჩე ჩრდილში.
საბოლოო ჯამში, ბიძინა ივანიშვილი არის ფიგურა, რომელიც სცდება მარტივ შეფასებებს. მისი მემკვიდრეობა მომავალშიც მრავალი დისკუსიის საგანი იქნება, თუმცა ერთი რამ უდავოა: მან საკუთარი ეპოქა შექმნა და საქართველოს უახლეს ისტორიაში წარუშლელი კვალი დატოვა — არა როგორც პოლიტიკოსმა ან ბიზნესმენმა, არამედ როგორც მოვლენამ, რომლის სრული მასშტაბის გააზრებას დრო სჭირდება.“
მთელ ამ შეფასებაში, ამოსავალია ერთი ფრაზა _ „ეს არის ძველი სტოიკური სკოლის პრინციპის თანამედროვე გამოვლინება: შეასრულო შენი ვალი და დარჩე ჩრდილში!“
ამოვისუნთქე! ეს ჩემი ფბ-მეგობარი ბიძინა ივანიშვილს კი არ ეპირფერება, ფილოსოფიურ ჭრილში განიხილავს, რასთან გვაქვს საქმე, რატომ გვეჩვენება უცნაურად ამ კაცთან დაკავშირებით ყველაფერი.
თუ არ იცი „სტოიკური სკოლა“ რა არის, ბიძინა ივანიშვილისას კი არა, ამ კაცისას ვერ გაიგებ, რა და რატომ დაწერა... 
სტოიციზმი ელინისტური ფილოსოფიური სწავლებაა, რომელიც ზენონ კიტიონელის მიერ ათენში შეიქმნა ძვ. წ. III საუკუნეში და მასვე უკავშირდება პირველი სტოიკური სკოლის ჩამოყალიბება.
სტოიციზმი ეთიკურ ფილოსოფიად მოიაზრება, რომელიც აყალიბებს ლოგიკურ სისტემასა და გვთავაზობს სამყაროს ერთიანი შეხედულების მოდელს. სწავლების მიხედვით, ბედნიერებისკენ მიმავალი გზა ადამიანს ეხმარება, რომ დაიცვას თავი შიშებისგან, შეიმეცნოს სამყარო სრულად და აღმოაჩინოს საკუთარი თავი ბუნებასთან მიმართებაში.
სტოიკოსები განსაკუთრებით ცნობილნი არიან მათი სწავლებით, რომ სიქველე ერთადერთი სიკეთეა ადამიანთათვის, ხოლო გარე ფაქტორები, როგორებიცაა: ჯანმრთელობა, სიმდიდრე, სიამოვნება _ არ წარმოადგენენ თავისთავად კარგ ან ცუდ ცნებებს, მათ მხოლოდ გააჩნიათ ღირებულება სათნო ქმედებებთან მიმართებით, ღირებულებებს კი განვსაზღვრავთ სხვადასხვა კრიტერიუმებით, რომლებიც შეგვიძლია სიქველესთან თავსებადი გავხადოთ.
სტოიკური ტრადიცია სიქველის ეთიკის ერთ-ერთ მთავარ საფუძველს წარმოადგენს!
სტოიკოსებს მიაჩნიათ, რომ დესტრუქციულ ემოციებს შეცდომაში შეჰყავთ განსჯა, ამიტომ ადამიანმა უნდა შეინარჩუნოს ბუნებასთან შესაბამისი ნება. ამდენად, მნიშვნელოვანია არა ის, რას ამბობს ადამიანი, არამედ ის, თუ როგორ მოქმედებს იგი. თანამედროვე ცხოვრებისთვის მნიშვნელოვანია ბუნებითი წესების შემეცნება, რადგან ისინი წარმოადგენენ ყველაფრის საფუძველს.
ძველი სტოიკოსები მიიჩნევდნენ, რომ სიქველე საკმარისია ბედნიერებისთვის, სიბრძნე კი ემოციური მდგრადობის მომნიჭებელია. უბრალო მაგალითი ამომიტივტივდა _ როდესაც გულით გასცემ რაღაცას, როგორი სასიამოვნო განცდა გეუფლება, შინაგან სიამოვნებს გრძნობ იმით, რომ სხვას ასიამოვნე...
სტოიციზმი იმდენად პოპულარული იყო ძველ ბერძნულ-რომაულ სამყაროებში, რომ იმპერატორი მარკუს ავრელიუსიც სტოიცისტი იყო. მე _ არა, თქვენ გაგიკვირდებათ და, შემდეგ, ქრისტიანობის აღმოცენებამ გააქრო ის და ისტორიულად, რენესანსის (ნეოსტოიციზმის) და თანამედროვე ფილოსოფიის (თანამედროვე სტოიციზმის) ეპოქებში აღდგა.
