პირველი ლედი
პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ინტერვიუში თქვა, ჩემი მეუღლე აშშ-ის პირველი ლედის, მელანია ტრამპის მიერ მიწვეულია ვაშინგტონში გლობალურ სამიტზეო. ატყდა სააკა...ცუკეთში ამბავი, ყაველაშვილი იტყუება, მისი მეუღლე მელანიას არ მიუწვევიაო. არსად, არც ერთი სტრუქტურის საიტზე მსგავსი არაფერი იძებნებაო. არ არსებობს, არალეგიტიმური პრეზიდენტის არალეგიტიმურ მეუღლეს აშშ-ში რანაირად მიიწვევდნენო? ყაველაშვილის განცხადების მერე დაახლოებით ორი კვირა გავიდა, ზოგიერთმა აკაცუკმა ამ თემაზე დისერტაცია დაწერა და იმაზეც მიანიშნა, რა კატაკლიზმებს გამოიწვევდა აშშ-საქართველოს ურთიერთობებში თამარ ბაგრატიონის გამგზავრება ვაშინგტონში.
გავიდა დრო, ყაველაშვილი მართალი აღმოჩნდა, მისი მეუღლე მართლაც გაემგზავრა მელანია ტრამპის მიერ გამართულ სამიტზე და სხვა ქვეყნების პირველი პირების მეუღლეების მსგავსად, სიტყვითაც გამოვიდა. როგორც ჩანს, ჩვენი პირველი ლედი ღელავდა, ის ხომ პირველად იყო ასეთი მაღალი დონის შეხვედრაზე. ინგლისურად დაწერილი ტექსტი წაიკითხა, ერთგან რამდენიმე წამით წაბორძიკდა და სწორედ ეს გახდა სრულიად სააკა...ცუკეთისთვის საქილიკო. დასცეს ყიჟინა, გადავიდნენ მალაყზე - ეს როგორ და რანაირადო? ცუდი არაფერი უთქვამს, პირიქით, მსოფლიო „საქალეთს“ მიმართა, დღეს ჩვენ გვაერთიანებს ერთი საერთო პასუხისმგებლობა, ჩვენი შვილების კეთილდღეობა და მათი მომავალიო. მოგმართავთ, როგორც ოთხი შვილის დედა, ადამიანი, რომელსაც კარგად ესმის და განიცდის ბავშვის კეთილდღეობაზე ზრუნვის პასუხისმგებლობასო:
„მე წარმოვადგენ ერს, რომლის ისტორია სამ ათასწლეულზე მეტს ითვლის. საქართველოს საუკუნეების წინათ მართავდა თამარ მეფე – პირველი ქალი მონარქი. მას მტკიცედ სწამდა, რომ მმართველის სიდიადე იმით იზომება, როგორ იცავს იგი მათ, ვინც ყველაზე მეტად საჭიროებს მფარველობას. ჩემთვის, როგორც პირველი ლედისთვის, მისი სახელის ტარება და ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის მემკვიდრეობის წარმომადგენლობა ერთდროულად უდიდესი პრივილეგია და პასუხისმგებლობაა“.
ხედავთ? არავითარი გადაჭარბება, მოზომილი სიტყვა, გააზრებული გამოსვლა, მხოლოდ ერთი წაბორძიკება და ცოტაოდენი ნერვიულობა. წესით, ეს მომანტი ყველას უნდა გაეტარებინა, მაგრამ აკაცუკებს რას გამოაპარებ? უფრო ისეთები გააქტიურდნენ, „სპორტსმენის“ ნაცვლად „სპორცმენს“ რომ წერენ და სასვენი ნიშნების შესახებ არაფერი იციან. აი, ეს არის გაუნათლებლობაო, ორი წინადადება ვერ ჩაიტანა აშშ-მდეო, ამის „სპორცმენ“ ქმარს ფიგურული სრიალი სპორტი ჰგონია, ეგეც უწიგნურიაო.