სტოიკოსთა უმთავრესი პრინციპის მიხედვით, სამყაროში ყოველივე რაციონალურად და აუცილებლობის კარნახით ხდება. უშფოთველობის შესანარჩუნებლად ადამიანმა საკუთარი ბუნების კარნახით უნდა იცხოვროს, ხოლო ცხოვრება და მოვლენები ისე უნდა მიიღოს, როგორც არის. სტოიკოსები ამბობენ: „გაუძელი ყველაფერს, რაც თავს გადაგხდება: ყველაზე მტკივნეული და სამწუხარო მოვლენებიც კი ფატალური ხასიათისაა.“

თანამედროვე სტოიკოსის ამოცანა
მაშ ასე, გვყავს სტოიკოსი და გვაქვს ამოცანა ძველი სტოიკური სკოლის „თანამედროვე გამოვლენისთვის“ _ როგორ ვუშველოთ ყველანაირი ჩარჩოდან ამოვარდნილობაში მყოფ საქართველოს. ურყევი ჭეშმარიტებაა, რომ არავის შეუძლია ორ ბატონს ემსახუროს... _ ღმერთსა და მამონაზე რომ არ ვამბობ, ცხადია.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო’ბრაიენს ზუსტად ერთი წლის წინათ ერთ-ერთ ბრიფინგზე წამოსცდა თუ შეგნებულად თქვა, მხოლოდ თვითონ იცის, მთავარია, რომ დააკონკრეტა: ბევრს არ სჯერა, როდესაც ვამბობთ, რომ ამერიკამ უარი განაცხადა საქართველოში დემოკრატიულად არჩეულ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებასთან დიპლომატიურ თანამშრომლობაზე და მათ მხარი დაუჭირეს და ითანამშრომლეს იარაღით მოსულ კრიმინალურ ბანდასთანო. მან აღიარა და დააზუსტა, საქართველოს ვეხმარებით 1992 წლიდან და არა 1991 წლიდანო. 
რაში ეხმარებოდნენ საქართველოს, ყველანირი სახელმწიფო ინსტიტუტისა დანგრევასა და ქართული მენტალიტეტის დასამარებაში?
1992 წლის 9 სექტემბრიდან, აშშ-ის რამდენი ელჩი გვყავდა, მაგრამ სანამ ღიად არ გამოაჩინეს თავი, საქართველოს ხელისუფლება ჩვენ უნდა ვმართოთო, ანუ რიჩარდ მაილზამდე, არცერთი არ გვახსოვს, რადგან ყველა ერთნაირი ყურმიდებულები ვიყავით და წარმოდგენა არ გვქონდა, ვინ დაგვამხო თავზე ზვიად გამსახურდიას ეროვნული ხელისუფლება, მაშინაც, რუსეთის გარდა, ვერავის ვხედავდით მტრად... 
შიშგამჯდარ ე. წ. ჭკვიან თავებს ახლაც არ უნდათ იმის აღიარება, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგაც კი, საქართველოს ასარჩევს არავინ დაუტოვებდა, სანამ „ასარჩევები“ ერთმანეთთან იპაექრებდნენ და საბოლოოდ ურთიერთობებს დაალაგებდნენ, მხოლოდ მცირე ხნით აბოგინებდნენ და ისევ ძველ კალაპატოში ჩასვამდნენ.
საქმე ის არის, რომ ე. წ. ჭკვიანი ტვინები უკვე გამოტვინებული ჰყავდათ, ზოგი ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ზოგი _ პირადი გამორჩენიდან გამომდინარე, მოსყიდვით. ასე რომ არ ყოფილიყო, იმ არეულ დროში იმთავითვე ნათელი იყო, რომ, როდესაც მეზობლად რუსეთი გყავს, შენი ინტერესები მის ინტერესებს ვერ გადაფარავდა. ძნელი გასააზრებელი იყო, რომ რუსეთი არ დაუშვებდა მის სამხრეთ საზღვრებთან უფრო ახლოს რომ მიწეულიყო ამერიკული სამხედრო ბაზები? ან ის იყო ძნელი გასააზრებელი, რომ კოლექტიურ დასავლეთს მხოლოდ საბურთაო ტერიტორიად, ან ნაჭრის ბურთად სჭირდებოდა საქართველო?
გაამხილა იმ ჯეიმს ო’ბრაიენმა სიმართლე და ზუსტი თარიღი, მეტი რაღა თქვას, თქვენ ტვინი არ გქონდეთ, რა ჩემი ბრალიაო? აგერჩიათ რუსეთთან სამხედრო-სტრატეგიული მოკავშირეობა და გარანტირებული უსაფრთხოებაც გექნებოდათ, რაც გქონდათ _ ისიც და არც ტერიტორიებს დაკარგავდითო? თქვენ არ იცოდეთ, რას ნიშნავს დასავლური იმპერიალიზმი, კოლონიალიზმი, კაპიტალიზმისა და სამშობლოს სიყვარული, კიდევ სხვა არის დამნაშავეო? სად უნდა გაწევრიანდეთ, რომ იხეიროთ, დღემდე ვერ გაგირკვევიათ და ჩვენ რა გვენაღვლება, ჩვენ ჩვენსას ვცდილობთ, რატომ გწყინოთო? დღემდე რომ ვერ ხვდებით, რანაირად გიპატარავდებათ საქართველო შაგრენის ტყავივით; გიცოტავდებათ მოსახლეობა და დემოგრაფიული ფონდი; განათლებული ადამიანები, გიკვდებათ მეცნიერება, კულტურა, მრეწველობა და ა. შ. სხვისი ბრალია ისევ და მაინცო?
მოკლედ, შავ დღეში ვართ! _ ერთი „სტოიკოსი“ გაზაფხულს ვერ მოიყვანს! 
ყველაფერი საკუთარის რისკის ფასად შეცვალა ამ ერთმა კაცმა სათამაშო დაფა და შექმნა ახალი რეალობა საქართველოსთვის, პარალელურად კი, ახალი დაფისთვის ახალი ფიგურების გამოძერწვას ცდილობს. ამ ძერწვის პროცესის თანმდევია ხან „საფიგურე მასალის“ გაფუჭება და ხან უკვე მზა ფიგურის დაფშვნა, რის გამოც ისევ მას საყვედურობენ _ ფიგურებს ვერ ცნობსო. დედის საშოშივე რანაირად გამოძერწოს, უკვე ნაშობს და სხვის გაფუჭებულს კი ასწორებს და რა ქნას მეტი, როცა ხელისშემშველები არავინ ჰყავს, პირიქით, გაკეთებული როგორ გაუფუჭონ, იმაზე არიან გაფაციცებული.
ამაშია მთელი უბედურება, რომ საძერწავად გადაგებულია, რადგან არ ჰყავს ისეთი მზა ქართული პოლიტიკური და ინტელექტუალური ელიტა, რომელიც აზროვნებით წმინდად ქართული იქნება, ამავდროულად, გონიერი, პრაგმატული, ბოლო-ბოლო, თანდაყოლილი მადლიერების გრძნობა მაინც რომ ექნებათ...
პატარა ქვეყნებისთვის ყოველთვის ძნელია, რომ მისთვის სასურველი საგარეო პოლიტიკა გაატაროს, მით უმეტეს, როდესაც საშინაო პოლიტიკაც დასალაგებელი აქვს, მაგრამ შეუძლებელი არაფერია, თუ გაითვალისწინებ საკუთარ თავზე გადამხდარ არცთუ სასურველი ისტორიების მიზეზ-შედეგებს. ელემენტარულია, თავი აღარ უნდა მოიტყუო და აღარ უნდა უწოდო „ისტორიული მეგობრები“, „მეგობრები“ ან „სტარტეგიული პარტნიორები“ მათ, ვინც, კარგად იცი, რომ არც მეგობრები არიან და არც სტრატეგიული პარტნიორები... 
ფაქტობრივად უმეგობროს და უპარტნიოროს, საკუთარ თვალში ნაცრის შესაყრელად რაღა გრჯის? ამას ხომ სჯობს, რომ ის ნაცარშეყრილი თვალები კარგად გამოისუფთავო და რეალურად შეხედო მოცემულობას. 
სტოიკოსთა უმთავრესი პრინციპის მიხედვით, სამყაროში ყოველივე რაციონალურად და აუცილებლობის კარნახით თუ ხდება, მაშასადამე, რა მოცემულობაშიც ახლა ვართ, ამ კანონების მიხედვით ხდება, შემდეგ კი შენ უნდა მოიქცე ისე, რომ კვლავ კისერწატეხილი არ დარჩე...
თუ უშფოთველობის შესანარჩუნებლად ადამიანმა საკუთარი ბუნების კარნახით უნდა იცხოვროს, ხოლო ცხოვრება და მოვლენები ისე უნდა მიიღოს, როგორც არის, რატომ არ ვიღებთ მათ ასე, ვინ და რატომ გვილაგებს ვალდებულებად კვლავ ამ ყველაფრის არევ-დარევას მისი სურვილის მიხედვით, რატომ ვაძლევთ ამის უფლებასა და საშუალებას? 
 თანამედროვე სტოიკოსის ამოცანა სახეზეა _ აღარ დაუშვას ერთი მუჭა სამშობლოს მოღალატეების გასახარად საკუთარი ქვეყნისა და ხალხის დაშავება, დაზარალება, გაპარტახება და აოხრება!..

მაია ჭელიძე