„ანალიტიკოსებს“ შორის ყველაზე საღი აზრი მაინც ია ფარულავამ დააფიქსირა, როგორც მან გაგვიმხილა, თურმე სანდო წყარომ გადამოწმებული ინფორმაცია მიაწოდა, რომ თამარ ბაგრატიონის გამოსვლა იმ დღეს არ უნდა ყოფილიყო და როცა გამოაცხადეს, დაიბნა. ეგ კი არა, თუ ფარულავას დავუჯერებთ, საერთოდ არ ყოფილა მისი სიტყვით გამოსვლა დაგეგმილი და ტექსტი სასხვათაშორისოდ, რა იცი, რა ხდება-ს პრინციპით დაუწერია. ყაველაშვილს „უთქმია“ - ქალო, ყოველი შემთხვევისთვის რამე დაწერე, შეიძლება უცებ გამოგაცხადონო. კი დაუწერია თამარ ბაგრატიონს, მაგრამ მაინც არ ელოდა, ნამდვილად თუ გამოაცხადებდნენ. ეს ფარულავას მიერ გადამოწმებული ინფორმაციაა, რომელიც „სანდო წყარომ“ მიაწოდა.
აკაცუკები ძალიან აგრესიულები არიან პირველი ლედის მიმართ, ისინი პირდაპირ აბულინგებენ, შენ თუ ოთხი შვილის დედა ხარ, ჰელენ ხოშტარიაც ოთხი შვილის დედაა, ბიძინა ივანიშვილმა რომ დააპატიმრა, დაგმეო? არა, არ დაგმე და ამიტომაც გაგიმწარებთ სიცოცხლესო. ჰმ... დადიხარ საზღვარგარეთ, რაღაცებს ლაპარაკობ და თავს გვჭრი მსოფლიო მასშტაბითო. ესე იგი, თამარ ბაგრატიონი თავს ჭრის ნაბიჭვრიშვილებს მსოფლიო მასშტაბით. ნაბიჭვრიშვილი გინება არ გეგონოთ, არსებობს ასეთი გვარი საქართველოში და ესენი არიან ნაბიჭვრიშვილები. მართალია, ბევრს გვარი გადაკეთებული აქვს, მაგრამ სისხლს ვერ დამალავ, ჯერ კიდევ ჩვენს წინაპრებს უთქვამთ, მღვდელი ჭილოფში იცნობა, ხოლო ადამიანი „ფეისბუკშიო“. ჰო, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია ია ფარულავას არქივიდან: თურმე თამარ ბაგრატიონს სათვალე სახლში დარჩა, ამიტომაც ჩავარდა უხერხულში და დაიწყო ფაციფუცი, როცა გამოაცხადეს. მოკლედ, ძალიან მნიშვნელოვან და სანდო ინფორმაციას ფლობს ქალბატონი ია. იგი გახლავთ ქალი აბონ ციციაშვილი. თვითონ ამბობს ამას, არაფერს ვიგონებ. ისე, ძალიან მიკვირს, რატომ აწუხებს აწ გარდაცვლილი ადამიანის სულს ასე ხშირად? თუმცა აკაცუკებისთვის ხომ გარდაცვლილი და წასული არაფერს ნიშნავს?
მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ჩვენ, მთელმა საქართველომ ვნახეთ მელანია ტრამპის მიერ გამართული ღონისძიების ვიდეოჩანაწერი, არაფერი კატასტროფული იქ არ მომხდარა, ბაგრატიონიც კარგად გამოვიდა. სჯობდა, ქართულად გამოსულიყო და ეთარგმნათ, მაგრამ არა უშავს, სხვები გაცილებით უარესად გამოიყურებოდნენ. სხვათა შორის, მოგვიანებით ისიც ითქვა, თითქოს პროტოკოლით ამ ღონისძიებაზე მხოლოდ ინგლისურად უნდა ესაუბრათ. არ ვიცი, ეს რამდენად სიმართლეს შეესაბამება, მაგრამ რაც იყო, არც ეგ არის პრობლემა. პრობლემა ჩვენი დამახინჯებული მენტალიტეტი და შეგნებაა - არც ერთ განვითარებულ ქვეყანაში არ დაგცინებენ და, მით უფრო, არ დაგაბულინგებენ, თუკი შენ უცხოელი ხარ, მშობლიური აქცენტი გაქვს, ან სიტყვებს ვერ წარმოთქვამ ზუსტად. მეტიც, როდესაც ბრიტანეთის ელჩი ქართულად ლაპარაკობს და თავისებურად ჯახირობს, ჩვენ ტაშს ვუკრავთ, ვეფერებით და ვამაყობთ. ასევე ვექცევით სხვა უცხოელებს, რომლებიც ჩიქორთული ქართულით გველაპარაკებიან, ხოლო ჩვენსას თუ რამე შეეშალა უცხოეთში, ეგრევე ცეცხლს ვუხსნით და ვმარხავთ. ერთი რამეც არ გამოგვრჩეს: აკაცუკებისთვის ეკა გიგაურის ჩიქორთული ინგლისური მისაღებია, ეკა ბესელიას ინგლისურად ბლუყუნი მისაღებია, თამარ ბაგრატიონის ერთი წაბორძიკება კატასტროფაა. ასეა, ამათ უნდათ, მათი ბამბაც ჩხრიალებდეს, სხვისი კიდევ კაკალიც არა.
სამიტის დასრულების შემდეგ თამარ ბაგრატიონმა კომენტარი გააკეთა, ოღონდ არა იმაზე, რაზეც აკაცუკები და მათი მიმდევრები დაობენ. მისი თქმით, მელანია ტრამპის მიერ გამართული სამიტი დიდი გამოცდილება იყო:
„ორმოცდახუთი ქვეყნის წარმომადგენელი ვიყავით ამ სამიტზე. თემა იყო განსაკუთრებული, გლობალურად საჭირო და მტკივნეული, რომელიც შეეხება ახალი ტექნოლოგიების განვითარებას, მათ ინტეგრაციას განათლებაში. ბევრმა ქვეყანამ გამოთქვა სურვილი, რომ ამ პლატფორმის ფარგლებში, თავიანთ ქვეყნებში ჩაატარონ ღონისძიებები. დავრწმუნდი იმაში, რომ პირადი ურთიერთობები, რაც ჩვენს შორის ჩამოყალიბდა, ძალიან მნიშვნელოვანია“.
ასე გასრულდა კიდევ ერთი სასარგებლო მოვლენა საქართველოსთვის და, ბუნებრივია, ამაზე ე. წ. ოპოზიციამ იტირა. ჯერ იმაზე იტირეს, რომ აშშ-ის პირველმა ლედიმ მიიწვია საქართველოს პირველი ლედი. ამაზე თქვეს, მელანიამ კი არა, საორგანიზაციო ჯგუფმა მიიწვიაო, ანუ კანტორამო. ხედავთ, როგორ წუმპეში ბანაობენ? მერე იმაზე იტირეს, სიტყვა არ უნდა მიეცათ, შეცდომაა, როგორ შეიძლება, არალეგიტიმური პრეზიდენტის არალეგიტიმურ ცოლს სადმე სიტყვა მისცენო. ესენი თავიანთ ილუზიებში ცხოვრობენ და ჰგონიათ, რომ სამშობლოს თავისუფლებისთვის იბრძვიან. რაღა უნდა ვთქვა? ამათი ცოდვა იმ პროვოკატორების კისერზეა, საზღვარგარეთ კაბინეტებში რომ სხედან და ამ იდიოტობებზე ფულს აკეთებენ. იმათი მესმის, ფულს აკეთებენ, მაგრამ ამათ რა? პრინციპში, ერთ ლუკმას ამათაც ხომ უგდებენ? ეგ არი, ფაქტობრივად, ესენიც ხეირობენ. რა ქნან, ყველა ბაგრატიონი ხომ ვერ იქნება? ნაბიჭვრიშვილებსაც ხომ უნდათ არსებობა?
გელა ზედელაშვილი

